ამაყი წითელი ვარდი

0

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ტყეში წითელი ვარდი გაიშალა. ბევრი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და ყვავილი ხარობდა იქ. ვარდის ახლოს მდგარმა ფიჭვის ხემ თქვა: „რა მშვენიერი ყვავილია. ნეტავ, მეც მისნაირი მშვენიერი ვიყო“. მეორე ხემ მიუგო: „ძვირფასო ფიჭვო, ნუ წუხხარ, შეუძლებელია, რომ ყველაფერი გვქონდეს“.

ვარდმა თავი მოაბრუნა და აღნიშნა: „როგორც ჩანს, ყველაზე მშვენიერი მცენარე ვარ ამ ტყეში“.

მზესუმზირამ წამოსწია თავისი ყვითელი თავი და ჰკითხა: „რატომ ამბობ ასე? ამ ტყეში ბევრი მშვენიერი მცენარეა. შენ უბრალოდ ერთ-ერთი მათგანი ხარ“.

წითელმა ვარდმა უპასუხა: „ვხედავ, რომ ყველა მე მიყურებს და მაღმერთებს“. შემდეგ კაქტუსს შეხედა და თქვა: „შეხედეთ ამ უშნო, ეკლებასხმულ მცენარეს!“

ფიჭვმა უთხრა: „წითელო ვარდო, როგორ ლაპარაკობ? ვის შეუძლია თქვას, რა არის სილამაზე? შენც გაქვს ეკლები“.

ამაყმა წითელმა ვარდმა ბრაზით შეხედა ფიჭვს და უპასუხა: „მეგონა კარგი გემოვნება გქონდა. შენ საერთოდ არ იცი, რა არის სილამაზე და როგორ შეიძლება ჩემი ეკლები კაქტუსის ეკლებს შეადარო!“

„რა ამაყი ყვავილია!“ – ფიქრობდნენ ხეები.

ვარდი ცდილობდა, რომ თავისი ფესვები კაქტუსისგან შორს გაეწია, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. დღეები გადიოდა. ვარდი ყოველდღე შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა კაქტუსის შესახებ: „რა გამოუსადეგარი მცენარეა… რა სამწუხაროა, რომ მის მეზობლად მიწევს ყოფნა…“

კაქტუსი არ გაბრაზებულა, პირიქით, რჩევაც კი მისცა მას: „ღმერთს არავინ და არაფერი შეუქმნია უმიზეზოდ და უმიზნოდ“.

გავიდა გაზაფხული და დაცხა. ტყეში ცხოვრება გართულდა. მცენარეებს და ცხოველებს წყალი სჭირდებოდათ, თუმცა წვიმა არ მოდიოდა. წითელმა ვარდმა ჭკნობა იწყო. ერთხელ დაინახა, რომ ბეღურებმა ნისკარტები კაქტუსს ჩაარჭეს და ცოტა ხნის შემდეგ გამოცოცხლებულნი გაფრინდნენ. ვარდი ძალიან დაიბნა და ფიჭვს ჰკითხა ჩიტების ქცევის მიზეზის შესახებ.

ფიჭვმა აუხსნა, რომ ჩიტებმა წყალი დალიეს კაქტუსიდან.

„არ ეტკინა, როცა ნისკარტები ჩაარჭეს ჩიტებმა?“ – ჰკითხა ვარდმა.

„კი, მაგრამ კაქტუსს არ მოსწონს, როდესაც ჩიტების ტანჯვას უყურებს“, – უპასუხა ფიჭვმა

ვარდმა გაოცებულმა შეხედა და იკითხა: „კაქტუსს აქვს წყალი?“

„დიახ, შენც შეგიძლია დალიო. ბეღურები მოგიტანენ, თუ კაქტუსს სთხოვ დახმარებას“.

წითელ ვარდს ძალიან შერცხვა იმის გამო, რასაც ეუბნებოდა და როგორც ექცეოდა კაქტუსს და ვერ ბედავდა მისთვის დახმარების თხოვნას. ბოლოს მაინც გაბედა და წყალი სთხოვა მეზობელს. გულკეთილი კაქტუსი დასთანხმა. ჩიტებმა ნისკარტები წყლით აივსეს და ვარდის ფესვები მორწყეს. ასე ისწავლა ვარდმა ჭკუა და იმის შემდეგ არასოდეს არავინ განუკითხავს გარეგნობის მიხედვით.