“ჩემი აღსარება მდუმარე და დაუდუმებელი…” – ნეტარი ავგუსტინე

362

როგორიც უნდა ვიყო, უფალო, მთლიანად შენ წინაშე ვდგავარ… უკვე გითხარი, რა ნაყოფსაც მოველი ამ ჩემი აღსარებიდან, რომელსაც ხორციელი ხმითა და სიტყვებით როდი გეუბნები, არამედ სულის სიტყვებითა და ფიქრთა ღაღადისით, როდესაც უკეთურება მომჭარბდება, მთელი ჩემი აღსარება შენდამი ისაა, რომ თვითონვე არ მომწონს ჩემივე თავი, ხოლო როცა სიკეთე მძლავრობს ჩემში, აი, ჩემი აღსარება შენდამი: ჩემს თავს როდი მივაწერ ამას, რადგანაც „შენ აკურთხებ მართალს, უფალო“ , მაგრამ მანამდე „შენვე უჩვენებ სიმართლის გზას იმას“, ვინც ადრე ცოდვილი იყო. ჩემი აღსარება შენ წინაშე მდუმარეცაა და დაუდუმებელიც. დუმს ენა, მაგრამ ღაღადებს გული. არ არსებობს ისეთი წრფელი სიტყვა, ხალხს რომ ვუთხრა და უმალ შენ არ ისმინო, და არც რა გსმენია ჩემგან ისეთი, უმალ შენ რომ არ გეთქვას ჩემთვის.

მაშ, რა მესაქმება ხალხთან, ან რატომ უნდა ისმინონ ჩემი აღსარება, თითქოს შეეძლოთ „ყოველი ჩემი სნეულების“ განკურნვა? ეს მოდგმა მხოლოდ სხვისი ცხოვრების ჩხრეკაში იჩენს გულმოდგინებას, მაგრამ თითსაც არ გაანძრევს იმისთვის, რომ გამოასწოროს თავისი საკუთარი ცხოვრება. რატომ ცდილობენ ჩემგან გაიგონ, ვინ ვარ და რა ვარ? რატომ ცდილობენ ამას ისინი, ვსაც არ სურს შენგან გაიგოს, რანი არიან თავად? თუმცა ვინც ჩემგან ისმენს ჩემსავე ამბავს, რანაირად გაიგებს, მართალს ვამბობ თუ არა, ვინაიდან არც ერთმა კაცმა არ იცის „რა ხდება კაცში, თუ არა კაცის სულმა, რომელიც არის მასში“. ხოლო თუ შენგან გაიგებს, რა არის თავად, ვეღარ იტყვის, უფალი ცრუობსო. ვინც ისმენს, რას ამბობ მასზე, განა ამით არ შეიცნობს საკუთარ თავს? ან ვის შეუძლია, თავისი თავი შეიცნოს და თქვას, ეს სიცრუეაო? მაგრამ რაკი „სიყვარულს ყველაფერი სწამს“, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის მაინც, ვინც ერთარსად შეუსისხლხორცებია, ამიტომ მეც აღსარებას გეუბნები, უფალო, რათა გაიგონოს ამ ხალხმა, რომელსაც ვერ დავუმტკიცებ, მართალია თუ არა ეს ჩემი აღსარება; მაგრამ იმათ მაინც სწამთ ჩემი, ვისაც ყურნი სიყვარულმა გაუხსნა ჩემი სიტყვებისათვის.

მაშ, განმიმარტე, ჩემი სულის მკურნალო, რისთვის ვიქმ ამას. უწინდელ ცოდვათა აღიარება, რომელნიც უკვე წარხოცე და მომიტევე, რათა ბედნიერი ვყოფილიყავი შენში, და რწმენითა თუ იდუმალებით შეცვალე ჩემი სული, დიახ, ამნაირი აღიარება აფხიზლებს მისი მკითხველისა თუ მსმენელის სულს, ნებას არ აძლევს მას, სასოწარკვეთილებას მიეცეს და მწარედ ამოიგმინოს, აღარ შემიძლიაო; აიძულებს – იფხიზლოს შენი მოწყალებისა და უტკბესი მადლის იმედით, მოწყალებისა, ძალას რომ ანიჭებს უძლურს, რომელიც მისი მეოხებით შეიცნობს თავის უძლურებას. კეთილი კაცი სიამოვნებით ისმენს სხვის მიერ ოდესღაც განცდილი უბედურების ამბავს, მაგრამ თვით უბედურება კი არ ანიჭებს სიამოვნებას, არამედ ის, რომ უბედურება უკან დარჩა.

მაშ, რას მოველი, ღმერთო ჩემო, ვისაც ჩემი სინდისი ყოველდღე მოგმართავს აღსარებით, სინდისი, რომელსაც შენი გულმოწყალების იმედი უფრო აქვს, ვიდრე თავისი უმანკოებისა? გეკითხები, რას მოველი-მეთქი, ამ ჩემი აღსარებით რომ ვდგავარ როგორც შენ წინაშე, უფალო, ასევე კაცთა წინაშეც, და იმას კი არ გაუწყებთ, თუ როგორი ვიყავი უწინ, არამედ იმას, თუ როგორი ვარ ახლა. რა ნაყოფი გამოაქვს გარდასულ შეცოდებათა აღიარებას, ეს დავინახე და აღვნიშნე კიდეც. მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენს უნდა გაიგოს, რანაირი ვარ მე ახლა, როცა ამ ჩემს აღსარებას ვწერ; ზოგი მიცნობს, ზოგი კი არა, მაგრამ რაღაც გაუგია ჩემგან ან ჩემზე. ვაი, რომ ყურს ვერ მიადებენ ჩემს გულს, თორემ მაშინ კი მიხვდებოდნენ, ვინცა ვარ. ამიტომაც სურთ მოისმინონ ჩემი აღსარება იმის თაობაზე, ვინ ვარ და რა ვარ შინაგანად, რაც მიუწვდომელია როგორც მათი თვალისთვის, ისე ყურისა თუ გონებისთვისაც. მათ სურთ ირწმუნონ ჩემი სიტყვები, თორემ რა გზით შემიცნობენ სხვანაირად? სიყვარული, რომელიც აკეთილშობილებს მათ სულს, არწმუნებს მათ, რომ არ ვიცრუებ ჩემს აღსარებაში, და თვით ამ სიყვარულს მათსას სჯერა ჩემი…

აი, ჩემი აღსარების ნაყოფი: იმის გადმოცემა კი არაა, თუ როგორი ვიყავი უწინ, არამედ იმისა, თუ როგორი ვარ ამჟამად. მე მინდა ვაღიარო ეს არა მარტო შენ წინაშე, იდუმალი „შიშით და ძრწოლით“, იდუმალი ჭმუნვით და სასოებით, არამედ ადამის კეთილმორწმუნე ძეთა წინაშეც, რომელნიც იზიარებენ ჩემს სიხარულს და ინაწილებენ ჩემს მწარე ხვედრსაც – მოკვდავობას. ისინი ჩემი თანამოქალაქენი არიან და ჩემივე თანამგზავრნი ამქვეყნიური ცხოვრების ორომტრიალში, მიუხედავად იმისა, წინ მისწრებენ, უკან მომდევენ თუ ჩემ მხარდამხარ მოდიან: შენი მსახურნი და ჩემი ძმები, შენი შვილები და ჩემი უფალნი, რომელთა მსახურებაც მიბრძანე, თუკი ვისურვებდი, შენითა და შენთვის მეცოცხლა. შენს ძეს რომ მხოლოდ სიტყვებით დავემოძღვრეთ, ეს არ იქნებოდა საკმარისი, მაგრამ მან თავისი საქმით გვიჩვენა გზა, და მეც ამ გზას მივდევ: სიტყვით თუ საქმით ვემსახურები ჩემსავე მოყვასთ, „შენი ფრთების ჩრდილს შეფარებული“, რადგანაც საშინელი განსაცდელი მემუქრებოდა, შენს ფრთებს რომ არ შეხიზვნოდა ჩემი სული, და არ გცოდნოდა ჩემი უძლურება. მე ვარ უმწეო ყრმა, მაგრამ უკვდავია მამა ჩემი და ყოვლისშემძლეა მფარველი ჩემი. მან დამბადა და მმფარველობს კიდეც. შენ ხარ მთელი ჩემი სიკეთე, მძლეთამძლეო; ყოველთვის ჩემთან იყავი, თვით მაშინაც კი, ვიდრე მე მოვიდოდი შენთან. ამიტომაც ვაუწყებ იმ ხალხს, ვისი მსახურებაც მიბრძანე, არა იმას, თუ რა ვიყავი, არამედ იმას, თუ ვინ ვარ და რა ვარ ახლა; მაგრამ „მე თვითონ როდი განვიკითხავ ჩემსავე თავს“; დაე, ახსოვდეთ ეს ჩემს მსმენელებს…

ნეტარი ავგუსტინე (“აღსარებანი”), წიგნი მე-10, თავი 1-5.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...