არწივის მართვე

450

ერთხელ, ერთმა ფერმერმა შემთხვევით იპოვა არწივის ბუდე, სადაც იდო კვერცხი. სახლში დაბრუნებულმა კვერცხი კრუხს დაუდო, აინტერესებდა, აქედან რა გამოვიდოდა. გარკვეული დროის შემდეგ გამოიჩეკა მართვე.

წიწილებთან ერთად ფერმაში ცხოვრების პერიოდში პატარა მართვემ ქათმებისთვის დამახასიათებელი ყველა ჩვეულება შეისწავლა. ის ჭამდა იმას, რასაც ქათმები. მან ისწავლა მიწის ქექვა, მატლების პოვნა. ზოგჯერ დღესასწაულიც კი ჰქონდა, პატრონი ხორცის ნაჭრებით უმასპინძლდებოდა. მართვე რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ ძალიან განსხვავდებოდა თავისი ,,ნათესავებისგან“.

მისი ნისკარტი იყო კეხიანი და მჭრელი. ფეხზე ეზრდებოდა მჭრელი და ბასრი ბრჭყალები. თვალები კი! მისი მზერა იყო შორსმჭვრეტელი და გამსჭვალავი (გამგმირავი). მას მუდმივად უნდოდა იმის გაგება, თუ რა ხდებოდა ღობის იქით, იმ დროს, როცა ქათმებს ეს საერთოდ არ აინტერესებდათ.

გავიდა მრავალი წელი. მართვე თავს ვერ გრძნობდა მყუდროდ ძველ საქათმეში. მას მოჰბეზრდა ქათმების საკენკი. მისთვის აღარ იყო საინტერესო თავისი “მეგობრების“ თამაშები. მართვეს რაღაც განსაკუთრებული სურდა! ეს რაღაც განსაკუთრებული კი რა იყო, თავადაც არ იცოდა. სადღაც ქვეცნობიერად მას ესმოდა, რომ მის თავს რაღაც არასწორი ხდებოდა. ფერმა მისთვის გალია იყო, სიცოცხლე – კი ცარიელი და უინტერესო. სასოწარკვეთილება და შინაგანი სიცარიელის შეგრძნება უფრო ხშირად და ხშირად ეუფლებოდა მის გულს. თავს სრულიად მარტოდ გრძნობდა მხიარული ქათმების საზოგადოებაში.

ერთხელ, შემოდგომის ერთ დღეს, როცა ცაზე შავმა ღრუბლებმა მოიყარა თავი, ფერმის თავზე გამოჩნდა არწივი. ის მაღლა ჰაერში თავისუფლად დალივლივებდა, ირაოს აკეთებდა. უცებ შორს, ქვემოთ, ჭუჭყიან ფერმაში, შეშფოთებულ ქათმებს შორის რაღაც ნაცნობი და მშობლიური დაინახა. ეზოში მარტო იდგა თავჩაქინდრული, ფრთებდაშვებული და საკმაოდ ზრდასრული არწივის მართვე. მან რამდენიმე წრე გააკეთა ჰაერში და ქვემოთ დაეშვა, დაიყვირა, ახალგაზრდა არწივის ყურადღების მიქცევა უნდოდა. ციდან განმგმირავი ყვირილის გაგონებისთანავე ქათმები თავზარდაცემულები გაიფანტნენ სხვადასხვა მიმართულებით. მხოლოდ არწივის მართვე იდგა გაუნძრევლად. არწივის ხმაში მან გაიგონა რაღაც ახლობელი, ნაცნობი და მშობლიური. თავის ცხოვრებაში პირველად ასწია მაღლა თავი და ცას გახედა. მოგროვილი ღრუბლების ფონზე მან თავისუფლად მოლივლივე არწივი შენიშნა. მისმა გულმა თრთოლვით დაიწყო ფეთქვა. მოლივლივე ფრინველში მან შენიშნა რაღაც თავისი მსგავსი.

მართვემ თავი დახარა, საკუთარ თავს შეხედა, შემდეგ ისევ ცისკენ გაიხედა. კვლავ საკუთარი თავი შეათვალიერა, მერე ისევ ცაში აიხედა. მან თითქოს რაღაც გააცნობიერა. სცადა ფრთების მოქნევა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ფრთები რატომღაც არ ემორჩილებოდა მის სურვილს. ციდან ისევ გაისმა არწივის ხმა, რომელიც იხმობდა. ახალგაზრდა არწივმა გაშმაგებით დაიწყო ფრთების ქნევა, ცდილობდა აფრენილიყო, მაგრამ მიწა მაგნიტივით იზიდავდა. ფრთების ქნევა ყოველ ჯერზე ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. უცებ ქარის ძლიერმა ნაკადმა აიტაცა არწივი და იგი მაღლა და მაღლა მიიწევდა, ცის სივრცეს ეუფლებოდა. არწივი აიწია ზეცად, დიდი ფრთების მსუბუქი მოძრაობით და ძლიერი ქარის ნაკადის მეშვეობით, თავის ცხოვრებაში პირველად შეიგრძნო თავისუფლება და ბოლოს, მან მიიღო ის, რისკენაც მთელი ცხოვრება ილტვოდა მისი – არწივის გული.

ორი თავისუფალი ფრინველი მაღლა აიჭრა ცაში და თამაშით მიიმალა ჩამავალ მზის სხივებში.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ხმაურიან და ერთი შეხედვით მხიარულ საზოგადოებაში, ხშირად თავს გრძნობენ მარტოსულ და არასაჭირო არსებებად. სადღაც, გულის სიღრმეში მათ ენატრებათ ნამდვილი და უღალატო სიყვარული, ჭეშმარიტი მეგობრობა და ნორმალური ადამიანური ურთიერთობები. მათ სურთ რაღაც სუფთა და წმინდა. ადამიანის სული პოულობს პასუხს ყველა თავის კითხვაზე და საჭიროებაზე მხოლოდ მაშინ, როცა რწმენით ფრთაშესხმული რეალურ შეხვედრას განიცდის თავის შემოქმედთან.

ჩატვირთვა...