სამი კედარი (იგავი)

298

ერთი ძველი ლეგენდის მიხედვით, ლიბანის მშვენიერ ჭალებში დაიბადა სამი კედარი. კედრები, როგორც ყველასათვის ცნობილია, ძალიან ნელა იზრდებიან, ასე რომ, ჩვენმა სამმა ხემ საუკუნეები გაატარა სიცოცხლესა და სიკვდილზე, ბუნებასა და კაცობრიობაზე ფიქრში.

მათ ნახეს, როგორ მოვიდნენ ლიბანის მიწაზე მეფე სოლომონის ელჩები, ხოლო შემდეგ, ასურელებთან ბრძოლაში როგორ მოირწყო მიწა სისხლით. მათ პირისპირ იხილეს შეურიგებელი მტრები − იეზებელი და ელია წინასწარმეტყველი. მათ წინ გამოგონებულ იქნა ანბანი. ისინი გაოცებით უყურებდნენ ფერადი ქსოვილებით დატვირთულ ქარავნებს.
ერთ მშვენიერ დღეს კედრებმა გადაწყვიტეს, მომავალზე ესაუბრათ.

– ამ ყველაფრის შემდეგ, რის მომსწრეც გავხდი, – თქვა პირველმა კედარმა, – მე ვისურვებდი გადავქცეულიყავი ტახტად, რომელზეც დაჯდებოდა ყველაზე ძლევამოსილი მეფე დედამიწაზე.

– მე კი მინდა გავხდე რაღაც ისეთის ნაწილი, რაც სამარადჟამოდ გარდაქმნის ბოროტებას სიკეთედ, – თქვა მეორემ.

– მე კი, – თქვა მესამემ, – ვისურვებდი, რომ ადამიანები როდესაც შემომხედავენ, ყოველთვის ღმერთი ახსენდებოდეთ.

გავიდა მრავალი წელი და აი, ტყეში გამოჩნდნენ შეშის მჭრელები. მათ მოჭრეს და დახერხეს კედრები.

თითოეულ კედარს ჰქონდა თავისი სანუკვარი ოცნება, მაგრამ რეალობა არასდროს გვეკითხება, რაზე ვოცნებობთ. პირველი კედრისგან გომური ააშენეს, ხოლო მისი ნარჩენებისგან − ბაგა. მეორე კედრისგან უხეში ხის მაგიდა დაამზადეს, რომელიც მოგვიანებით ავეჯით მოვაჭრეს მიჰყიდეს. მესამე ხის მორის გაყიდვა ვერ მოხერხდა. მორი დახერხეს დაფებად და ქალაქის საწყობში შეინახეს.

მწარედ ტიროდა სამივე კედარი: ჩვენი მასალა ისეთი კარგი იყო, მაგრამ ვერავინ მოუძებნა მას ღირსეული დანიშნულება.

დრო გადიოდა და აი, ერთ ვარსკვლავებიან ღამეს ერთმა დაოჯახებულმა წყვილმა, რომელმაც ვერ ნახა ღამის გასათევი ადგილი, გადაწყვიტა ღამე გომურში გაეთენებინათ. ცოლს მშობიარობის დრო უწევდა. იმ ღამეს მან ვაჟი გააჩინა და დააწვინა ბაგაში, რბილ თივაზე.

მაშინ მიხვდა კედარი, რომ მისი ოცნება ასრულდა − მასზე დააწვინეს ყველაზე დიდებული მეფე დედამიწაზე.

რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ მოკრძალებულ გლეხურ სახლში ადამიანები მიუსხდნენ მაგიდას, რომელიც მეორე კედრისგან იყო დამზადებული. სადილამდე ერთ-ერთმა მათგანმა რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა პურსა და ღვინოზე.

ამ დროს მეორე კედარიც მიხვდა, რომ ზუსტად იმ დროს მასზე არა მხოლოდ პურითა და ღვინით სავსე ჭურჭელი, არამედ ღვთისა და ადამიანთა ერთობა იყო მასზე.
მომდევნო დღეს მესამე კედრისგან ჯვარი გააკეთეს, რამდენიმე საათში მოიყვანეს დაჭრილი ადამიანი და ჯვარზე მიაჭედეს ლურსმნებით. მესამე ხე შეძრა თავისმა ხვედრმა და სასტიკად დაწყევლა თავისი ბედი.

არ გასულა სამი დღე, რომ ის მიხვდა მისთვის გამზადებულ ხვედრს: ჯვარზე გაკრული ადამიანი გახდა მსოფლიოს ნათელი. ამ კედრისგან გაკეთებული ჯვარი წამების იარაღის ნაცვლად ზეიმის სიმბოლოდ გადაიქცა.

ასე აღსრულდა ლიბანის სამი კედრის ბედი. მათი ოცნებები ახდა, მაგრამ სულ სხვაგვარად, არა ისე, როგორც მათ წარმოედგინათ.

ჩატვირთვა...