ყველაზე მშვენიერი გული

205

ერთ მშვენიერ დღეს, ლამაზი ყმაწვილი იდგა ქალაქის შუაგულში არსებულ მოედანზე და სიამაყით ტრაბახობდა იმის შესახებ, რომ ყველაზე ლამაზი გული ჰქონდა მთელ შემოგარენში. მას ხალხის ბრბო ეხვია გარს.

ისინი გულწრფელად აღტაცებულნი იყვნენ მისი გულის უნაკლობით. მისი გული ხომ მართლაც იდეალური იყო − არც ერთი ნაკაწრი, არც ერთი ლაქა. ყოველი მათგანი კვერს უკრავდა ამ ყმაწვილს, რომ მისი გული ყველაზე მშვენიერი იყო, რაც კი ოდესმე უნახავთ. ამის გამო ბიჭი ძალიან ამაყობდა და ბედნიერებისაგან ბრწყინავდა.

მოულოდნელად, ბრბოს ერთი მოხუცი კაცი გამოეყო და ყმაწვილს მიმართა:

– შენი გული სილამაზით ახლოსაც ვერ მოვიდოდა ჩემს გულთან.

ყველამ მოხუცის გულს შეხედა. ის გაცრეცილი და დაჭმუჭნილი იყო, ნაიარევებით დაფარული, გულის ზოგიერთი ადგილი ამოგლეჯილი იყო და მათ ადგილას სხვა, სრულიად შეუსაბამო ნაწილები იყო ჩასმული, გულის კიდეები აქა-იქ მოგლეჯილი იყო, გარდა ამისა, გულს აკლდა ნაწილები. ბრბო მოხუცს მიაჩერდა − როგორ შეეძლო ამის თქმა, თითქოსდა, მისი გული უფრო ლამაზი იყოს?

ყმაწვილმა შეხედა მოხუცის გულს და გაიცინა:

– შენ, ალბათ, ხუმრობ, მოხუცო! შეადარე შენი გული ჩემსას! ჩემი გული იდეალურია! შენი კი, ცრემლებით სველი ნაიარევების ნაგლეჯი!

– დიახ, – მიუგო მოხუცმა, – შენი გული იდეალურად გამოიყურება, მაგრამ მე არასოდეს დავთანხმებოდი, ჩემი გული შენსაში გამეცვალა. შეხედე! ჩემს გულზე არსებული თითოეული ნაიარევი ის ადამიანია, ვისაც მე ჩემი სიყვარული მივეცი და ამისათვის გულის ნაწილს ვიგლეჯდი და ვაძლევდი. ისიც ხშირად მაძლევდა სანაცვლოდ თავის სიყვარულს, თავისი გულის ნაწილს, რომელიც ჩემი გულის ცარიელ ადგილებს ავსებდა, მაგრამ, რაკი სხვადასხვა გულის ნაწილები ზუსტად ვერ ერგება ერთმანეთს, ამიტომაც აქვს ჩემს გულს მოგლეჯილი კიდეები, რომელთაც ვუფრთხილდები, რადგან ისინი იმ სიყვარულს მაგონებს, რომელსაც მე მიზიარებდნენ.

ხანდახან, მე ვაძლევდი ჩემი გულის ნაწილებს, მაგრამ სხვები არ მიბრუნებდნენ საპასუხოდ საკუთარი გულის ნაწილებს და ამიტომ გულში ცარიელი ადგილები მაქვს − როცა შენ აძლევ საკუთარ სიყვარულს, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული, რომ სანაცვლოს მიიღებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცარიელი ადგილები ტკივილს მაყენებს, ისინი მე მახსენებს იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც მე სხვებს გავუზიარე და იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ნაწილები დამიბრუნდება.

ახლა ხედავ, რას ნიშნავს ჭეშმარიტი სილამაზე?

ბრბო გაირინდა. ახალგაზრდა კაცი შეცბუნებული და გაჩუმებული იდგა. თვალთაგან ცრემლები მოსდიოდა.

ის მოხუცს მიუახლოვდა. აცახცახებული ხელებით აიღო საკუთარი გული და მისი ნაწილი მოხუცს გაუწოდა. მოხუცმა აიღო ეს საჩუქარი და ჩადო თავის გულში. შემდეგ მანაც მოაგლიჯა ნაწილი თავის გულს და ყმაწვილის გულში არსებულ ცარიელ ადგილას მოათავსა. ეს ნაწილი მოერგო მის გულს, მართალია, იდეალურად არა, რაკი ზოგიერთი კიდე გამოშვერილი იყო, ზოგიერთი კი დაგლეჯილი, მაგრამ მაინც.

ახალგაზრდა კაცმა შეხედა თავის გულს, რომელიც უკვე აღარ იყო იდეალური, მაგრამ ის უწინდელზე უფრო ლამაზი იყო, რაკი მოხუცის სიყვარული შეეხო მას.

ჩატვირთვა...