ნავიგაცია
ახალი ამბები

ჩინეთში პირველად წარმოადგენენ ქრისტიანულ მიუზიკლს საახალწლო დღესასწაულებისას

ახლოვდება ჩინური ახალი წელი და ეს ქვეყანა პირველად აპირებს, რომ ტრადიციულ ახალ წელს ახლებურად შეხვდეს. მთელ ქვეყანაში ტარდება მიუზიკლი რუთის შესახებ ბიბლიური ისტორიის სიუჟეტით. ახალ პიესაში სახარება წარმოდგენილია ჩინეთში აქამდე არნახული სახით. ამრიგად, ქრისტიანი მსახიობები იმედოვნებენ, რომ თავიანთი შემოქმედებით შეძლებენ ურწმუნო ადამიანებისთვის ქრისტეს უწყების ხარებას.

ეს სპექტაკლი მანამდე არასოდეს უნახავთ ჩინეთში. ჩინური საახალწლო დღესასწაულების განმავლობაში თეატრის მოყვარულებს ექნებათ შესაძლებლობა იხილონ რუთის შესახებ ბიბლიური ისტორია ქვეყნის სხვადასხვა ადგილას აღმართულ სცენებზე. ბევრს არც კი სმენია ამ სიუჟეტის შესახებ, რომელიც მოგვითხრობს რუთისა და მისი დედამთილის, ნაყომის, მოსიყვარულე ურთიერთობის შესახებ.

თეატრალური დადგმის ავტორები იმედოვნებენ, რომ პიესა დადებით გავლენას მოახდენს ოჯახურ ურთიერთობებზე. თანამედროვე ჩინელ ახალგაზრდა წყვილებს ხშირად ექმნებათ სირთულეები მეუღლეების ოჯახის წევრებთან. კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო სათანადო მითითებათა კი გარეშე ოჯახები ინგრევა.

„ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დედამთილის გულის მოგება. არ მინდა, ჩემი ქმარი ფიქრობდეს, რომ დედამისს არ მოვწონვარ“, ამბობს ერთ-ერთი მაყურებელი.

ოჯახური უთანხმოებანი ჩინეთში ოჯახების დანგრევის პროცენტული მაჩვენებლის ზრდის ძირითადი მიზეზია. სახელმწიფო მასმედიის განცხადებით, 2016 წელს ჩინეთში, დაახლოებით, 4 მლნ წყვილი განქორწინდა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 5,5%-ით მეტია.

„ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამდი მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ის, თუ როგორ უნდა წარმოგვეჩინა ეს ქრისტიანული ისტორია. მე ვიცოდი, რომ ჩინეთში ბევრ უბედურ ოჯახს სჭირდებოდა ამ ისტორიის შესახებ გაგება. ოჯახური კონფლიქტები ჩინეთში ახლა ისე ხშირია, როგორც არასდროს. შესაძლოა, ეს დანგრეულ ურთიერთობათა აღდგენის შანსი იყოს. ვლოცულობ, რომ სულიწმიდამ სასწაულები მოახდინოს“, გვიზიარებს სპექტაკლის რეჟისორი, იუან ლანი.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ მოწვეული ჰყავდათ ისტორიკოსები ისრაელიდან, რომლებიც დაეხმარნენ დეკორაციებისა და მუსიკის შერჩევაში. სპექტაკლში თამაშობენ პროფესიონალი მსახიობები, რაც ახალი ხანის დასაწყისია ჩინეთის ქრისტიანული თეატრის ისტორიაში. რეპეტიციების დროს ერთ-ერთმა მსახიობმა აღიარა, რომ არასდროს სმენია არც რუთის ისტორიისა და არც ძველი აღთქმის შესახებ. ზოგიერთი მათგანის თქმით, მათზე ძლიერად იმოქმედა ამ ისტორიის სიუჟეტმა, ერთ-ერთი მსახიობი კი ქრისტიანულ რწმენაზე მოექცა.

„რეპეტიციების დროს ბოლომდე არ მესმოდა ღმერთთან რუთის ურთიერთობის შესახებ, სანამ თავად არ გავხდი ქრისტიანი“, ჰყვება მსახიობი ქალბატონი, შაო ვეი.

ქრისტიან მსახიობებს მხოლოდ დადებითი რეცენზიების მოპოვება როდი სურთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ ისინი ლოცულობენ, რომ ჩინეთის აუდიტორიას გაუჩნდეს სწრაფვა სხვა ბიბლიურ ჭეშმარიტებათა შეცნობისაკენ.

წყარო: http://316news.org