„ექსტრემალური ღვთისმსახურება“ – სიკეთე

115

ბარტო შიმშილის პირას იყო. კომუნისტური პარტიის ყოფილი ოფიციალური პირი და ადვოკატი, ახლა იმავე პარტიის მიერ უარყოფილი.

მას რუმინეთის ციხის კოლონიაში უკრეს თავი. ერთ დროს სავსე მუცელი ახლა შიმშილით უხმებოდა და ფიქრობდა, ნეტავ კიდევ რამდენ ხანს გაუძლებდა.

ბარტოს ავადმყოფური სახის შემხედვარე, მასთან ერთი თანაპატიმარი მივიდა და საკუთარი ულუფა შესთავაზა.

„გმადლობთ, მეგობარო,“ – უთხრა მან პატიმარს და მის შემოთავაზებულ საჭმელს მიეძალა.

„რამდენ ხანს იქნები აქ?“ – ჰკითხა ბარტომ.

„20 წელი,“ – უპასუხა პატიმარმა.

„რა დანაშაული ჩაიდინე?“

„პოლიციის მიერ დევნილი ხუცესისათვის საკვების მიცემის გამო გამასამართლეს,“– განაცხადა კაცმა მშვიდად.

ბარტომ შენიშნა, რომ ამ კაცის ხმას თან არ ახლდა სიმწარე, როგორც ბარტოს სხვა უამრავი ადამიანისაგან სმენია.

„ვინ გამოგიტანა ასეთი მძიმე სასჯელი კარგი საქმისათვის?“ – იკითხა ბარტომ.

პატიმარმა მორიდებით უპასუხა: „ბატონო, თქვენ იყავით პროკურორი ჩემს სასამართლოზე. ახლა თქვენ ვერ მცნობთ, მაგრამ მე მახსოვხართ.“ კაცმა გააგრძელა: „მე ქრისტიანი ვარ, ქრისტემ გვასწავლა ბოროტის წილ კეთილის მიგება. მაშინ ვინატრე, როგორმე გაგეგოთ, რომ მშიერისათვის საკვების მიწოდება კარგი საქმეა – შენი მტრისათვისაც კი. ახლა შემიძლია ეს დაგანახოთ.“

ბარტომ იმ დღიდან დაინახა, რომ მისი სულიერი საჭიროება ფიზიკურს აღემატებოდა. სიკეთე არის ჩვენი მტრის გულისაკენ მიმავალი გზა, რამაც შესაძლოა სასიკეთო შედეგი მოუტანოს სულს. ღმერთი სიკეთის სტრატეგიას იყენებს ჩვენთან მიმართებაში. იმის ნაცვლად, რასაც მისადმი ჩადენილ შეცოდებებზე ვიმსახურებთ, სიკეთით გვპასუხობს. მისი სიკეთე არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ წინაშე სცოდავს. სიკეთე იპყრობს მათ ყურადღებას, ეს მათთვის ისეთივე მოულოდნელია, როგორც დაუმსახურებელი. მტრის მიმართ გამოვლენილმა სიკეთემ და თანაგრძნობამ შესაძლოა ისე გამოაღვიძოს სულიერი შიმშილი, როგორც ბარტოს შემთხვევაში. მიუხედავად მათი პასუხისა, ჩვენ უნდა მივყვეთ ჩვენი უფლის მაგალითს მტრებთან ურთიერთობაში. ვის სჭირდება დღეს შენი სიკეთე?

ჩატვირთვა...