ნავიგაცია
ახალი ამბები
ჯაკარტის ყოფილი გუბერნატორი ღვთის გმობისთვის დააპატიმრეს

ჯაკარტის ყოფილი გუბერნატორი ღვთის გმობისთვის დააპატიმრეს

ჯაკარტის ყოფილ გუბერნატორს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ბასუკი პურნამას პატიმრობა მუსლიმანების გრძნობების შეურაცხყოფისთვის მიუსაჯეს.

„პურნამამ მკრეხელობის აქტი ჩაიდინა და კანონის მიხედვით, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა“, – განაცხადა მთავარმა მოსამართლემ, ბუდი სანტიატრომ.

პურნამა ეთნიკური ჩინელი ქრისტიანია. აჰოკის სახელით ცნობილი პურნამა ჯაკარტის გუბერნატორი 2014 წელს გახდა. ის პირველი არამუსლიმანი გუბერნატორი და ამ თანამდებობაზე ეთნიკური უმცირესობის პირველი წარმომადგენელი გახლდათ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მისი გამონათქვამები მუსლიმანებმა მკრეხელობად შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ აჰოკის წინააღმდეგ ინდონეზიაში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც აჰოკი ამბობს, რომ არავინ უნდა მოახდინოს ყურანის აიაებით მანიპულირება პოლიტიკური მიზნებისათვის, ბუნი იანიმ (ფეისბუკის მომხმარებელმა, უნივერსიტეტის ლექტორმა) გადააკეთა იმის საჩვენებლად, თითქოს გუბერნატორი ისლამის წმინდა წიგნის ერთ-ერთ აიას ეჭვქვეშ აყენებდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ პურნამას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებში პროტესტი გამოიწვია. სასამართლოს შენობასთან შეკრებილნი იყვნენ რადიკალი ისლამისტები, რომლებიც ექს-გუბერნატორისთვის სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოტანას ითხოვდნენ(ინდონეზიის კანონი ღვთის გმობისათვის, მაქსიმუმ, ხუთწლიან სასჯელს ითვალისწინებს). მომხრეების თქმით კი სასამართლომ ძალიან მკაცრი განაჩენი დაადგინა.

ორივე ჯგუფის წარმომადგენლები სასამართლოს წინ შეიკრიბნენ, რის გამოც შენობის დაცვა 15 000 სამართალდამცველს მოუწია.

იხ. ვიდეო:  https://www.youtube.com/watch?v=Byu2o4ihTvM