სერ თომას მორი

309

თომას მორი იყო ჰენრი VIII-ს სანდო მრჩეველი, რომელსაც თავი მოჰკვეთეს იმისათვის, რომ ეწინააღმდეგებოდა მეფის განქორწინებას და ინგლისის ეკლესიის გამოყოფას რომისგან. ის კათოლიკური რწმენის თავგამოდებული დამცველი გახლდათ და წერდა ტრაქტატებს პროტესტანტული რეფორმაციისა და მარტინ ლუთერის წინააღმდეგ.

თომას მორი დაიბადა 1478 წელს, ლონდონში, იურისტ ჯონ მორის ოჯახში. თომასი ბერად უნდა შემდგარიყო, თუმცა, საბოლოოდ, ის მამის კვალს გაჰყვა და ოქსფორდის უნივერსიტეტში იურისპრუდენცია შეისწავლა.

1504 წელს თომას მორი გახდა პარლამენტის წევრი და ცოტა ხნის შემდეგ მერი კოლტზე იქორწინა, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა. მერი 1511 წელს გარდაიცვალა ციებ-ცხელებით. თომასმა მეორედ იქორწინა მდიდარ ქვრივზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია.

1510 წლიდან მორი ლონდონის შერიფის წარმომადგენლად დაინიშნა და მალე მოიხვეჭა წარმატებული და პატიოსანი სახალხო კლერკის რეპუტაცია იმ დროს, როცა მექრთამეობა ყვაოდა. ეს მეფე ჰენრი VIII-მაც შენიშნა და 1518 წელს თავის მრჩევლად დანიშნა. 1521 წელს კი ის რაინდად აკურთხეს „მეფისა და ინგლისის წინაშე დამსახურებისათვის“ და მის სახელს ტიტული „სერ“ დაემატა.

1523 წელს ის აირჩიეს თემთა პალატაში. ამ ვალდებულებათა გარდა მორი წერდა კიდეც. მისი ერთ-ერთი გავლენიანი ნამუშევარი იყო „უტოპია“. მის ნამუშევრებზე გავლენას ახდენდა მისივე რელიგიური შეხედულებანი, რომლებიც ეფუძნებოდა ახალ აღთქმაში მოცემულ ბიბლიურ კომუნალიზმს.

მორი კათოლიკურ ეკლესიას იცავდა მარტინ ლუთერის კრიტიკისა და პროტესტანტული რეფორმაციისგან, რადგან რეფორმაციას ის ერესად მიიჩნევდა. ის პირადად მონაწილეობდა ამ ერესში ეჭვმიტანილთა დაკითხვაში. თავისი სატირული ნაწერებით ის აკრიტიკებდა არა მხოლოდ მარტინ ლუთერს, არამედ უილიამ ტინდეილსაც.

თავად მური უარს ამბობდა პროტესტანტების გამათრახებასა და წამებაზე, თუმცა თანახმა იყო, რომ ისინი კოცონზე დაეწვათ. მას მტკიცედ სწამდა, რომ პროტესტანტიზმი ღვთის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა.

1529 წელს თომას მორი მეფემ ლორდ-კანცლერად დანიშნა, რაც სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობა გახლდათ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს თანამდებობა ბურჟუაზიული წრიდან გამოსულმა ადამიანმა დაიკავა.

როგორც ჩანს, სწორედ მორი გახლდათ ავტორი ცნობილი მანიფესტისა: „შვიდი წმინდა საიდუმლოების დაცვისათვის“ (ლათ.: Assertio septem sacramentorum, ინგლ. Defence of the Seven Sacraments), რომელიც იყო მეფე ჰენრი VIII-ეს პასუხი მარტინ ლუთერისადმი. ამ მანიფესტისათვის რომის პაპმა ინგლისის მეფეს „რწმენის დამცველის“ (Defensor Fidei) ტიტული უბოძა (საინტერესოა, რომ კათოლიკური ეკლესიისაგან გამოყოფის შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში, ინგლისის მონარქები მაინც იწონებდნენ თავს ამ ტიტულით, ხოლო ინგლისურ მონეტებზე დღესაც ამოტვიფრულია ასოები D. F.).

1532 წელს მორი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი გახლდათ ინგლისის ეკლესიის გამოყოფა რომისგან და მეფის ხელახალი ქორწინება. თომას მორი არ დაესწრო ჰენრი VIII-ისა და ანა ბოლეინის ქორწინებას და ეს მეფეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.

მას ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში. თომას მორს ჩამოართვეს მეფის მიერ მისთვის მინიჭებული ყველა ტიტული და ქონება. 1535 წელს უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მორს გამოუტანეს სასტიკი განაჩენი, რომლის თანახმად მის სხეულს დაანაწევრებდნენ და ქალაქის კარიბჭეზე ჩამოკიდებდნენ, ხოლო თავს კი ლონდონის ხიდზე. შემდგომში მეფემ „შეამსუბუქა“ განაჩენი და ბრძანა, მხოლოდ თავი მოეკვეთათ „დამნაშავისთვის“.

„მეფის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის ერთგული მსახური“, – როგორც ამბობენ, ეს გახლდათ მორის უკანასკნელი სიტყვები.

კათოლიკური ეკლესიის მიმართ ასეთი ერთგულებისათვის 1935 წელს ის წმინდანად შეირაცხა.

თომას მორის შესახებ ფრედ ცინემანმა 1966 წელს გადაიღო ფილმი „ყველა დროის ადამიანი“ (A Man for All Seasons). ფილმმა 6 ოსკარი მოიპოვა.

ჩატვირთვა...