ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა – “მცირე ნაბიჯებით სვლის ხელოვნება”

531

ცნობილი ნაწარმოების, “პატარა უფლისწულის”, ავტორის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა, რომელიც მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში დაიწერა.
ლოცვა:

უფალო, მე არ ვლოცულობ სასწაულთა ან ხილვათა მოვლინებისთვის, მხოლოდ იმას გთხოვ, რომ მომცე ძალა, გავლიო ჩემი დღენი.

მასწავლე მცირე ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.

მომანიჭე ჭკუა და საზრიანობა, რათა ბევრი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინო და გამოვცადო დღეთა მრავალფეროვნებაში.

დამეხმარე, რომ ჩემი დრო უკეთ გამოვიყენო.

მომანიჭე ალღო იმისათვის, რომ გავარჩიო მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან.

ვლოცულობ იმისათვის, რომ მქონდეს ძალა თავშეკავებისა და ზომიერებისათვის, რომ არა უბრალოდ ვიცხოვრო, არამედ გონივრულად წარვმართო თითოეული დღე, განვიცადო მოულოდნელი სიამენი, აღმასვლა და ხანდახან მაინც შევძლო ხელოვნებით ტკბობა.

დამეხმარე, გავიგო ის, რომ ოცნებები ვერ შემეშველება. ვერც წარსულში დარჩენილი და ვერც მომავლის ოცნებები.

დამეხმარე, რომ აქ და ახლავე ვიცხოვრო და აღვიქვა ეს წამები ყველაზე მნიშვნელოვან წამებად.

დამეხმარე, რომ გულუბრყვილოდ არ მჯეროდეს იმის, თითქოსდა ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება ცხოვრებაში.

მომანიჭე საღი აზრი, რათა გავაცნობიერო, რომ ყოველ სირთულეს, მარცხს, წარუმატებლობასა თუ უკან დახევას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გვახვედრებს გზად ცხოვრება, რომ გავიზარდოთ და მოწიფულნი გავხდეთ.

შემახსენე, რომ გული ხშირად ეწინააღმდეგება გონებას.

სათანადო დროს სათანადო ადამიანი გამომიგზავნე, რომელსაც ეყოფა გამბედაობა და სიყვარულით მეტყვის სიმართლეს!

ვიცი, რომ ბევრი პრობლემა თავისით მოგვარდება და ამიტომ, გთხოვ, მასწავლე მოთმინება.

შენ იცი, როგორ გვჭირდება მეგობრობა. გამხადე ღირსი ყველაზე მშვენიერი, ყველაზე რთულად შესანარჩუნებელი, ყველაზე რისკიანი და ყველაზე სათუთი ცხოვრების საჩუქრისა, რომელსაც მეგობრობა ჰქვია.

შემძინე წარმოსახვის უნარი, რათა შევძლო, დუმილითა თუ სიტყვებით, ერთი წვეთი სითბო მაინც გავუნაწილო მას, ვისაც ეს ძალიან სჭირდება და მაშინ, როცა სჭირდება.

მაქციე ისეთ ადამიანად, რომელმაც იცის, როგორ გაუწოდოს ხელი დაცემულთ!

დამიცავი, რათა არ მქონდეს იმის შიში, რომ ცხოვრებაში რაღაც გვერდით ჩამივლის და მე ვერ გავხდები ამ რაღაცის მონაწილე.

იმას კი ნუ მომცემ, რაც მე მსურს, არამედ ის მომეცი, რაც საჭიროა ჩემთვის.

მასწავლე მცირე ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...