მოუთმენლობა (იგავი)

105

ერთხელ, ერთმა მეფემ თავისი შიკრიკი გაგზავნა მეზობელ მეფესთან.

დაგვიანებულმა შიკრიკმა აჩქარებით შეირბინა სატახტო დარბაზში და ქოშინით ამოთქვა:

– ჩემმა ბატონმა… მიბრძანა თქვენთვის მომეტანა ამბავი, რომ მისცეთ მას… თეთრი რაში შავი კუდით… და თუ არ მისცემთ ასეთ ცხენს…

– აღარ მინდა შენი მოსმენა! – შეაწყვეტინა მეფემ. – უთხარი შენს მეფეს, რომ არ მყავს ასეთი ცხენი, და რომ მყავდეს კიდეც…

ამ სიტყვაზე მეფეს ენა დაება, ხოლო შეშინებულმა შიკრიკმა სირბილით დატოვა სასახლე. მან იჩქარა თავის ბატონთან, რათა ეუწყებინა მეზობელი მეფის პასუხი.

ეს რომ გაიგო, მეფე საშინლად გაბრაზდა და მეზობელ მეფეს ომი გამოუცხადა.

ომი დიდხანს გრძელდებოდა და ბევრი სისხლიც დაიღვარა. ბოლოს, მრავალი დანაკარგის შემდეგ, როცა ორივემ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობანი, გადაწყვიტეს შერიგება, რათა განეხილათ, რა ჰქონდათ ერთმანეთის საწინააღმდეგო. მოლაპარაკება რომ დაიწყეს, მეორე მეფემ პირველს ჰკითხა:

– რის თქმა გინდოდა იმ შენი ფრაზით: „მომეცი თეთრი რაში შავი კუდით და თუ არ მომცემ, მაშინ…“?

– „…სხვა ფერის ცხენი მომეცი“, – გააგრძელა პირველმა. – აი, ესაა, რის თქმაც მინდოდა. შენ რას გულისხმობდი: „არ მყავს ასეთი ცხენი და რომ მყავდეს კიდეც…“?

„…აუცილებლად გავუგზავნიდი ჩემს კეთილ მეზობელს.“ – უპასუხა მეორე მეფემ.

ისწავლეთ მოსმენა. პატარა მოუთმენლობასაც კი შეუძლია უსიამოვნო შედეგების მოტანა.

ჩატვირთვა...