„ექსტრემალური ღვთისმსახურება“ − ღიმილი

90

„ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?“ (რომაელთა 8:35)

ღამდებოდა, საბჭოთა ოფიცერი უკვე რამდენიმე საათია აწამებდა პაულუსს. „ამის შემდეგ აღარ გაწამებთ,“ – თქვა და გაიღიმა ქრისტიანის შემოხედვისას. „ციმბირში გიკრავთ თავს, სადაც თოვლი არასოდეს დნება. იქ ტანჯვისათვის კარგი ადგილია. შენ და შენი ოჯახი კარგად მოერგებით იქაურობას.“

პაულუსმა, ნაცვლად იმისა, რომ სასოწარკვეთას მისცემოდა, გაიღიმა: „მთელი დედამიწა მამაჩემს ეკუთვნის, კაპიტანო; სადაც არ უნდა გამგზავნოთ, ყველგან მამაჩემის მიწაზე ვიქნები.“

კაპიტანმა მკაცრად შეხედა. „ყველაფერს ჩამოგართმევ.“

„მაღალი კიბე დაგჭირდებათ, კაპიტანო, რადგან ჩემი სიმდიდრე ზეცაშია დაგროვილი“, – ლამაზი ღიმილით თქვა პაულუსმა.

„თვალებში გესვრით“, – დაიყვირა გაბრაზებულმა კაპიტანმა.

„თუ ამქვეყნიურ სიცოცხლეს წამართმევთ, ჩემი ნამდვილი, სიხარულითა და სილამაზით სავსე ცხოვრება დაიწყება“, – უპასუხა პაულუსმა. „სიკვდილის არ მეშინია.“

კაპიტანმა პაულუსს პატიმრის დახეულ ხალათში სტაცა ხელი და დაუღრიალა: „არ მოგკლავთ! საკანში ჩაგკეტავთ და არავის შემოვუშვებთ შენ სანახავად!“

„თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, კაპიტანო“, – კვლავ ღიმილით თქვა პაულუსმა. „მე მყავს მეგობარი, რომელსაც დაკეტილ კარსა და რკინის გისოსებში შემოსვლა შეუძლია. არავის ძალუძს ჩემი ჩამოშორება ქრისტეს სიყვარულისაგან.“

მიუხედავად იმისა, რომ მომავალი სავსეა მოულოდნელობებით, ერთ რამეში შეგვიძლია მტკიცედ ვიყოთ დარწმუნებულნი: განსაცდელში ჩვენთან ერთად იქნება ქრისტე. მნიშვნელობა არ აქვს, პიროვნული განსაცდელის გადატანა გვიწევს თუ საზოგადოებრივის, არასოდეს ვიქნებით მარტო. შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გაგვიცრუოს იმედი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში. ცხოვრებაში იქნება მომენტები, როცა ახლობლებს ჩვენთან ერთად ღრმა წყალში სიარული აღარ შეეძლებათ და ბუნდოვანი წარმოდგენა ექნებათ ჩვენზე. ამ დროს მხოლოდ იესოს ძალუძს „რკინის გისოსებს“ მიღმა შეღწევა, ტანჯვის დროს ჩვენს გულში შემოსვლა და ჩვენს სიძნელეთა გაზიარება, თუმცა, შეიძლება არ ინებოს განსაცდელიდან ჩვენი გათავისუფლება, მაგრამ იგი ნამდვილად იქნება ჩვენთან ერთად. გაიღიმე, რადგან იცი, რომ გყავს მეგობარი, რომელსაც ვერასოდეს დაგაშორებენ.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...