შემოქმედის გვერდით მოიპოვება ბედნიერება

115

“ოდესღაც ცხოვრობდა ერთი ცნობილი მევიოლინე, რომელიც საკუთარი ხელით შექმნილი ვიოლინოებით მართავდა კონცერტებს. მას ჰქონდა ერთი ვიოლინო, რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა. ამ ადამიანმა მასში მთელი ოსტატობა ჩადო. ვიოლინო სხვებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ განსაკუთრებულ, ნაზ ბგერებს გამოსცემდა. ოსტატი ამ ვიოლინოს ძალიან უფრთხილდებოდა და აფასებდა.

მევიოლინეს ჰყავდა მეგობარი, რომელსაც შურდა მისი და მუდამ ცდილობდა, მისთვის ზიანი მიეყენებინა და რადგან თავად ოსტატისთვის ბოროტების გაკეთება არ შეეძლო, მან მისი საყვარელი ვიოლინო მოიპარა და საკმაოდ ძვირად გაყიდა. ვიოლინომ ბევრი სცენა მოიარა, მას იყენებდნენ საკონცერტო დარბაზებში, სხვადასხვა კლუბებში, ბარებსა და რესტორნებში. იგი ხელიდან ხელში გადადიოდა, იყიდებოდა აუქციონებზე. მას დაუდევრად ეპყრობოდნენ, ძირს აგდებდნენ და არაერთხელ ქცეულა ბავშვების სათამაშო საგნადაც.

გავიდა მრავალი წელი. ვიოლინომ დაკარგა თავისი პირვანდელი სილამაზე. ის უკვე აღარ ჟღერდა უწინდებურად, როგორც პატრონის ხელში. არავინ ექცეოდა მას ისე ფაქიზად და სიყვარულით, როგორც იგი.

ერთხელ, დამტვერილი, ღრმა ნაკაწრებით დაღდასმული და საკმაოდ შელახულ მდგომარეობაში მყოფი, იაფი ნივთების აუქციონზე აღმოჩნდა. გამყიდველმა მასში მხოლოდ სამი დოლარი მოითხოვა. დარბაზი ხმაურობდა, არავის აინტერესებდა ძველი ვიოლინო. უეცრად, ბოლო რიგიდან წამოდგა ჭაღარათმიანი მამაკაცი და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ადამიანს, რომელიც ყიდვის პროცესს ხელმძღვანელობდა. მან ხელის კანკალით აიღო ვიოლინო. რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღებით ათვალიერებდა, მტვერი გადაწმინდა, შეასწორა ვიოლინოს ხემი, დაჭიმა სიმები და ნაზად მიიკრა გულზე. ხემი ჩამოცურდა სიმებზე და არამიწიერმა მელოდიამ მოიცვა მთელი დარბაზი. დარბაზში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ლაპარაკით გართულმა ადამიანებმა უცებ ცნობილი მევიოლინეს კონცერტზე იგრძნეს თავი.

ვიოლინო თავისი შემოქმედის და პატრონის ხელში აღმოჩნდა. როგორც კი უკანასკნელი ბგერები გაისმა, ათობით ხელი აიწია მაღლა.”

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ბევრი ტკივილი, სიმწარე და ცრემლია. ტანჯვა, განცდები, ავადმყოფობა, ბოროტება, ღალატი, დაცინვა და სიძულვილი ღრმა ჭრილობებს ტოვებს ადამიანის სულში.

მშფოთვარე საზოგადოებაში ადამიანები ხშირად თავს გრძნობენ მარტოდ და უსარგებლოდ. ყველა ოცნებობს ბედნიერ ცხოვრებაზე, ერთმანეთს უსურვებენ ბედნიერებას და მთელი ცხოვრება ილტვიან ამისკენ. მაგრამ ბედნიერება თითქოს ემალება მათ და ზოგჯერ ფიქრობენ, რომ აი, ახლა, კიდევ ერთი ნაბიჯი და ბედნიერება მათია, მაგრამ ის კვლავ ხელიდან უსხლტებათ.

ადამიანები თავს იკლავენ და სამუდამოდ მიდიან ამქვეყნიდან, თავიანთ ახლობლებს ღრმა ჭრილობებით, გულგატეხილებს და დამწუხრებულებს ტოვებენ, რადგან ცხოვრებაში იმედგაცრუება იგემეს და ვერ იპოვეს ვერაფერი ფასეული.

მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანის ცხოვრებას ეხება ის, ვინც შექმნა იგი, ადამიანი იძენს ნამდვილ ბედნიერებას, ცხოვრების აზრს და ჭეშმარიტ ფასეულობებს. როცა ადამიანი უფლებას აძლევს თავის შემოქმედს, შეეხოს მის დაჭრილ სულს, წაიღოს ტკივილი და განკურნოს ყველა ჭრილობა, სწორედ მაშინ იბადება მასში ნამდვილი სიყვარულის, თავისუფლების და ბედნიერების მელოდია. ადამიანი თავს გრძნობს საჭირო პიროვნებად, იძენს ნამდვილი სიყვარულის უნარს.

ჩატვირთვა...