მკვდარი ზღვის ჩანაწერები

520

1947 წლის ზაფხულის ის მცხუნვარე დღე უკვე დაისისაკენ გადახრილიყო, როცა პატარა არაბმა ბედუინმა აღმოაჩინა, რომ მისი თხები მოულოდნელად სადღაც გაუჩინარებულიყვნენ. ბედუინთა მომთაბარე ტომი იმჯერად ყუმრანის უდაბნოში დაბანაკებულიყო, მკვდარი ზღვის სამხრეთი სანაპიროს ახლომახლო, იერიქონიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით. რაკიღა ბედუინი ბიჭი დარწმუნდა, რომ ღამდებოდა, თხები კი არსად ჩანდნენ, გადაწყვიტა, ძიება ირგვლივ არსებულ გამოქვაბულებში გაეგრძელებინა. ძებნა და ძახილი კიდევ  დიდხანს გაგრძელდა. ერთ-ერთ გამოქვაბულში თითქოს რაღაც დალანდა კიდეც, მაგრამ, რადგან მის ძახილს არავინ გამოხმაურებია, თხების დასაფრთხობად და გამოქვაბულიდან მათ გამოსაყვანად ჭაბუკმა მოზრდილი ქვა გაისროლა ჩაბნელებული კედლისაკენ. უეცრად მის ყურს მტვრევის ხმა მისწვდა…

ძნელია ითქვას, ჰქონდა თუ არა მოსმენილი იმ არაბ ბიჭს კოცონთან ჯდომისას „ათას ერთი ღამის“ ზღაპრები, ისევე როგორც ძნელია ითქვას, თუ რა მოუვიდა აზრად ვეებერთელა დამსხვრეული ქოთნების დანახვისას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჭაბუკს საზრიანობამ არ უღალატა და რაკიღა ქოთნებში არც ოქროს სამკაულები და არც ძვირფასი ქვები არ აღმოჩნდა, წარწერებით აჭრელებული პერგამენტები უყურადღებოდ არ დატოვა და საჩვენებლად უფროსებს მიუტანა, რომელთაც ეყოთ გამჭრიახობა და უმალ მიხვდნენ აღმოჩენილი საგანძურის ღირებულებას. მართალია, ხელნაწერების შესაფასებლად ისინი თავიანთ ცოდნა-განათლებას არ ენდნენ და ქრისტიან ეპისკოპოსს მიაკითხეს, მაგრამ უეჭველად მათი დამსახურება იყო (ან, უფრო ზუსტად, მათი აღმოჩენის დამსახურება იყო), რომ ცოტა ხანში ყუმრანის უდაბნოსა და მკვდარი ზღვის სანაპიროებს ასობით მოხალისე და მცოდნე არქეოლოგი, გადამყიდველი და საქმოსანი, ფათერაკებისა თუ მეცნიერული ჭეშმარიტების არაერთი მაძიებელი მიაწყდა. იქ დაბანაკებული ბედუინები კი არავის უმხელდნენ, სად იყო მოთავსებული ხელნაწერებით სავსე ქოთნები და მათ მიერ დასაკუთრებული პერგამენტის თითოეულ ფურცელს მხოლოდ ხანგრძლივი და ხელსაყრელი მოლაპარაკების შემდეგ უთმობდნენ მკვლევრებს, სამღვდელოებას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

ეს პატარა ამბავი კარგად მოეხსენება ყველას, ვისაც კი ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში რაიმე შეხება მაინც ჰქონია ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან: აღმოსავლეთმცოდნეობასთან, ბიბლეისტიკასთან, რელიგიათა ისტორიასთან. ეს ამბავი მოთხრობილია თითქმის ყველა იმ წიგნში, რომლებიც ყუმრანის ანუ მკვდარი ზღვის ჩანაწერების აღმოჩენის ფაქტს აღწერს, თუმცა, გულდაწყვეტით უნდა ითქვას, რომ არც ერთ წიგნში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, იპოვა თუ არა საბოლოოდ იმ პატარა არაბმა ბედუინმა თავისი დაკარგული თხები და ამ საქმეშიც ისევე გაუმართლა თუ არა, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაწერების მისდა უნებურად მოპოვებისას.

მიუხედავად იმისა, რომ 1947 წლის შემდეგ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, არაერთ ენაზე, არაერთი წიგნი, სტატია თუ გამოკვლევა დაიწერა მოპოვებული ჩანაწერების შესახებ. და მაინც, ყუმრანულ ხელნაწერებთან დაკავშირებული მრავალი საკითხი დღემდე გაურკვეველი და დაუდგენელი რჩება. მართალია, ამ ხნის განმავლობაში ოცი საუკუნის წინანდელი ბიბლიოთეკიდან თითქმის ყველაფერი აღმოჩნდა და დათავისთავდა, რაც აღმოსაჩენი და დასათავისთავებელი იყო და კარგა ხანია, არქეოლოგებმაც შეწყვიტეს კვლევა-ძიება, მაგრამ ყველაზე რთული და ყველაზე საკამათო საქმიანობა − ნაპოვნი ტექსტების თარგმნა, გაგება და ახსნა − ჯერ შუა გზაზეც არაა მისული.

ყველაზე ადვილი მათი დათარიღება აღმოჩნდა: ხელნაწერები, როგორც ჩანს, უდაბნოში თავშეფარებულ ებრაელებს დაუტოვებიათ, რომელთაც იქ საუკუნენახევარი ქრისტიანული წელთაღრიცხვის ჩამოდგომამდე უცხოვრიათ, ხოლო კიდევ ნახევარი საუკუნე − ქრისტეს შობის შემდეგაც, უფრო სწორად, მანამდე, სანამ ებრაელებს პირველი საუკუნის სამოციანი და სამოცდაათიანი წლების მიჯნაზე თავიანთი წინაპრების მიწაზე ცხოვრება სიკვდილის სასჯელით არ აეკრძალათ. ისიც აშკარაა, რომ იქ საიდუმლოდ დასახლებულებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი კრავდა, მაგრამ, არცთუ ისე ადვილია ითქვას, რა იყო ამ საკრებულოს ერთიანობის საფუძველი: ყველაფრიდან ჩანს, რომ მკვდარი ზღვის სანაპიროზე დასახლებულ ებრაელებს საკუთარ სამკვიდროში გაბატონებული რომაელები დიდად არ ეხატებოდათ გულზე, მაგრამ ამგვარი იყო თითქმის ყველა ებრაელი; იმის შესახებ კი ცოტა რამაა ცნობილი, იუდას უდაბნოში განმხოლოება მხოლოდ ამ სოფლიდან განდგომის გზა იყო, თუ მათ შორის იმგვარებიც აფარებდნენ თავს, რომელთაც რომაელთა წინააღმდეგ მიმართულ არაერთ აჯანყებაში მიეღოთ მონაწილეობა. მაინც, დღეს ყველაზე გავრცელებული შეხედულებით, მკვდარი ზღვის სანაპიროზე აღმოცენებული თემი ერთ ებრაულ, იუდაისტურ სექტას წარმოადგენდა, ალბათ იმ სექტას, რომელიც ძველ წყაროებში ესეველების სახელით მოიხსენიება.

მკაცრად დადგენილი წესებით შეკრული ეს სექტა თავს ბიბლიური წიგნების ერთადერთ უცდომელ ინტერპრეტატორად მიიჩნევდა. საღმრთო წერილის ტექსტების წაკითხვის საფუძველზე კი ისინი მტკიცედ მივიდნენ იმ აზრამდე, რომ მათი ცხოვრების ხანა მესიის მოსვლის ხანა იყო. ყველაფერი ის, რითაც აღსავსე იყო სექტის ყოველდღიური ცხოვრება, სინამდვილეში ესქატოლოგიური ბრძოლისათვის, სამყაროს დასასრულის უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლისათვის მზადება იყო. სექტის წევრებს სწამდათ, რომ სულ მალე ქვეყანა დაამთავრებს თავის არსებობას, მაგრამ მანამდე დაიბადება ორი მესია: ერთი, მეფე დავითის მემკვიდრე, რომელიც დროებით აიღებს ხელთ ქვეყნის სადავეებს, მეორე კი, მღვდელმთავარ აარონის კვერთხის მფლობელი, დარღვეულ საღმრთო ღვთისმსახურებას აღადგენს.

დაჯგუფების წევრები მარტივ ცხოვრებას მისდევდნენ და არ ღალატობდნენ სიღარიბისა და დაუქორწინებლობის აღთქმას. საკუთარ ქონებაზე უარის თქმა სექტაში შესვლისთანავე აუცილებლად იყო მიჩნეული. საერთო ქონება, საერთო საქმე და საერთო სუფრა მათი ყოველდღიური ყოფის წესი იყო. ამ მხრივ, ესეველების განრიგება თითქოსდა მომავალი ქრისტიანული მონასტრის წეს-ჩვეულებებს მოგვაგონებს.

და აქ, ალბათ, გაჩნდება კითხვა, რომელიც მკვდარი ზღვის ჩანაწერების აღმოჩენისთანავე სოლიდურ მკვლევართა შორის ნაკლებ ყურადღებას იმსახურებდა, მაგრამ რომელმაც ბევრ საერო თუ ანტირელიგიურ მკვლევარს აატკივა თავი. როგორც კი პირველი ყუმრანული ტექსტები დაიბეჭდა, არაერთი ნაფიცი და ხელფასიანი ათეისტი შეუდგა იმის მტკიცებას, რომ სწორედ ამ ხელნაწერებს შეეძლო გაერკვია ქრისტიანობის წარმოშობის საკითხი; დაედგინა, თუ ვინ იყო იესო ქრისტე და გამოეაშკარავებინა, თუ როგორ აღმოცენდა სინამდვილეში ეკლესია; მაგრამ პროფესიონალი მეცნიერების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამგვარ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ საქმიანობაში ისინი თითქმის არ ჩაბმულან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი აღნიშნავდა მსგავსებას ყუმრანულ სექტასა და ადრინდელ ქრისტიანობას შორის.

ათეისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა ჩანაწერებში მოხსენიებული „ჭეშმარიტების მოძღვარი“, რომელიც თითქოსდა იესო ქრისტეს პროტოტიპი იყო, მაგრამ ხომ კარგადაა ცნობილი, რომ ამგვარი ებრაელი მოძღვარი მაცხოვრის მიწიერი მოღვაწეობის ხანაში, მანამდე თუ შემდეგ, მრავლად იყო პალესტინის მიწაზე. თანამედროვეთა უმრავლესობისთვისაც იესო ნაზარეველი ხომ ოდენ რეფორმატორი მოძღვარი − რაბი იყო და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს მასში სამყაროს შემოქმედი ღმერთის ხორცშესხმული სახება დაენახათ. მაინც, ყუმრანელები − და იუდეველთა ყოველი სხვა სექტა, ჯერ კიდევ მეტად მცირერიცხოვანი ქრისტიანული თემისაგან იმ არსებითით განსხვავდებოდა, რომ ქრისტიანები მესიის უკვე მოსვლით, მისი სახარებით ხარობდნენ და იმ შეგნებით იყვნენ აღსავსენი, რომ ისინი თავისუფლები, მაცხოვრის მაცხოვნებელი სისხლის მიერ ხსნილნი და განთავისუფლებულნი იყვნენ.

ყუმრანის მიმდევრების ტრაგედია მარტო ის კი არ იყო, რომ მათ არსებობა დამპყრობელთა იარაღის ძალამ შეაწყვეტინა, არამედ ის, რომ ისინი, რომლებიც უთუოდ სათუთად გრძნობდნენ მესიის ქვეყნად მოვლინების ხანას, რაშიც ისინი ნამდვილად უცდომელნი აღმოჩნდნენ, მას შემდეგაც ამაოდ ელოდებოდნენ მას, რაც ქვეყნად მოვლენილი ქრისტეს მიწიერი ცხოვრება მათ გვერდით, მათთან ასე ახლოს გაილია და იგი მამა ღმერთის მარჯვენით ამაღლდა „ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად“, ამაღლდა იქ, სადაც იყო სამყაროს შექმნამდე, სადაც იქნება სამყაროს დასასრულის შემდეგ.

ამის მისაწვდომად კი არც პოზიტივიზმი, არც აკადემიზმი და არც მკვდარი ზღვის ჩანაწერების კარგად ცოდნა საკმარისი ნამდვილად არაა…

ივლისი, 1997.

მერაბ ღაღანიძე, რწმენისა და იმედის გზაზე, 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან”, თბილისი, 2003.

ჩატვირთვა...