გემი

0

სამოგზაურო გემი ქარიშხალმა ნამსხვრევებად აქცია. გემზე მყოფთაგან მხოლოდ ორი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ერთ პატარა კუნძულზე აღმოჩნდნენ.

ისინი მიხვდნენ, რომ ლოცვის გარდა სხვა გზა არ არსებობდა, მაგრამ იმისათვის, რომ გაეგოთ, ვისი ლოცვა უფრო ძლიერი იყო, გადაწყვიტეს, კუნძულის ტერიტორია ორ ნაწილად გაეყოთ და ერთმანეთის საპირისპირო მხარეს ყოფილიყვნენ.

პირველი, რისთვისაც მათ ილოცეს, საკვები იყო. მეორე დილით პირველმა კაცმა ნაყოფით დახუნძლული ხე დაინახა და გული იჯერა ჭამით.

მეორეს არაფერი რგებია წილად.

ერთი კვირის შემდეგ პირველ კაცს მოსწყინდა მარტოობა და გადაწყვიტა ღმერთსათვის ცოლი ეთხოვა. მეორე დღეს კიდევ ერთი გემი დაიმსხვრა სანაპიროსთან. ერთადერთი გადარჩენილი იყო ქალი, რომელმაც კუნძულის იმ მხარეს  გაცურა, სადაც პირველი კაცი ცხოვრობდა.

კუნძულის მეორე მხარეს კი არაფერი იყო.

ამის მერე პირველმა კაცმა დაიწყო ლოცვა სახლისთვის, სამოსისა და მეტი საკვებისთვის. მომდევნო დღეს, რაღაც სასწაულებრივი გზით, ეს ყველაფერი მიეცა მას.

მეორე კაცს ისევ არაფერი ჰქონდა.

ბოლოს პირველმა კაცმა დაიწყო ლოცვა გემისთვის, რომ ცოლთან ერთად კუნძული დაეტოვებინა. დილით დაინახა, რომ ნაპირთან გემი იდგა. ავიდა გემზე თავის ცოლთან ერთად და გადაწყვიტა, რომ მეორე კაცი იმ უკაცრიელ კუნძულზე მიეტოვებინა.

მან მიიჩნია, რომ ის არ იმსახურებდა ღვთის კურთხევას, რადგან ღმერთმა მის არც ერთ ლოცვას არ უპასუხა.

როგორც კი გასაცურად მოემზადნენ, ზეციდან ხმა მოესმა: „რატომ ტოვებ მას კუნძულზე?“

„ჩემი კურთხევანი მხოლოდ ჩემია, რადგან მე ვლოცულობდი მათ მისაღებად“, უპასუხა ღმერთს პირველმა კაცმა. მისი ყველა ლოცვა კი უპასუხოდ დარჩა და შესაბამისად, ის არაფერს იმსახურებს“.

„ცდები!“ – უსაყვედურა ღმერთმა. „მან ერთადერთი რამ მთხოვა და მე შევუსრულე. ის რომ არა, ვერაფერსაც ვერ მიიღებდი.“

„მითხარი, რა ითხოვა მან? რით ვარ დავალებული?“ – იკითხა პირველმა კაცმა.

„მან მთხოვა, რომ შენი ყველა სათხოვარი შემესრულებინა“, – მიუგო ღმერთის ხმამ.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებული ღვთის კურთხევანი მხოლოდ ჩვენო ლოცვის ნაყოფი არ არის, არამედ მათი, ვინც ჩვენთვის ლოცულობენ.

  • 24
    Shares