ოცნებისა და შეუპოვრობის ძალა

113

ერთხელ ერთ მუხლუხოს ბაღში ამოსული ყვავილი შეუყვარდა. მასზე ფიქრში იძინებდა და იღვიძებდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ყვავილი უფრო და უფრო იზრდებოდა სიმაღლეში და მასზე უიმედოდ შეყვარებული მატლისთვის წინანდელზე უფრო მიუწვდომელი ხდებოდა.

მიუხედავად ამისა, ის ოცნებას არ წყვეტდა, თუნდაც სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა, ერთხელ მაინც ეკოცნა მიჯნურისთვის. თუმცა თავისი უძლურების გამო ისღა დარჩენოდა, სიოს მიერ მოტანილი ყვავილის სურნელით დამტკბარიყო და ოცნებებში მის გვერდით ყოფილიყო.

ერთ დღესაც გადაწყვიტა მთელი ძალა მოეკრიბა და მცენარეზე აცოცებულიყო, რათა თავის საყვარელ ყვავილამდე მიეღწია. მეგობრებმა უთხრეს, რომ ეს სიგიჟე იყო და მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც რომ ეცადა, ვერ შეძლებდა მისწვდომოდა მას. ის კი თავისას არ იშლიდა და გაუყვა ზემოთ მიმავალ მძიმე გზას.

გზად მიმავალს შემოაღამდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ხუთი სანტიმეტრი ჰქონდა გავლილი და ძლიერ დაქანცულობას გრძნობდა. მიუხედავად ამისა, კმაყოფილმა გადახედა დარჩენილ მანძილს და იმედიანად მოხუჭა თვალი.

სიზმრად, ჩვეულებისამებრ, ხედავდა, რომ სრულდებოდა მისი ოცნება. გათენებისას კი აღმოაჩინა, რომ მისი ლორწოვანი სხეული დაცურებულიყო და ისევ იქ იყო, საიდანაც წინა დილიდან დაიწყო ცოცვა.

ნირწამხდარმა ამოიოხრა, მაგრამ ოცნებით ძალამოცემულმა გააგრძელა ცოცვა. დღე დღეს მისდევდა, ღამე – ღამეს, მაგრამ ყველაფერი წინანდელივით მეორდებოდა… სანამ… ერთ ღამეს კოშმარი არ ესიზმრა… ძალიან იტანჯებოდა, მთელი სხეული სტკიოდა, დილით კი დაღლილს გაეღვიძა, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ… მის ოცნებას ფრთები შესხმოდა…

მუხლუხოს ადგილზე მისმა მეგობრებმა უცნაური ნარჩენები აღმოაჩინეს და გაოცებულნი შესცქეროდნენ ულამაზეს პეპელას, რომელიც თავისი ლამაზი ფრთებით ყვავილის გარშემო დაფარფატებდა და მისი სურნელებითა და გემოთი ტკბებოდა.

ჩატვირთვა...