როცა ქარი ქრის…

291

წლების წინ ცხოვრობდა ერთი ფერმერი, რომელიც გამუდმებით აცხადებდა, რომ მუშახელი სჭირდებოდა, მაგრამ ბევრი თავს არიდებდა ამ სამუშაოს, რადგან ფერმა ოკეანის ახლოს მდებარეობდა. ყველას ეშინოდა საშინელი ქარიშხლების, რომლებიც ხშირად მძვინვარებდა სანაპიროსთან ახლოს.

ბოლოს, ერთი ტანდაბალი და გამხდარი კაცი მივიდა მასთან. ფერმერმა ჰკითხა: „კარგად იცით თქვენი საქმე?“

„შემიძლია მშვიდად მეძინოს მაშინ, როცა ქარი ქრის“, – მიუგო კაცმა.

ფერმერი დააფიქრა ამ პასუხმა, ვერ მიხვდა მის აზრს, მაგრამ ისე სჭირდებოდა დამხმარე, რომ აღარ დაფიქრებულა და აიყვანა სამუშაოდ. ტანდაბალი კაცი გულმოდგინედ შრომობდა ფერმაში, დილიდან დაღამებამდე ფუსფუსებდა და ფერმერიც კმაყოფილი იყო მისით.

ერთხელ, ღამით, სანაპიროდან ძლიერმა ქარმა დაუბერა. ფერმერი საწოლიდან წამოხტა და ფარნით ხელში თავისი მუშის ოთახისკენ გაექანა. შეანჯღრია და დაუყვირა: „ადექი, ქარიშხალი გვიახლოვდება. ყველაფერი დააბი და დახურე, სანამ ქარი წაიღებს!“

ტანდაბალმა კაცმა გვერდი იცვალა ლოგინში და წაიბუტბუტა: „მე ხომ ვთქვი, რომ მშვიდად მძინავს მაშინ, როცა ქარი ქრის.“

ამ პასუხით გაცოფებულ ფერმერს უნდოდა იქვე მოეკლა თავისი მუშა, მაგრამ, ნაცვლად ამისა, გარეთ გავარდა, რომ ქარიშხლის დასახვედრად მომზადებულიყო და უცბად, თავისდა გასაოცრად, ნახა, რომ თივის ზვინები დაფარული იყო ბრეზენტით, ძროხები მჭიდროდ იყვნენ ჩაკეტილნი გომურში, ქათმები – საქათმეში. ყველა კარი და დარაბა მჭიდროდ იყო ჩარაზული. ქარი მათ ვერაფერს დააკლებდა.

სწორედ მაშინ მიხვდა ფერმერი თავისი მუშის სიტყვებს. ისიც თავის ლოგინს დაუბრუნდა და მშვიდად ძილი განაგრძო. ქარი კი უბერავდა.

მაშინ, როცა მზად ხართ, სულიერად თუ გონებრივად, არაფრის შიში არ უნდა გქონდეთ. შეგიძლიათ, მშვიდად გეძინოთ, როცა თქვენს ცხოვრებაში ქარი უბერავს?  ღვთის რწმენითა და ნდობით შეგვიძლია მოვემზადოთ ქარიშხლების დასახვედრად. უბრალოდ, ხელი უნდა ჩავჭიდოთ უფალს მაშინ, როცა ქარი ძლიერად უბერავს.

წყარო:

ჩატვირთვა...