“ექსტრემალური ღვთისმსახურება” – ჭრილობები

109

სხვის ნათქვამს მოჰკრა ყური. თომამ სხვა მოციქულებისაგან გაიგო, რომ უფალი ცოცხალია; ყოველ შემთხვევაში, მათ ასე თქვეს. „როცა მის ხელებს დავინახავ და მის ნალურმევში თითს ჩავყოფ და მის რომაული მახვილით განგმირულ ფერდში – ჩემს ხელებს, მერე დავიჯერებ, რომ აღმდგარა,“ – თქვა თომამ.

თომას სასწაული არ უნდოდა. ეს არ იყო უდიდესი ნიშანი ან საოცრება. მას უბრალოდ ქრისტეს სხეულის ჭრილობების, მისი ტანჯვის სიმბოლოს დანახვა უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ იესომ სიკვდილი დაამარცხა და განდიდებულ სხეულში ცხოვრობდა, მაინც ჰქონდა ნაჭრილობევი – გადახდილი საზღაურის მოსაგონებელი ნიშანი. რვა დღის შემდეგ იესო კვლავ გამოჩნდა. რა სულელად იგრძნობდა თომა თავს, როცა უფლის პირისპირ წარდგა. რა სულელურად მოეჩვენებოდა მოწაფეების მიერ შეხსენებული საკუთარი განცხადება. მიუხედავად ამისა, იესომ მკაცრად არ უსაყვედურა; თომას თვალებში ჩახედა; ხელები გაუწოდა; უთხრა, მის ნაიარევს შეხებოდა და ერწმუნა.

ქრისტეს ჭრილობები მის ტანჯულ სხეულს გვახსენებს აღდგომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი დაამარცხა, დედამიწაზე მაინც გაიარა ტანჯვა. იგი შეიძლება გავაიგივოთ მსოფლიოში მცხოვრებ იმ ადამიანებთან, რომლებიც ქრისტეს რწმენის გამო ნაიარევს ატარებენ.

ჭრილობები ჩვენი მასწავლებლები არიან – მტკივნეული გაკვეთილების ცოცხალი შეხსენებანი. ჭრილობები არასასიამოვნო დასანახია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვები ამჩნევენ მას. რატომღაც, დევნისას მიყენებული ჭრილობების შესახებ ხშირად არ საუბრობს ეკლესია. არ მოგვწონს ამაზე საუბარი. როგორც არ უნდა მიგვაჩნდეს, მისი მიზანია – გვასწავლოს. დევნა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვთის დიდებულ გეგმებში, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს და უპასუხოს სახარებას. იესო სახალხოდ ატარებდა იარებს. სწავლების მიზნით მოუწოდა თომას, შეხებოდა მის ჭრილობებს. მისი ჭრილობები ჩვენი მასწავლებლები არიან და შეგვახსენებენ ჩვენი გამოსყიდვისთვის გადახდილი საზღაურის შესახებ. დევნილი ეკლესიის მიერ გადახდილი საფასურის შესახებ სწავლა კი არ უნდა უარვყოთ, არამედ უნდა გავაგრძელოთ.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...