ნავიგაცია
ახალი ამბები

ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ სამცხე-ჯავახეთში

2017 წლის 11 მარტს, ახალციხეში ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. კონკურსს უძღვებოდა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.

2008 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, მოამზადა და გამოსცა წიგნები „რელიგიები საქართველოში“ და „ეთნოსები საქართველოში“. პუბლიკაციებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა. ვიქტორინა სწორედ ამ წიგნებში ასახულ მასალებს ეფუძნება და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. უკვე ტრადიციად ქცეული ვიქტორინის მიზანია სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

„დღევანდელი ვიქტორინა გამორჩეულია, რადგან პირველად გაიმართა ახალციხეში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიქტორინაში მონაწილეობას პირველად იღებენ ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები. მათ ძალიან კარგად იასპარეზეს და ურთულესი მასალა ქართულ ენაზე შესანიშნავად დაძლიეს,“ განაცხადა სახალხო დამცელთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კონკურსის შეჯამებისას.

ღონისძიება ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.

ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ სამცხე-ჯავახეთში 2017 წლის 11 მარტს, ახალციხეში ჩატარდა.

წყარო: http://tolerantoba.ge/