ნავიგაცია
ახალი ამბები
უღმერთოთა შორის – მონანიება მეჩეთის წინ

უღმერთოთა შორის – მონანიება მეჩეთის წინ

ჩვენი მამის, აბრაამის ძენო,
ძენო ისმაელისა და ძენო ისაკისა,
მშვენიერი ჰაგარისა და საყვარელი სარას ძენო.

დროა აბრაამის გაფანტული ძენი შეგროვდნენ და გაერთიანდნენ.
და ვის შეუძლია დაქსაქსულთა გაერთიანება?
ვის შეუძლია შეცვალოს გულები და განაახლოს სულები?
ვის შეუძლია მშვიდობა, წყალობა და სიყვარული მოგვანიჭოს?
ვის შეუძლია შეარიგოს ცა და მიწა?
შეარიგოს კაცი თავის თავთან?
შეარიგოს კაცი თავის მოყვასთან?
ვინ არის ის დიდებული კაცი, რომელსაც ყოველივე ამის გაკეთება შეუძლია?
ძენო აბრაამისა, მოდით და დავადგეთ გზას!
აღვდგეთ, განვადიდოთ, აღვაშენოთ და შევიყვაროთ.

                                                                                  შესავალი

ისევე როგორც უძღები ძე დაუბრუნდა მამას, მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყანაში უმიზნოდ და უსაგნოდ იხეტიალა, ასევე უბრუნდება ისმაელიც თავის მამას, აბრაამის კერას, მეტიც, ქრისტეს კერას, რომელიც აბრაამზე ადრე იყო. ის ქვეყნის გაჩენამდეც იყო.
ისმაელი უბრუნდება მას, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა და განკაცდა მისთვის. ასეა, ჩემო ღმერთო და ჩემო მხსნელო, შენ მოხვედი, რათა ახარო გლახაკებს, მალამო სცხო გულშემუსვრილებს, თავისუფლება მოუტანო მათ, ვინც ტყვეობაში არიან და სიბნელიდან გამოიყვანო პატიმრები. თავზე დაადგა მათ მშვენების გვირგვინი, ნაცვლად ნაცარ-მტვრისა, სცხო სიხარულის ზეთი, ნაცვლად მწუხარებისა, შემოსო დიდების სამოსლით, ნაცვლად უსასოობისა და სევდისა.

შენ მოხვედი იმისათვის, რომ აღაშენო ჩამოქცეული თაღები და აღადგინო გავერანებული ბაღები; განაახლო თაობათაგან მიტოვებული, ნანგრევებად ქცეული ქალაქები და გამოაცხადო თავისუფლება, მშვიდობა, კურნება და სიყვარული. ჩემო ღმერთო და ჩემო მხსნელო, შენ მოხვედი იმისათვის, რომ იხსნა ყველა ერი.

ჩვენ, ძენი ისმაელისა, საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით უშენოდ, არაფერი ვიცოდით შენზე და ხშირად არა მხოლოდ უარგყოფდით და ვიბრძოდით შენ წინააღმდეგ, არამედ მტრულადაც ვიყავით განწყობილნი შენ მიმართ, მაგრამ შენი სიყვარული, რომელიც ყოველგვარ გონებასა და წარმოსახვას აღემატება და რომელმაც გადმოლახა მტრობის უღრანები ჩვენ საპოვნელად, გვიწინამძღვრა, შეგვიწყალა და გაგვწმიდა.
შენმა სიყვარულმა, ჩემო მხსნელო, დაგვაბრუნა შენთან, ისევე როგორც უძღები ძე დაბრუნდა მამასთან, ისევე როგორც ალერსმონატრებული ჩვილი უბრუნდება თავისი დედის მკლავებს და როგორც ტალღებთან ბრძოლით ღონემიხდილი ადამიანი უბრუნდება გადამრჩენელ გემს.
ჩემო ღმერთო და ჩემო მხსნელო, აქ ვართ ჩვენ, გეძებდით და შენ გვიპოვე; ხელებს ვიწვდიდით და შენ გვიპასუხე; ვლოცულობდით და შეისმინე ჩვენი ლოცვა. პირველად შენ შეგვიყვარე.

და ახლა ჩვენ ძენი ვართ და არა მონები, თავისუფალნი და არა ტყვენი. ახლა მართალნი ვართ და არა უკეთურნი; შენ დაგემსგავსეთ ყველა ერის სიყვარულში.
ჩვენ ისმაელის შვილები ვართ, ძენი ჩვენი მამა აბრაამისა, რომელსაც „ღმერთის მეგობარი“ ეწოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოვაცხადოთ ყველა ერის წინაშე ჩვენი სიყვარული, აღტაცება, მორჩილება და ერთგულება შენდამი. ჩვენ ლერწები ვართ, შენ კი ვაზი; ჩვენ სასძლო, შენ კი სიძე; ჩვენ შენი ქალაქი ვართ, შენ კი ჩვენი ღმერთი, მხსნელი და მეფე.

თქვენი ისმაელის შვილები

                                                                       მონანიება მეჩეთის წინ

ეს ამბავია ქრისტიანობაზე ჩემი მოქცევის შესახებ. ჩემი სახელი აბრაამია. ძალიან ვამაყობ ჩემი სახელით, რადგან ეს სახელი ისრაელის დიდი პატრიარქის სახელია. ახალი სახელი კი ტიმოთეა, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მე აბრაამი ვარ, უფრო შინაურულად კი აბუ-ჰალიმი, ძე, ერთი უბრალო, სოფელში მცხოვრები ცოლ-ქმრისა. უბრალო ადგილას ვიზრდებოდი, სადაც ხალიჩის მაგივრად ლელი გვეფინა, სინათლის მაგივრად ნავთის ლამპა გვენთო და საკვების ნაცვლად გამხმარ კალტს ვჭამდით. გაკვეთილებს ნაკადულის პირას ვსწავლობდი, მეცვა თეთრი ჰალაბია (არაბული სამოსელი). მე ახლაც ჰალაბია მაცვია.

პატარა რომ ვიყავი, დედაჩემმა კოტაბში (ისლამური სასწავლო ადგილი) მიმიყვანა, სადაც შეიხი გვასწავლიდა კითხვას, წერასა და ყურანის ზეპირად წარმოთქმას. ყოველი კვირის ბოლოს ის აბაზს გვთხოვდა. კოტაბში ჩემი გონება და სული აივსო ღვთის მორჩილებით, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მეშვეობით.

სწავლის შემდგომ საფეხურზე რომ გადავედი, უფრო მეტად დავინტერესდი იმ შეკრებებით (მისტიკური თაყვანისცემა), რომლებიც მეჩეთში იმართებოდა. დავიწყე სოფელში მცხოვრები სუფიების ჯგუფის მისტიკურ შეკრებებზე დასწრება. ჩვენ ვაქებდით წინასწარმეტყველ მუჰამედს და არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, რა ხდებოდა ჩვენ ირგვლივ, მხოლოდ ვიმეორებდით: „ო, ღვთის მაცნევ, შეგვეწიე!“

ერთ დღესაც, როდესაც მწუხრის ლოცვებმა ჩაიარა მეჩეთში, ორი კაცი მოვიდა ჩემთან და გამეცნო. ერთს მუჰამედი ერქვა, ხოლო მეორეს სოლომონი. ისინი თავმდაბლურად და მეგობრულად მომესალმნენ. მათში საოცარი სიკეთე და ღმერთის მორჩილების ნამდვილი სურვილი დავინახე. მათ სხვა მეგობრებიც გამაცნეს. ამ ადამიანებს უყვარდათ ერთმანეთი და მხარში ედგნენ ერთმანეთს ღვთის გზაზე სვლისას. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა ერთობამ. ისინი ჩვენი ქალაქის ახალგაზრდობის ელიტას წარმოადგენდნენ. მათ შენიშნეს, რომ მსურდა უფლის გულმხურვალე თაყვანისმცემელი ვყოფილიყავი. ისიც შეამჩნიეს, რომ ხალხთან საუბარს ვერიდებოდი.

ჩვენი ჯგუფი ყოველი თვის პირველ ორშაბათს იკრიბებოდა. მე ემირის (ჯგუფის წინამძღოლის) მიერ წარმოთქმული დამოძღვრის შემდეგ სიტყვის თქმა მევალებოდა. ფაქტობრივად, ეს საქმიანობა მაშინ დავიწყე, როდესაც თოთხმეტი წლისა ვიყავი. ვხვდებოდი, რომ ეს ძალიან კარგი იყო; რადგანაც იმამი შაფაი ფატვას (რელიგიურ რჩევა-დარიგებას) ექვსი ან ცხრა წლის ბავშვობის ასაკში იძლეოდა. მახსოვს ჩემ მიერ მეჩეთში წარმოთქმული პირველი სიტყვა, რომელიც შეეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა აღგვენიშნა საუკეთესოდ წინასწარმეტყველის დაბადების დღე. ჩვენ ერთად ვმარხულობდით და ერთად ვჭამდით მეჩეთში და ვცდილობდით ნაბიჯ-ნაბიჯ გაგვემეორებინა მუჰამედის გზა; ვბაძავდით მას სიარულში, ლაპარაკში, ლოცვაში, ჭამაში, სმაში, ჩაცმაში და ა.შ.

თავს მოვალედ ვთვლიდი ამ ადამიანების წინაშე, რადგანაც ისინი მამხნევებდნენ და მეხმარებოდნენ კითხვასა და ძიებაში. ამ ფაქტორებმა განაპირობა ჩემი ყოფნა იქ, სადაც ვარ დღეს. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა უთხრა მამაჩემს: „აბრაამი სუნის ჯგუფის ერთ-ერთი საჯარო გამომსვლელია; ის ყველა მათ საჯარო და საიდუმლო შეხვედრას ესწრება“.

გაოცებული და შეძრული ვიყავი ამით, ვინაიდან ეს ის ადამიანი იყო, რომლის ზემოქმედებითაც გადავწყვიტე ცხოვრება ისლამისათვის მიმეძღვნა და შევერთებოდი მუსლიმი ძმების ჯგუფს. ჩვენ ერთი მეჩეთიდან მეორეში მივდიოდით და ვაცხადებდით ისლამის განახლების შესახებ. ყოველთვის მსურდა, რომ მამაჩემი დასწრებოდა იმ ღვთისმსახურებას, სადაც სიტყვით გამოვდიოდი. მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა ჩემი საიდუმლო, მამა ყოველთვის მაფრთხილებდა და მემუქრებოდა; მას იმედი ჰქონდა, რომ აზრს შევიცვლიდი და დავტოვებდი მუსლიმურ საძმოს.

ჩვენი ჯგუფის შესახებ ბევრი ცნობა დაუგროვდა ინფორმატორს, რომელსაც მუჰამედი ერქვა. ის თვალს ადევნებდა ყველა სიახლესა და მოძრაობას, რომელიც ჩვენ შორის ხდებოდა და ინფორმაცია მიჰქონდა სახელმწიფო უშიშროების საგამოძიებო ოფისში. ის იწერდა ყველა ჩვენს გამოსვლას და ჩანაწერები მიჰქონდა უშიშროების ადგილობრივ ოფისში. მეამაყებოდა, როცა ვხედავდი მუჰამედს, რომელიც იწერდა ჩემს გამოსვლებს მეჩეთში.

მეორე მხრივ, არც მამაჩემს და არც მე არ გვსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ უშიშროებაში ჩემ შესახებ იცოდნენ. მამაჩემი იმდენად იყო შეწუხებული მოსალოდნელი საფრთხის გამო, რომ მეჩეთში მივიდა და ყველას თვალწინ, ხმამაღლა სთხოვა მათ ჩემთვის თავი დაენებებინათ. შემდეგ დაბრუნდა სახლში, დამარტყა და კბილი ჩამიმტვრია. წინა ერთი კბილი ახლაც ჩამტვრეული მაქვს, რაც მახსენებს ჩემს ყოფნას მუსლიმ ძმებს შორის.

მამაჩემმა, პირველად ჩემს სიცოცხლეში, დაწვა ყველა ჩემი რელიგიური წიგნი. ის ძალიან ზრუნავდა ჩემზე და შიშობდა, რომ სუნიტურ ჯგუფთან კავშირს შეეძლო დავეზარალებინე. ის იმითაც კი დამემუქრა, რომ დედაჩემს გაეყრებოდა, თუ გავაგრძელებდი სუნის მეჩეთში სიარულს. ვთხოვე მას, იმისი ნება მაინც მოეცა, რომ მეჩეთის გარეთ ვმჯდარიყავი და ისე მესმინა მუსლიმი ძმების შეიხებისთვის. ის დამთანხმდა შემდეგი პირობით, თუ ჩემთან ერთად წამოვიდოდა. ამის შემდეგ ჩვენ მეჩეთის გარეთ ვისხედით და შიგ აღარ შევდიოდით.
მუქარამ ვერ დამაკავა და კვლავ ვავრცელებდი ისლამის მოწოდების იდეებს. სკოლაში ყოველ დილით ვაცხადებდი ისლამის შესახებ. ვაიძულებდი ჩემს დას ჩადრი დაეხურა. ქალებს აღარ ვართმევდი ხელს და ვუსმენდი ბალადებს, რომლებიც მოგვითხრობენ იმაზე, რომ გვშინებოდა ღმერთის სასჯელისა განკითხვის დღეს, სასჯელისა, რომელიც გამდნარი ტყვიის ყურებში ჩასხმას გულისხმობდა.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ისლამი ყველა ასაკისა და ყველა ქვეყნისათვის შესაფერისი იყო და რომ ის გახლდათ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა!

მაშინ, როდესაც ასე თავგამოდებული ვცდილობდი ისლამის გავრცელებას, ერთ რამეზე ვფიქრობდი. მინდოდა, რომ ჩემი ქრისტიანი მეგობრები ისლამზე მომექცია, რათა ჩვენ ყველანი ერთად წავსულიყავით ჯანააჰში (ცა). იმ დროს ვფიქრობდი, რომ ქრისტიანები უღმერთონი და პოლითეისტები იყვნენ, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე ის, რომ თავად ყურანი სხვანაირად ასწავლიდა ამის შესახებ.

ყურანი ამბობს (5:82): „უეჭველად, სიძულვილში იმათ მიმართ, რომლთაც ირწმუნეს, ყველაზე მკაცრთ შენ იუდეველებს და წარმართებს იხილავ. და სიყვარულში იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს, ყველაზე ახლობელთ შენ იმათ იხილავ, რომელნიც იტყვიან: ‘ჩვენ ვართ ქრისტიანნი’. ეს იმიტომ, რომ მღვდლები და ბერებია მათ შორის და არ ამპარტავნებენ ისინი.“

ამ მუხლის თანახმად, ყურანი განასხვავებს ქრისტიანებს და უღმერთოებს; ქრისტიანები უღმერთოები, რომ ყოფილიყვნენ, მათ იმავე კატეგორიაში მოათავსებდა. სურა 2:62 ამბობს:
„უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, და რომელნიც იყვნენ იუდეველნი, ქრსტიანნი და საბიელნი, და ვინც ირწმუნეს ალლაჰი და დღე უკანასკნელი და ჰქმნეს სიკეთე, იმათი საზღაური თავიანთ უფალთანაა, მათ არცა შიში ექნეთ და არცა დამწუხრდნენ.“

მეც ვცდილობდი, დამერწმუნებინა ქრისტიანები, რომლებსაც სკოლაში ვხვდებოდი და რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ, რომ ისლამი ჭეშმარიტი რელიგიაა. მიმოწერასაც კი ვაწარმოებდი ზოგიერთ ქრისტიანთან იმისათვის, რომ ისინი ისლამზე მომექცია. შედეგად კი მწველი სურვილი გამიჩნდა გულში, ერთმანეთთან შემედარებინა ისლამი და ქრისტიანობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, რომელი იყო სწორი და რომელი – მცდარი, რომელი იყო ღმერთის გზა და რომელი – ეშმაკისა.

ორი წლის განმავლობაში ვიბრძოდი. მრავალჯერ გადავწყვიტე, ბოლო მომეღო ამ შინაგანი დაპირისპირებისათვის და შემეწყვიტა ქრისტიანული წიგნების კითხვა, ყოველ დილით მთელი ყურადღება გადამეტანა ყურანის კითხვაზე და წინასწარმეტყველ მუჰამედის მაგალითისთვის მიმებაძა. მინდოდა მეპოვა მშვიდობა და დავმორჩილებოდი ღმერთს ჭეშმარიტი რელიგიის საშუალებით. წავიკითხე ყველა ჩემი ქრისტიანული წიგნი იმისათვის, რათა გავმხდარიყავი ნამდვილი მუსლიმი და ჩემი ცხოვრება მიმეძღვნა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისათვის, ალაჰისთვის.

მიუხედავად ამისა, ღმერთმა მარტო არ დამტოვა. მისი სულიწმიდა მაღელვებდა ძილში. დასაძინებლად დაწოლილს, მოუსვენრობა მიპყრობდა, სინდისი მქენჯნიდა. ღამეებს თეთრად ვათენებდი. ვფიქრობდი, თუ მუჰამედი მართლაც წინასწარმეტყველთა ბეჭედია, რატომ არ უნდა მოვიდეს ის დღეთა დასასრულს, ქრისტეს ნაცვლად, როგორც ცეცხლით მსაჯული? მე მაკვირვებდა ის საიდუმლო, რომელიც ქრისტეს უზენაესობის უკან იდგა, ყველა წინასწარმეტყველს აღემატებოდა და იმდენად დიდი იყო, რომ ის გახდა ისტორიის ცენტრი. განა წელთაღრიცხვა ქრისტემდე და ქრისტეს შემდგომ არ არის? რა არის შენი დიდების საიდუმლო, ისა, მარიამის ძევ?

ეს და სხვა მრავალი კითხვა მაიძულებდა, რომ ერთმანეთისათვის შემედარებინა ქრისტე და მუჰამედი. ეს დიდხანს გაგრძელდა და ბოლოს მივხვდი, რომ ეს შედარება არ იყო სამართლიანი და ამისი მტკიცებულება ყურანშიც ჩანს. ყურანში ჩვენ ვერსად ვხედავთ ისეთ ქრისტეს, რომელიც ღმერთს პატიებას სთხოვს რაიმე ცოდვის ანდა დანაშაულისათვის, განსხვავებით დანარჩენი წინასწარმეტყველებისა და მაცნეებისაგან. ქრისტე მართალი იყო, როდესაც გამოიწვია იუდეველთა წინამძღვრები და ჰკითხა: „რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო?“ მან გაკიცხა იუდეველები მათი ყალბი ღვთისმოსაობის გამო, როდესაც მათ მრუშობაზე წაასწრეს ქალს: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა“ (იოანე 8:7).

მეორე მხრივ კი, თავად ყურანში აღმოვაჩინე, რომ მუჰამედი ისეთივე ადამიანი იყო, როგორც სხვები: ჰქონდა საკუთარი ცოდვები, მტრობდა უღვთო ადამიანებს, მოკვდავი იყო სხვებივით.

„და ითხოვე მიტევება შენი ცოდვებისათვის და მორწმუნე ქალებისა და კაცებისათვის“ (სურა (მუჰამედი) 47:19)

„მოგიტევოს ალლაჰმა შენი ცოდვები, როგორც წარსულის, ასევე მომავლის, რომ სრულად მოიღოს თავისი წყალობა შენზე და დაგადგინოს ჭეშმარიტ გზაზე“ (სურა 48:2).

„და რომ არ განგვემტკიცებინე ჩვენ, ვფიცავ, რომ შენ მათკენ ცოტას გადაიხრებოდი!“ (სურა 17:74)

ყურანის კომენტარებში ელ-სიუოტი განმარტავს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც დაიწერა ეს (17:74) სურა:

მუჰამედის თანახმად, ქააბის ძისა, კარზის ტომიდან, წინასწარმეტყველი მუჰამედი ხმამაღლა იმეორებდა 53-ე სურას, სანამ იტყოდა: „იხილე ელ-ლატი და ალ-ოცა“ (კერპების სახელები), შემდეგ ეშმაკმა აიძულა ეთქვა, რომ მუსლიმებს შეეძლოთ მათი მსახურება. ასე გახდა ის ყურანის მუხლი.

წინასწარმეტყველი მუჰამედი ძალიან წუხდა მომხდარის გამო მანამ, სანამ ღმერთმა არ შთააგონა სხვა მუხლი: „შენამდე არ წარგვიგზავნია არც ერთი შუამავლი ან ელჩი, რომ ეშმაკს არ დაერთო თავისი მის წაკითხულში. ალლაჰი ანადგურებს იმას, რასაც ეშმაკი დაურთავს. მერე ალლაჰი განამტკიცებს თავის სასწაულებს“ სურა („ჰაჯი“ მოლოცვა მექასი) 22:52.

ეს გახლდათ მიზეზი 17:73, 74 (ღამით მგზავრობა) სურისათვის: „მათ კინაღამ გადაგვახვევინეს იმისგან, რაც ზეშთაგაგონეთ, რათა შეგეთხზა ჩვენზე განსხვავებული. სწორედ მაშინ გახდებოდი მათი მეგობარი. და რომ არ განგვემტკიცებინე ჩვენ, ვფიცავ, რომ შენ მათკენ ცოტას გადაიხრებოდი!“

ბიბლიაში მე ვერ შევძელი ისეთი მუხლის პოვნა, რომელიც ამბობს, რომ ქრისტე თითქმის შეურთდა უღმერთოებს. მიზეზი, რომელიც ამ ფაქტის უკან დგას და რა დასკვნაც გამოვიტანე ჩემი სწავლებიდან, შემდეგია: რომ ქრისტე ღვთის სიტყვაა. ახალი აღთქმა, რომელიც ბერძნულ ენაზე დაიწერა, ხაზს უსვამს იმას, რომ ქრისტე ღვთის სიტყვაა, „ის არის ღმერთის მოლაპარაკე გონება “. ქრისტე არის ღმერთს გონება. ღმერთი და ღმერთის გონება ერთი და იგივე არსია, განსხვავების, გაყოფის, ანდა განცალკევების გარეშე. ქრისტე არის განკაცებული სიტყვა, ღმერთი, რომელიც სხეულით მოვიდა. მისი ღვთაებრივი ბუნება არასოდეს დაშორებია მის ადამიანურ ბუნებას, არც ერთი წუთით, არც ერთი წამით.

ასეთი აზრები გონებას მიშფოთებდა და გულს მიძგერებდა. მაშინებდა რისხვა ღმრთისა, რომელიც უღმერთოებს დაატყდებოდა თავს. მუხლს რომ ვიდრეკდი სალოცავად, გული მიკვნესოდა და ვევედრებოდი უზენაესს: „ ღმერთო, მაჩვენე ჭეშმარიტება: თუ მუჰამედია მართალი, სიკვდილამდე  მისი მიმდევარი ვიქნები; თუ ქრისტეა მართალი, სამარის კარამდე მისი მოწაფე ვიქნები. მთელ ჩემს ცხოვრებას, რადაც არ უნდა დამიჯდეს, შენ მოგიძღვნი და შენ გემსახურები“.

მანამდე ვიმეორებდი ამ ლოცვას, სანამ ქრისტე არ გამომეცხადა სიზმარში და თავისი კეთილი ხმით არ მითხრა: „მე შენ მიყვარხარ“. ვსუნთქავდი და ვჭვრეტდი ქრისტეს დაუსრულებელ სიყვარულს, ვფიქრობდი მის თავგანწირვაზე, მის ჯვარცმაზე, რამაც ხსნა და თავისუფლება მოგვიტანა. დადგა დღე და თვალცრემლიანმა ვუთხარი ქრისტეს: „მე შენ მიყვარხარ. მე შენ გიცნობ, მე ვიცი, რომ შენ ხარ ანი და ჰაე. მე ვიცი, რომ შენ ხარ მარადიული და ხარ დასაწყისი და დასასრული“.

რარიგ ბედნიერი ვიყავი, პატარა ბავშვივით ვხტოდი და ვადიდებდი ღმერთს. ღმერთმა განუსაზღვრა თავის ძეს, მომკვდარიყო ჩვენ ნაცვლად, რომ მარადიულობა ჯოჯოხეთში არ გაგვეტარებინა. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს ცოლისაგან ჰყავს ძე – ღმერთმა გვაშოროს! ჩვენ უღმერთოდ ჩავთვლით ყველას, ვინც ამას იტყვის. ღმერთს არასოდეს არ ჰყოლია ცოლი და არც ფიზიკური ძე.

ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა და ისევე იშვა, როგორც ნათელი იშობა სინათლისაგან. ეს სულიერო ძეობაა. ჩვენ, ეგვიპტელებს: „ნილოსის ძეებს“ გვეძახიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნილოსმა ქორწინების შედეგად გვშვა. ნიკეის კრების მრწამსში ჩვენ ვაცხადებთ: „გვწამს… ერთი უფალი იესო ქრისტე, მხოლოდშობილი ძე ღვთისა, მამისაგან შობილი საუკუნეთა უწინარეს, ნათელი ნათლისაგან, ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი ღვთისაგან, შობილი  და არა ქმნილი, თანაარსი მამისა , რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე“; ამავე დროს ჩვენ ვამოწმებთ, რომ არ არის სხვა ღმერთი, გარდა ერთი ღმერთისა და რომ ჩვენ მხოლოდ მას ვცემთ თაყვანს.

რამდენიმე კვირის შემდეგ 1987 წლის 6 სექტემბერს მოვინათლე სახლში. ჩემს გულში ჩემი ნათლობა მეორე დაბადების დღე იყო. აი, ახლა უკვე 16 წელია, ქრისტიანი ვარ. ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ როცა მოვკვდები მინდა, ჩემს საფლავთან წაიკითხონ: „ ქრისტეა ძლევამოსილი!“

ამქვეყნად არსებული ყველა ცოცხალი არსება მოკვდავია. მხოლოდ ქრისტეა უკვდავი. ყველა წინასწარმეტყველი დამარხულია საფლავში. ჩვენ ვხედავთ კიდეც ამ საფლავებს, მაგრამ ქრისტეს საფლავი ცარიელია, ვინაიდან ის ცაშია; ის გამარჯვებული მეფეა. თავისი სიკვდილით ჯვარზე ქრისტემ დათრგუნა სიკვდილი. ქება და დიდება შენ, ჩემო საყვარელო, იესო!

ჩემმა მეგობარმა მოიპარა ჩემი დღიური და მისცა ის სოლომონს, მუსლიმთა საძმოს წევრს. სოლომონმა და მისმა ამხანაგებმა მოილაპარაკეს, რომ ჩემთვის ხაფანგი დაეგოთ. გადაიღეს ჩემი დღიურის ასლები და სოფლის მოსახლეობაში გაავრცელეს. დღიურში საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ ვირწმუნე ქრისტე. მოსალოდნელი იყო, ამას დიდი სკანდალი მოჰყოლოდა, მაგრამ როგორც იოსებმა თქვა: „…თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი“ (დაბადება 50:20). ღვთის სიტყვა ამბობს : „ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს ყოველივე ეწევა სასიკეთოდ“ (რომ. 8:22).

ჩემი ოჯახის წევრები შერცხვენილნი იყვნენ. დედაჩემს აღარ შეეძლო ხალხში გამოჩენა. ადამიანები თითით აჩვენებდნენ მასზე, რადგანაც მისმა ვაჟიშვილმა შეარცხვინა ის, რადგან  ქრისტიანი გახდა. მან მითხრა, რომ უარს იტყოდა ჩემზე განკითხვის დღემდე. არაფერს ისე არ უტკენია გული, როგორც ჩემი ოჯახის დამოკიდებულებას ჩემდამი; ძნელი სათქმელია, რამდენი დამცირება და ტკივილი ავიტანე მათგან, განსაკუთრებით კი დედაჩემისგან, თუმცა, რის გაკეთება შემეძლო? ნამდვილად მიყვარდა დედაჩემი, მაგრამ შეუძლებელი იყო მისი გულისათვის მიმეტოვებინა ჩემი ახალი რწმენა.

ერთხელ თავისი ფეხსაცმელი თავში ჩამარტყა, შემდეგ შავით შეიმოსა და ყველას გამოუცხადა, რომ გლოვობს თავის შვილს აბრაჰამს. ერთ დღესაც ჩემი სოფლის მკვიდრები მოვიდნენ ჩემთან. ოჯახის თვალწინ მცემდნენ წიხლებით და მიყვიროდნენ. დედაჩემი დაემხო მუხლებზე მათ წინაშე და ევედრებოდა ძალიან არ დავეზიანებინე, მაგრამ მასაც ისევე მოექცნენ. საწყალი დედაჩემი მიწაზე ეგდო და ტიროდა, ისინი კი ჩემს ოჯახს უყვიროდნენ: „თქვენ შეგვარცხვინეთ!“ ამ საშინელების ჟამს, სოფლის ერთ-ერთი შეიხი ადგა და ხმამაღლა მიმართა ხალხს: „რა ბრალი მიუძღვის ამ საწყალ ქალს იმაში, რომ მისმა ვაჟმა უღმერთოების გზა აირჩია?“ მადლობას ვწირავ უფალს. მისი მოწყალება რომ არ ყოფილიყო, უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მოწამე ვიქნებოდი.

ამის შემდეგ მეგობრებმაც მიმატოვეს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჩემთან მეგობრობა მათ რეპუტაციას შელახავდა ქალაქში. ცნობილი „სტუმარი“ გავხდი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებასა და უშიშროების ოფისში. მრავალი ღამის გატარება მომიხდა იქ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. ერთ ღამეს სოფლის მცხოვრებლებმა ჩემი სახლი დაწვეს. ჩემი ქრისტიანული წიგნების ნაწილიც დაწვეს, ნაწილი კი პოლიციამ წაიღო; ისე მომექცნენ, როგორც ნარკოტიკების მოვაჭრის ქონებას ეპყრობიან.

პოლიციამ მუდმივი მეთვალყურეობა დააწესა ჩემს სახლზე. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ არანაირი ქრისტიანული მასალა არ მოსულიყო ჩემამდე, თუმცა, ღვთის სიტყვამ ჩემამდე მაინც მოაღწია. ეს იყო გაზეთის ერთი ფუცელი, რომელშიც ჩემი სენდვიჩი იყო გახვეული!

ამ გაზეთის წინა გვერდზე მოთავსებული იყო კოპტური ეკლესიის პატრიარქის სტატია. სტატიაში მრავალი ბიბლიური ციტატა იყო. აი, ერთ-ერთი მათგანი: „ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ“ (დაბადება 26:24); მეორე: „თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები“ (მეორე რჯული 31:8).

სასწაული და ციური ნიშანი იყო ის, რომ ჩემამდე მოაღწია ამ გაზეთმა, ვინაიდან მან გამოარღვია პოლიციის რიგები, რომლებიც ჩემს სახლს მეთვალყურეობდნენ. ამან გამამხნევა და ძალა შემმატა იმ დროს, როდესაც დიდ გასაჭირში ვიყავი ჩავარდნილი და მჭირდებოდა ღვთის შეწევნა. ჩავამთავრე თუ არა გაზეთის ამ გვერდის კითხვა, კარზე პოლიციის ოფიცერმა დააკაკუნა. ჩემი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ხელი სტაცა გაზეთს და დაწვა. ძალიან დავღონდი, რომ დავკარგე ჩემი ნუგეშისცემის ეს წყარო, მაგრამ ჩემდა გასაოცრად,მეორე დღეს, როდესაც სახლიდან გავედი, კუთხესთან იმავე გაზეთის იგიცე ფურცელი ვიპოვე მიწაზე დაგდებული! ყოველდღე დილის 4 საათზე მეღვიძებოდა დედაჩემის ხმაზე, რომელიც ალაჰს შესთხოვდა, რომ მე ისევ ისლამზე მოვექციე.

ქრისტიანები ჩემთვის დედაჩემზე ძვირფასები არ არიან. ფაქტია, რომ ის ჩემთვის გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რომელიმე მუსლიმი ან ქრისტიანი. მეორე მხრივ, მე მყავს უფრო ძვირფასი და ახლობელი არსება, ვიდრე დედაჩემი, ანდა თუნდაც ჩემი სიცოცხლეა და ეს უფალი იესო ქრისტეა! ის, საკუთარ თავზე მეტად რომ არ მყვარებოდა, არც მექნებოდა წილი მასში.

დედაჩემმა ყველა ხერხს მიმართა იმისათვის, რომ მე ისევ ისლამისკენ მოვექციე, წავიდა შემლოცველთან, რომ რამე ეღონა ჩემზე გავლენის მოსახდენად. მუსლიმებს სჯერათ, რომ ჯინებს სწამთ ყურანისა. ცხადია, ჯადოსანი ისეთს ვერაფერს იღონებდა, რომ დავეზიანებინე. მე ხომ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე ვიდექი და ვლოცულობდი იესო ქრისტეს სახელით, იმ სახელით, რომელიც თავზარს სცემს ყველა დემონსა და ჯინს. უცნაურია! შემლოცველმა უთხრა დედაჩემს: „შენი ძე იმ გზაზე დგას, რომელსაც არასოდეს მიატოვებს!“

ღმერთმა მრავალი სასწაული და ნიშანი მოახდინა ჩემს ცხოვრებში. ძალიან ვმხნევდები მათი გახსენებისას. დასაწყისიდანვე უფალმა მიპატრონა და მომიყვანა აქამდე 16 წლის წინ და მას არასოდეს, არც ერთი წამით არ მივუტოვებივარ!

„უღმერთოების მოლი” („უღმერთოთა შორის”)
მთარგმნელი: ლუხუმ მაისურაძე
რედაქტირება: Jesus.ge (ნინო ხუროშვილი)