“ექსტრემალური ღვთისმსახურება” – სიგიჟე

128

გიჟებისათვის განკუთვნილი ხალათი წამება იყო ანა ჩერტიკოვასათვის. სძულდა დამალული და სხეულთან მაგრად მიკრული ხელები. თანმხლებლებისათვის იგი სხვა არაფერი იყო, თუ არა ცხოველი, არანაირი ყურადღების ღირსი. ანამ ათი წელი გაატარა რუსულ საგიჟეთში. თუმცა გონებრივად სრულიად ჯანსაღი გახლდათ. მოსამართლემ იქ იმიტომ გაგზავნა, რომ ქრისტიანი იყო. და რადგანაც უარი არ თქვა ქრისტეზე, მოსამართლემ ის შეურაცხადად ჩათვალა.

ფსიქიკურად არაჯანმრთელი ადამიანების გარემოცვაში, ხანდახან ანას ეჭვი ეპარებოდა საკუთარ ჯანმრთელობაში. მთელი ღამეები ანა ღმერთს შეჰღაღადებდა გონებაში, თუმცა მის გარშემო მყოფთაგან ზოგიერთები ხმამაღლა ტიროდნენ სიბრაზისა და შიშისაგან. მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს გამწარებულა. როგორც სასამართლოში, ისე დავრდომილთა თავშესაფარში არ უთქვამს რწმენაზე უარი. ანა ეცადა, რწმენა გაეზიარებინა და ქრისტეს სიყვარული ეჩვენებინა ავადმყოფთათვის, რომელთაც რამის გაგება შეეძლოთ. „მოგესალმებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულით,“ – წერდა ანა დავრდომილთა თავშესაფრიდან. „მე ვიცი, რომ ღმერთი გარდაგვქმნის სრულყოფილად და ის იზრუნებს ყველა ჩვენს სადარდებელზე. მე მჯერა, რომ ღმერთი, რომელმაც შექმნა ყველა ადამიანის გული და ვინც განიკითხავს ყოველი მოკვდავის საქმეს, ათეიზმის კერპთაყვანისმცემლობასაც განსჯის და სასამართლოს სამართლიანად წარმართავს.“

ხანდახან შეიძლება ქრისტიანები ფსიქიკურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რაც მათ მოთმინებასა და ხასიათს ამჟღავნებს. რთული ცხოვრება. პოლიციის თანამშრომლის დაკითხვები. დაუმორჩილებელი შვილი. შეგვიძლია თუ არა, შევინარჩუნოთ ღვთის რწმენა, მიუხედავად რთული მდგომარეობისა? ამის გაკეთებას შევძლებთ, თუ გვეცოდინება კმაყოფილების საიდუმლო. ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენი შინაგანი კმაყოფილების განცდა უნდა წაგვიძღვეს რთულ მდგომარეობაში. ჩვენი დამოკიდებულება იღებს განკურნებას ღვთისაგან და არა ჩვენი მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის წინაშე ვდგებით – გავხდეთ ისეთები, როგორიც ჩვენი მდგომარეობაა. აიღეთ ანას მაგალითი. სთხოვეთ ღმერთს, დაგეხმაროთ იმ მდგომარეობით კმაყოფილების განცდაში, რომელშიც დღეს იმყოფებით.

ჩატვირთვა...