ნავიგაცია
ახალი ამბები

საფრანგეთი: მოსწავლეთათვის ბიბლიის კითხვის გამო მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონში არსებული დაწყებითი სკოლის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს მშობლების ბრალდების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ის თავის მოსწავლეებს ბიბლიიდან მუხლებს უკითხავდა.

ორმოცი წლის მასწავლებელი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პატარა ქალაქ მალიკორნეს დაწყებით სკოლაში. ცოტა ხნის წინ მშობლების ჯგუფმა იჩივლა იმის შესახებ, რომ მასწავლებელი ბიბლიიდან ციტატებს უკითხავდა 9-11 წლის ასაკის ბავშვებს. მშობლებმა ერთობლივი საჩივარი შეადგინეს, ხოლო სკოლის დირექტორმა სამსახურეობრივი გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა. მასწავლებლის სახელი და ის, თუ, სახელდობრ, რის ციტირებას ახდენდა ის ბიბლიდან, პრესაში არ ვრცელდება.

მშობლებმა მასწავლებელი დაადანაშაულეს პროზელიტიზმში და ამტკიცებდნენ, რომ ის მოსწავლეებს თავს ახვევდა საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს. დირექტორმა მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლა ანტიკლერიკალიზმის კანონის დარღვევის გამო, რომელიც მოითხოვს რელიგიისა და განათლების მკაფიო გამიჯვნას.

სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ სამსახურეობრივი გამოძიების შედეგები მარტის შუა რიცხვებისათვის გახდება ცნობილი.

ამავდროულად, ქალაქის მერმა ჟან-პოლ ბალერუმ აღნიშნა, რომ ხსენებულ მასწავლებელს დიდად აფასებენ თავად მოსწავლეები და მშობლები. სამსახურიდან მის გათავისუფლებას მერმა ‘მეტისმეტად მკაცრი სასჯელი უწოდა’.

წყარო: http://www.christiantoday.com/
https://www.francebleu.fr/