მაიკ პენსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

0

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს ახალი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია საქართველოში. მაიკ პენსი თბილისში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.

ის თბილისში 31 ივლისს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად  ესტონეთიდან ჩამოვიდა და 1 აგვისტოს მონტენეგროში გაემგზავრა.

მაიკ პენსს პერმიერი, გიორგი კვირიკაშილი, მეუღლესთან ერთად დახვდა. აეროპორტში შეერთებული შტატების ელჩი, იან კელიც, იმყოფებოდა.

“პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ. თქვენ გვერდით ვდგავართ. ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას, ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ… უკეთესი ურთიერთობა გვსურს რუსეთთან, მაგრამ ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, საწინააღმდეგოს მეტყველებს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს, გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები,” – განაცხადა მაიკ პენსმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, ასევე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

ევროპის მოედანი სიმბოლურად საქართველოსა და შეერთებული შტატების დროშების ფერებში განათდა. საზეიმოდ იყო განათებული მეტეხის ხიდი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე სატელევიზიო ანძა ფუნიკულიორზე. მაიკ პენსის საპატივსაცემოდ პუშკინის სახელობის სკვერში კონცერტიც გაიმართა.