ისრაელი

იერუსალიმში აღმოჩენილია პირველი ტაძრის პერიოდის იუდეის სამეფოს უძველესი ბეჭდები

ათეულობით ბეჭედი, რომელთაგან თითოეულზე იუდეის სამეფოს თანამდებობის პირთა სახელებია ამოტვიფრული, ვიდრე ამ სამეფოს ბაბილონი დაიპყრობდა, აღმოჩენილი იქნა იერუსალიმის კედლების სიახლოვეს, დავითის ქალაქის ეროვნულ პარკში.

ეს ბეჭდები თიხისგანაა დამზადებული და ძველ დროში წერილების დასაბეჭდად გამოიყენებოდა. იმ შემთხვევაში, თუ წერილი გატეხილი ბეჭდით მიაღწევდა ადრესატამდე, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ უკვე გახსნა და წაიკითხა იგი. მიუხედავად იმისა, რომ წერილები ვერ გადაურჩა იერუსალიმის დაპყრობისას გაჩენილ ხანძარს, ცეცხლის წყალობით დრომ კარგად შემოგვინახა თიხისგან დამზადებული ბეჭდები და გვიმოწმებს იმის შესახებ, რომ ნამდვილად არსებობდა წერილებიც და მათი დამწერებიც.

ისრაელის სიძველეთა მართვის დირექტორების, ორტალ ჩალაბისა და დოქტორ ჯოუ უზიელის განცხადებით, ეს ბეჭდები გვიმოწმებს პირველი ტაძრის პერიოდში იერუსალიმის ადმინისტრაციის განვითარების შესახებ. ყველაზე ძველ ბეჭდებზე ნახატებია გამოსახული, რადგან მოხელეთა სახელების დაწერის ნაცვლად, გამოიყენებოდა სიმბოლოები, რათა ცხადი ყოფილიყო, ვინ იყო ხელმომწერი, ან რას ბეჭდავდა.

„აღნიშნული პერიოდის ადრეულ ეტაპზე, მეფე ხიზკიას დროიდან მოყოლებული (დაახლოებით, 700 წელი ქრ. შობამდე) იერუსალიმის დანგრევამდე (586 წ. ქრ. შობამდე) ბეჭდებზე ძველი ებრაულით დაწერილია მოხელეთა სახელები. ამ აღმოჩენათა მეშვეობით ჩვენ ვიგებთ არა მხოლოდ ქალაქის განვითარებული ადმინისტრაციული სისტემის შესახებ, არამედ სამოქალაქო სამსახურში მყოფთა ვინაობის შესახებ“.

ზოგიერთ ბეჭედი ბიბლიურ სახელებს გვამცნობს. ერთი ბეჭედი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მასზე მოხსენიებულია კაცი სახელად „აქიაბ ბენ მენაშე“. ორივე სახელი ცნობილია ისრაელის სამეფოს ისტორიიდან. მენაშე გახლდათ ისრაელის მეფე, აქიაბის სახელი ბიბლიაში არ არის ნახსენები, მაგრამ მისი სახელი მოგვაგონებს აქაბის (ახაბის) – ისრაელის უპატიოსნო მეფის – სახელს (3 მეფეთა 17). მიუხედავად იმისა, რომ ცოტაოდენი განსხვავებაა ამ ორ სახელს შორის, ჩანს, რომ ეს ერთი და იგივე სახელია. ამ ბეჭედზე ამოტვიფრული სახელი „აქიაბი„ გვხვდება სეპტუაგინტაში არსებულ იერემია წინასწარმეტყველის წიგნში და ასევე იოსებ ფლავიუსის ნაშრომშიც „იუდეველთა სიძველენი“ (15:7-8).

უკანასკნელ ხანებში გათხრებისას ნაპოვნი სხვადასხვა ბეჭდები, სხვა არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ერთად, პირველად გამოიფინება დავითის ქალაქის კვლევის მე-18 კონფერენციაზე (ყოველწლიური არქეოლოგიური კონფერენცია), რომელიც გაიმართება 7 სექტემბერს დავითის ქალაქის ეროვნულ პარკში მეგალიმის ინსტიტუტის ეგიდით.

წყარო: