ნავიგაცია
ახალი ამბები

მარნეულში TDI რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს შეხვდა

10 მარტს, TDI-ის ორგანიზებით, ქალაქ მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაიმართა შეხვედრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებთან.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო TDI-ის მიერ, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები რელიგიური ლიდერების მონაწილეობით.

მომხსენებლები იყვნენ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელი ლელა ხონელიძე, TDI-ის იურისტი გვანცა ლომაია და TDI-ის დირექტორი ეკა ჭითანავა.

მომხსენებლებმა ისაუბრეს რელიგიაში ქალის როლზე, მათ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე, რომელთა საშუალებითაც ქალებს შეუძლიათ საქართველოში საკუთარი უფლებები დაიცვან.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ადრეულ ქორწინებასთან, ქალებისთვის მემკვიდრეობის მიღებასა და შვილების მეურვეობასთან დაკავშირებული პრობლემები.

შეხვედრის ორგანიზებისთვის TDI განსაკუთრებულ მადლობას უხდის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირის“ ხელმძღვანელს, ლეილა მამედოვას.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტით და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

წყარო: TDI