ნავიგაცია
ახალი ამბები
რის გამო ვამბობთ უარს მსახურებაზე – ექსტრემალური ღვთისმსახურება

რის გამო ვამბობთ უარს მსახურებაზე – ექსტრემალური ღვთისმსახურება

ძველი ლეგენდის მიხედვით, იესომ თავის მიმდევარ გორუნს უთხრა: „წადი ქარმელის მთაზე და დარჩი იქ ლოცვისათვის.“ გორუნი ისე მოიქცა როგორც უთხრეს.

ერთ დღეს გორუნი ახლომდებარე სოფელში მივიდა და ხალხს უთხრა, „მომეცით საბანი. ვირთხებმა დამიხიეს და ვეღარ ვიძინებ.“ სოფლელებმა სიხარულით მისცეს საბანი. გორუნი კვლავ დაბრუნდა სოფელში, რადგან იგივე შემთხვევა განმეორდა. ბოლოს ვიღაცამ ურჩია: „კატას მოგცემთ შენი პრობლემების სასიკეთოდ გადასაწყვეტად.“ რამდენიმე დღის შემდეგ გორუნი სოფელში დაბრუნდა. „შეგიძლიათ ცოტაოდენი რძე მომცეთ კატისათვის?“ სთხოვა მან ხალხს. სოფლის მცხოვრებლებმა ძროხის მიცემა გადაწყვიტეს. გორუნი კვლავ დაბრუნდა: „რაღაც მინდა ძროხის გამოსაკვებად.“ მათ მიწა მისცეს ამისათვის. შემდეგ გორუნმა მიწის დასამუშავებლად მუშები მოითხოვა, მუშებისათვის სახლების აშენება და ასე შემდეგ.

წლების შემდეგ, იესო საყვარელი მოწაფის სანახავად მივიდა. მსუქანი კაცი მიესალმა მას და ჰკითხა, „რა საქმემ მოგიყვანა აქ? რისი ყიდვა გნებავთ?“ გორუნმა, რომელიც ახლა უკვე მდიდარი ბიზნესმენი იყო, თავისი ბატონი ვეღარ იცნო. ქრისტიანები ხშირად ყვებიან ასეთ ისტორიებს ქრისტიანობაშეზღუდულ ქვეყნებში, სადაც მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ქრისტიანებმა თავიანთი რწმენა და ღვთისმსახურება მნიშვნელოვან და მაღალანაზღაურებად თანამდებობებში გაცვალონ.

P.S. ხანდახან სხვადასხვა ამბის მოსმენა გვჭირდება იმისათვის, რომ ესა თუ ის საკითხი სხვა კუთხიდან დავინახოთ, რათა ვიცოდეთ, რა არის მნიშვნელოვანი და ყურადღება გავამახვილოთ მიზანზე. შეიძლება კატა და ძროხა არ შემოგვთავაზონ, მაგრამ მოწინააღმდეგე ხშირად გვაცდუნებს სხვადასხვა ხერხებით იმისათვის, რომ მთავარ გზას ჩამოგვაშოროს. ის ყურადღებას გადაგვატანინებს ღვთის კურთხევებზე, მეგობრებზე, ოჯახზე, სამსახურზე და ისე დაგვაკავებს ჩვენი ცხოვრებისეული საქმიანობით, რომ უარი ვთქვათ ჩვენი მისიის შესრულებაზე.
შენ რა გაშორებს შენს უფალს? ისეთი დაკავებული ხომ არ ხარ ცხოვრებაში, რომ უარს ამბობ შენი სულიერი მისიის შესრულებაზე?