თავი მეორე: ქალი თუ ბავშვი?

0

ქალი თუ ბავშვი?

მე და ჩემმა მეუღლემ 1981 წელს ჩვენი სახლის კარი ერთ ფეხმძიმე მოზარდ გოგონას გავუღეთ და შევიფარეთ. იმ დროს ვმსახურობდი ფეხმძიმეთათვის გახსნილ ერთ-ერთ ცენტრში, სადაც დახმარებას ვთავაზობდით გასაჭირში მყოფ, დაბნეულ და სასოწარკვეთილ ფეხმძიმე ქალებს. ვცდილობდით, ყოველმხრივ დავხმარებოდით მათ. საუკეთესი დახმარება კი ის გახლდათ, რომ მათთვის აბორტის ნაცვლად სხვა ალტერნატივა შეგვეთავაზებინა.

მოძრაობა, რომლის შესახებაც შეიძლება არაფერი იცოდეთ

უამრავი მითი უკავშირდება აბორტის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას. ზოგი ამბობს, რომ ჩვენ, აბორტის მოწინააღმდეგენი არც ფეხმძიმე ქალებზე და არც დაბადებულ ბავშვებზე არ ვზრუნავთ.

ერთხელ, აბორტის წინააღმდეგ გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე რეპორტიორი მომიახლოვდა და მკითხა, რას ვფიქრობდი ზემოხსენებული ბრალდების შესახებ. მე ვუპასუხე: „მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი სახლის კარი გავუღეთ მოზარდ ფეხმძიმე გოგონას და მის ყველა გადასახადს ვიხდიდით, სანამ ჩვენთან ცხოვრობდა. მის ყველა საჭიროებას უზრუნველვყოფდით მანამ, სანამ თავის ბავშვს გააშვილებდა. ჩვენ საკუთარი შემოსავლით ვეხმარებით ღარიბ ქალებსა და ბავშვებს“.

შემდეგ კი ამ რეპორტიორს წარვუდგინე იქვე ახლოს მდგარი ჩემი მეგობარი ხუცესი და მისი მეუღლე, რომლებსაც 19 ბავშვი ჰყავდათ შვილად აყვანილი. ამ ბავშვებიდან ზოგი დაუნის სინდრომის, ზოგიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო. რეპორტიორმა ოპერატორს ანიშნა, შეეწყვიტა გადაღება და უარი თქვა ამ ხუცესთან ინტერვიუს ჩაწერაზე.

ფაქტი ის არის, რომ აშშ-სა და მსოფლიოში არსებული ათასობით აბორტის მოწინააღმდეგე და სიცოცხლის დამცველი ორგანიზაცია უზრუნველყოფს ქალებისათვის უფასო ფეხმძიმობის გამოსავლენი ტესტებით, ექოსკოპიით, კონსულტაციით, ბავშვთა მოვლის შესახებ გაკვეთილებით, ფინანსური მენეჯმენტის ლექციებით, ძიძებით, საფენებით, ბავშვის სამოსითა და თავშესაფრით. ამას დაუმატეთ ათასობით ეკლესიის თანადგომა, რომლებიც ფულით, საკვებით და მრავალი სხვა გზით ეხმარებიან ფეხმძიმე ქალებს, მარტოხელა დედებს და მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებს. უამრავ აბორტის მოწინააღმდეგე ოჯახს შვილად აჰყავს უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები, საკუთარი სახლის კარს უღებენ გასაჭირში მყოფ ქალებსა და ბავშვებს და ახალშობილთა მოვლაში ნებაყოფლობით მონაწილეობენ.

ისინი, ვინც ქალებს აბორტის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, აბორტის სანაცვლოდ ფულს ითხოვენ, ხოლო ისინი, ვინც სიცოცხლის ალტერნატივას ჰპირდებიან ფეხმძიმე ქალებს, უსასყიდლოდ სთავაზობენ მათ დახმარებას და სიყვარულით უწევენ თანადგომას. ამასთან ისინი საკუთარ ვინაობას არც ახმაურებენ. ეს ადამიანები ეხმარებიან ბავშვებსაც და მათ დედებსაც და ეხმარებიან არა მხოლოდ ბავშვის დაბადებამდე, არამედ მისი დაბადების შემდეგაც.

ჩვენი ნაციონალური შიზოფრენია

ამერიკელთა ორ მესამედს სჯერა, რომ აბორტი „მორალურად მცდარი“ ქმედებაა. სიცოცხლის დამცველები მიიჩნევენ, რომ საკამათო აღარ არის ის, რომ დაუბადებელი ბავშვი ადამიანია და რომ აბორტს გამართლება არ აქვს. გარდა ამისა, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ქალებისათვის იმის ჩვენება, რომ აბორტი გამოსავალი და საუკეთესო არჩევანი არ არის.

თანაგრძნობით ვამბობ, რომ ქალებს, რომელთაც არ უნდათ არასასურველი ბავშვის ამქვეყნად მოვლინება, უნდა ვეხმარებოდეთ იმის დანახვაში, რომ აბორტი არ იქნება გამოსავალი მათთვის, არამედ, პირიქით, ზიანს მოუტანს. ბევრ ქალს მიაჩნია, რომ აბორტი ბოროტებაა, რომ უკეთესი არჩევანია ბავშვის გაჩენა და აღზრდა ან გაშვილება.

ჩვენ უნდა დავანახოთ ქალებს, რომ აბორტი უცოდველი არსების მკვლელობაა და ამ ქმედებას შორს მიმავალი უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლია ქალის ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ბევრი, ვინც ფიქრობს, რომ აბორტი მორალურად მცდარია, არჩევანის შემთხვევაში ირჩევს აბორტს და აცხადებს, რომ ეს ლეგიტიმურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სინამდვილეში არ სჯერათ იმის, რომ დაუბადებელი ბავშვი ადამიანია ისევე, როგორც სამი წლის ბავშვია ადამიანი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ არ სჯერათ აბორტი ისეთვე მკვლელობაა, როგორც სამი წლის ბავშვისათვის სიცოცხლის წართმევა.

გამოკითხვები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები, რომლებსაც აბორტი მცდარ ქმედებად მიაჩნიათ, თვლიან, რომ ის ლეგალური უნდა იყოს. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ასეთი შეხედულება ტოლფასია იმისა, რომ ვთქვათ გაუპატიურება, ადამიანის გატაცება, ბავშვებზე ძალადობა და მკვლელობა უზნეობა და დანაშაულია, მაგრამ ამ შემთხვევაში აბორტის მომხრე ადამიანები ნამდვილად ვერ იტყვიან, რომ ეს ყოველივე ლეგალური უნდა იყოს.

ადამიანი, რომელიც თვლის, რომ დაუბადებელი ბავშვი სრულფასოვანი ადამიანია, ვერ იქნება აბორტის კანონიერების მომხრე, რადგან ეს იგივე იქნება, რაც უკვე დაბადებული ადამიანის მკვლელობა.

აბორტის მომხრეთა ყველა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალს ფინანსური პრობლემები აქვს, აწუხებს ორსულობით გამოწვეული სტრესი და ათასი სხვა რამ, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ამგვარად თუ შევხედავთ საკითხს, მაშ, მოზრდილი ბავშვის მოვლა და აღზრდა გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ახალშობილის და გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას მოითხოვს დედისგან, ვიდრე ჩვილი.

ქალებს ხშრად უთქვამთ, რომ აბორტის გაკეთებისას ისინი ვერ აცნობიერებდნენ, ვინ იყო მათ წიაღში. ზოგმა ქვეცნობიერად იცოდა, რომ მუცლით ბავშვს ატარებდა, მაგრამ ისინი წამოგებულნი იყვნენ აბორტის მომხრეთა ანკესზე. ახლა კი ბევრი მათგანი ნანობს ბავშვის მოშორებას. ისინი ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს კეთილმოსურნე ნათესავებისა და ოჯახის წევრების წაქეზებით, რომლებსაც, თავის მხრივ, არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ აბორტის შესახებ.

ჩვენ უნდა გვიყვარდეს ფეხმძიმე ქალები და ვზრუნავდეთ მათზე, ვისაც აიძულებენ აბორტის გაკეთებას. იმ ქალების მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ თანაგრძნობა, რომლებმაც უკვე გაიკეთეს აბორტი და დავეხმაროთ მათ აბორტის შემდგომი ტრავმის გადატანაში. იგავების წიგნი გვეუბნება, რომ სწორი არჩევანი ყოველთვის ბრძნულია და კეთილი შედეგები მოჰყვება თან, ხოლო მცდარი არჩევანი ყოველთვის უგუნურებაა და ცუდი ნაყოფიც გამოაქვს.

ცრუ დიქოტომია

არასოდეს არის კარგი გამოსავალი ბავშვის მოკვლა. მაშინ, როცა დედა აზიანებს ბავშვს, ამით არა მხოლოდ ბავშვს, არამედ საკუთარ თავსაც აზიანებს. შეუძლებელია, დედისა და ბავშვის კეთილდღეობა ერთმანეთისაგან განვასხვავოთ.

ბავშვის მკვლელობას ძალიან ცუდი შედეგები მოსდევს. პირველ მსხვერპლს, ბავშვს, ზიანი მოაქვს მეორე მსხვერპლისთვის, ანუ დედისთვის. სწორედ ამიტომ, ამ ჭრილობის მკურნალობა უნდა დავიწყოთ იმის შესახებ სწავლებით, რომ დაუბადებელი ბავშვი სრულფასოვანი ადამიანია.

  • 25
    Shares