იგავები

ქვიშა და ქვა

ეს ამბავი მოგვითხრობს ორი მეგობრის შესახებ, რომლებიც უდაბნოში მიდიოდნენ. ამ სიარულისას კამათი მოუვიდათ და ერთმა მეგობარმა მეორეს სილა გააწნა.

ლოყა ეტკინა მას, ვინც დარტყმა იგემა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, არამედ ქვიშაზე დაწერა: „დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სილა გამაწნა“.

მეგობრებმა ბევრი იარეს და ოაზისს მიადგნენ ბოლოს, მაგრამ ოაზისამდე მცოცავი ქვიშა იყო. მან, რომელსაც სილა გააწნეს, ვერ შეამჩნია ეს და შიგ ჩავარდა. ქვიშა შიგნით ჩაიტანდა მას, მეგობარს რომ არ გადაერჩინა.

სიკვდილს გადარჩენილმა მაშინვე ქვაზე ამოკვეთა: „დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა იხსნა ჩემი სიცოცხლე“.

მან, ვინც ჯერ სილა გააწნა და შემდეგ სიკვდილს გადაარჩინა თავისი საუკეთესო მეგობარი, ჰკითხა მას: „მაშინ, როცა გაგარტყი, ქვიშაზე დაწერე ამის შესახებ და ახლა, როცა სიკვდილს გადაგარჩინე, ქვაზე ამოკვეთე ეს ამბავი, რატომ?“

მეგობარმა უპასუხა: „მაშინ, როცა ვინმე გულს გვტკენს, ამის შესახებ ქვიშაზე უნდა დავწეროთ, რადგან პატიების ქარს შეუძლია წაშალოს ქვიშაზე ნაწერი, მაგრამ როცა ვინმე სიკეთეს გვიკეთებს, ჩვენ ამის შესახებ ქვაზე უნდა ამოვკვეთოთ, რათა ქარმა ვერასოდეს წაშალოს ის“.

ქვიშაზე დავწეროთ ჩვენი ტკივილის შესახებ და ქვაზე ამოვკვეთოთ ყოველი სიკეთე.