საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ

TDI-მ  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების მიმართვა გაავრცელა კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

2 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, ვენეციის კომისიას, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპეციალურ მომხსენებელს რელიგიის საკითხებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და  ევროპულ კომისიას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI).

მიმართვის  ავტორები აფასებენ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს.

„მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უფლებრივი თვალსაზრისით, რელიგიის თავისუფლება, დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. წლების განმავლობაში, სახელმწიფო  არ რეაგირებს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებებზე; სკოლებში უმეტესად არ არის დაცული კანონით განსაზღვრული სეკულარობის პრინციპი[17]; სახელმწიფო არ ავლენს მზაობას რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის; პრაქტიკაში, რელიგიურ გაერთიანებებს ხშირად არ ეძლევათ საშუალება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობით ისარგებლონ და ააგონ საკულტო ნაგებობები[18]; საქართველოს კანონმდებლობა რელიგიური გაერთიანებებისთვის უთანასწორო წესებს ავრცელებს გადასახადებისა და ქონების განკარგვის ნაწილში და ა.შ.” – ნათქვამია მიმართვაში.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას საქართველოში და წარმოშობს უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს.

კერძოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები ზედმეტად გააფართოვდა. მათ შორის, იმაზე მეტად, ვიდრე ამას ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი ითვალისწინებს.

პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება, რელიგიის თავისუფლებაში ზოგადი საფუძვლებით უხეში ჩარევის  რისკებს წარმოშობს ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის.

ნეგატიურად არის შეფასებული კონსტიტუციური პროექტის მე-8 მუხლიც, რომლის მიხედვითაც,  რწმენის თავისუფლება ცალკეულ სიკეთედ აღარ არის განხილული და წარმოდგენილია მართლმადიდებელი ეკლესიის როლთან ერთობლიობაში.

„ბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ  ვეტო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც რელიგიის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ  სტანდარტებს აუარესებს.” – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის სრული ტექსტი

წყარო: