ნავიგაცია
ახალი ამბები
რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები სახელმწიფო, საგანმანათლებლო და მედიაორგანიზაციებისადმი

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები სახელმწიფო, საგანმანათლებლო და მედიაორგანიზაციებისადმი

2017 წლის 15 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დოკუმენტში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია ამ გამოწვევის გადაჭრის გზები. მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული ნორმების ცვლილების აუცილებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ეფექტურად იქნას გამოძიებული რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები; აღმოიფხვრას არათანაბარი ან დისკრიმინაციული მოპყრობა, რელიგიური უმცირესობებისათვის საკულტო ნაგებობაზე მშენებლობის უფლების გაცემის არასათანადო პრაქტიკა, ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები, უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა და სხვა.

რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციებით მიმართა მედიასაც, რითიც რელიგიური მრავალფეროვნების სრულფასოვანი ასახვისა და ქსენოფობური გაშუქების თავიდან აცილების მიზნით, საკითხებისადმი მეტი მგრძნობელობის, კვალიფიკაციისა და ინტერესის გამოხატვისკენ მოუწოდა.

ღონისძიების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევები ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა.

რეკომენდაციები წარადგინეს ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ ღავთაძემ, ასევე, რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა: სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა გიორგი ცხომელიძემ, მუსლიმთა კავშირის თავჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ და ადვენტისტური ეკლესიის ხუცესმა ბორის ჭარაიამ.

 

წყარო