ნავიგაცია
ახალი ამბები
ჯონ უიკლიფი  – „რეფორმაციის დილის ვარსკვლავი….“

ჯონ უიკლიფი – „რეფორმაციის დილის ვარსკვლავი….“

ჯონ უიკლიფი (1330-1384) იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, მქადაგებელი და მთარგმნელი. ის ასევე გახლდათ უიკლიფისტების სწავლების ფუძემდებელი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც „ლოლარდების მოძრაობა“ (შუა საუკუნეების ანტიკათოლიკური რელიგიური თემი, რომელმაც იარსება მე-16 საუკუნემდე).

ჯონ უიკლიფმა შექმნა ბიბლიის ერთ-ერთი პირველი  ინგლისურენოვანი თარგმანი და უზრუნველყო მისი ფართოდ გავრცელება. იგი აპროტესტებდა პაპიზმსა და კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას. უიკლიფი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობის პირველადი საფუძველი საღმრთო წერილია. ის მიიჩნევა მარტინ ლუთერის პერიოდის რეფორმაციის წინამორბედად.

ჯონ უიკლიფი დაიბადა 1320-იან წლების შუა ხანებში, იორკშირის სოფელ ჰიპსველში, საქსონური წარმოშობის ოჯახში. გვარი ოჯახმა მიიღო ახლომდებარე სოფლის (უიკლიფი ტისზე) სახელწოდების მიხედვით.

ჯონ უიკლიფი სწავლობდა ბალიოლის კოლეჯში, მოგვიანებით კი მისი ხელმძღვანელიც გახდა. უიკლიფს განსაკუთრებით თეოლოგია და საღმრთო წერილების შესწავლა იტაცებდა. 16 წლის ჯონი ოქსფორდში გაემგზავრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკისა და თეოლოგიის შესასწავლად. მან ჯერ თეოლოგიის ბაკალავრის, ხოლო შემდეგ თეოლოგიის დოქტორის წოდება მიიღო 1372 წელს.

ჯონ უიკლიფი ცნობილი სამართალმცოდნე გახლდათ, რითიც მან კენტერბერის არქიეპისკოპოსის ყურადღება მიიპყრო. 1365 წელს არქიეპისკოპოსმა ის კენტერბერის კოლეჯის ხელმძღვანელად დანიშნა. მაშინ, როდესაც პაპი ცდილობდა ინგლისისაგან გადასახადების მიღებას, უიკლიფი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიიღო მონაწილეობა პაპისთვის საპასუხო დოკუმენტის შედგენაში, სადაც აღნიშნული იყო, რომ არ არსებობდა უცხო სახელმწიფოსაგან შესაწირის მოთხოვნის საფუძველი.

„ინგლისის ტერიტორიის მესამედზე მეტი პაპის ძალაუფლების ქვეშაა. არ შეიძლება იყოს ორი მონარქი ერთ ქვეყანაში; ან მეფე ედუარდი უნდა იყოს მეფე, ან პაპი ურბანი. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ინგლისის მეფის, ედუარდის სასარგებლოდ და უარვყოფთ რომის პაპს ურბანს“.

პაპმა გააუქმა მოთხოვნა, რადგანაც იგი ერიდებოდა დაპირისპირებას ინგლისთან.

1374 წელს უიკლიფი მონაწილეობდა ბრიუგეში, ინგლისსა და საფრანგეთს შორის   გამართულ მშვიდობის კონგრესში. ამან ხელი შეუწყო მისი პოლიტიკური გავლენის შემდგომ ზრდას.

ოქსფორდში სწავლის ადრეული პერიოდიდანვე უიკლიფი დაობდა კათოლიკური ფილოსოფიისა და გავლენის მრავალ ასპექტთან დაკავშირებით. საწყის ეტაპზე დავას მეტად აბსტრაქტულ-ფილოსოფიური ხასიათი ჰქონდა, თუმცა თანდათანობით მან დაიწყო ეკლესიის ძალაუფლებისა და ქმედებათა გაკრიტიკება. უიკლიფი ამტკიცებდა, რომ სასულიერო პირებს არ ჰქონდათ უფლება დიდი საერო ძალაუფლების ფლობისა და რომ მათთვის ჩვეული ამორალური ქმედებანი სრულად ეწინააღმდეგებოდა სახარებას.

ბრიუგეში დაბრუნების შემდგომ თავისი ქომაგის, ჯონ გონტის დახმარებით დაწერა რელიგიური შინაარსის ტრაქტატები და წიგნები, სადაც იგი განამტკიცებდა თავის შეხედულებებს (მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო Summa Theologiae). ნაშრომები შეიცავდა მსჯელობას ინდულგენციების მეშვეობით ცოდვათა მიტევების აბსურდულობისა და ასევე იმის შესახებ, რომ მეფეს უფლება ჰქონდა, განსაზღვრულ შემთხვევებში, ჩამოერთმია ეკლესიისათვის საკუთრება.

უიკლიფი გახდა წარმატებული მქადაგებელი ლონდონში, რომლის შეხედულებებსაც მრავალი რეფორმატორი იზიარებდა. მისი საქმიანობა, რა თქმა უნდა, ექცეოდა კათოლიკური ეკლესიის მსახურთა ძლიერი კრიტიკის ცენტრში, რომლებსაც უიკლიფი გამუდმებით ამხელდა. უიკლიფის მოწინააღმდეგენი სწორედ მას ადანაშაულებდნენ ინგლისის ეკლესიისათვის სახელმწიფოს მიერ დიდი ქონების ჩამორთმევის წახალისებაში.

ჯონ უიკლიფის ჩამოშორება კათოლიციზმისგან დაიწყო 1376 წელს ოქსფორდში წაკითხული ლექციების კურსით „სამოქალაქო საკუთრების“ შესახებ. ის ამბობდა, რომ უმართლო სამღვდელოებას არ ჰქონდა საკუთრების ქონის უფლება, რომ ქრისტე და მის მოწაფეები არ ფლობდნენ რაიმე ქონებას და სასულიერო პირებიც ასევე უნდა ყოფილიყვნენ. უიკლიფი იცავდა ეკლესიის კუთვნილი მიწების სეკულარიზაციის იდეას და ამის გამო რამდენიმე მსხვილი ფეოდალის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, რომელთაც ჯონ ლანკასტერი ედგათ სათავეში.

უიკლიფი ასწავლიდა, რომ ზეპირსიტყვიერი აღსარება ადამიანის სინდისზე ძალადობა გახლდათ, რადგან საკმარისი იყო ადამიანის შინაგანი აღსარება ღვთის წინაშე. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა სწავლებას იმის შესახებ, რომ ზიარებისას პური და ღვინო ქრისტეს სხეულად და სისხლად გარდაიქმნებოდა და ამბობდა, რომ ზიარებისას იყო მხოლოდ ქრისტეს სულიერი თანდასწრება. უიკლიფი ქადაგებდა, რომ ყოველი ადამიანი პირდაპირ არის დაკავშირებული ღმერთთან და დამაკავშირებელი რგოლად ეკლესია არ არის საჭირო. გარდა ამისა, ის მოითხოვდა, რომ ბიბლია ლათინურიდან იგლისურად თარგმნილიყო, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები ყოფილიყო წმინდა წერილი.

შემდგომი წლების განმავლობაშიც უიკლიფი განაგრძობდა დაპირისპირებას პაპსა და  ეკლესიის იერარქიულ წყობილებასთან. ეკლესიას ისიც კი სურდა რომ გაენადგურებინა ახალი აღთქმის ინგლისური თარგმანი, მაგრამ მათი სიმრავლის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

1378 წელს პაპმა საგანგებო ბულა გამოსცა, რომლითაც იგი უიკლიფის სწავლებას გმობდა, თუმცა სამეფო კარისა და ოქსფორდის უნივერისტეტის შუამდგომლობის წყალობით მან თავისუფლების შენარჩუნება მოახერხა.

კენტერბერის არქიეპისკოპოსის ზეწოლით ოქსფორდის ღვთისმეტყველებმა დაგმეს ჯონ უიკლიფის 12 თეზისი. ის და მისი მხარდამჭერები განდევნეს უნივერსიტეტიდან, შემდეგ კი ეკლესიიდანაც განკვეთეს. ამის შემდეგ უიკლიფმა თავი შეაფარა ლატერვორტს, სადაც დაკავებული იყო ბიბლიის ინგლისურ ენაზე თარგმნით და სადაც დაწერა თავისი მთავარი ნაშრომი „ტრიალოგი“, რომელშიც მისი რეფორმატორული იდეები იყო გადმოცემული. 1384 წლის 31 დეკემბერს ჯონ უიკლიფი ინსულტით გარდაიცვალა.

უიკლიფის შეხედულებები ხელმეორედ დაგმეს 1412 წელს გამართულ რომის და 1415 წელს გამართულ კონსტანცის საეკლესიო კრებებზე და მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უიკლიფის ნეშტი დაწვეს კოცონზე.

წყარო: