შეჩერდი და გაიგე! (იგავი)

89

ერთ ღვთისმოშიშ კაცს ურწმუნო შვილი ჰყავდა. მამა ძალიან განიცდიდა, რომ ვერაფრით შეძლო ბიჭისთვის ღვთის სიყვარულის ჩანერგვა.

ერთხელ, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, დაუძახა შვილს და ანდერძად დაუბარა:

– ჩემი სიკვდილის შემდეგ, 40 დღის განმავლობაში, ყოველდღე, 15 წუთით მოდი ამ ოთახში.

– რა უნდა გავაკეთო? – გაუკვირდა ბიჭს.

– არაფერი, უბრალოდ მოდი და დაჯექი სკამზე, ოღონდ ყოველდღე და სულ ცოტა, თხუთმეტი წუთით.

– კარგი, მამა, გპირდები.

მალე მამა გარდაიცვალა. დასაფლავების შემდეგ ბიჭმა დაიწყო დანაპირების შესრულება. ის ყოველდღე შედიოდა მამის ოთახში და 15 წუთით, უბრალოდ, იჯდა სკამზე. ორმოცი დღის შემდეგ ბიჭი ეკლესიაში წავიდა და ღრმად მორწმუნე გახდა.

მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გააცნობიერა, რა სიბრძნეს შეიცავდა მამის უცნაური ანდერძი.

მამას ესმოდა, რომ ახალგაზრდებს ცხოვრების საკმაოდ სწრაფი რიტმი აქვთ; ამიტომ ისინი ვერ ასწრებენ ისეთ სულიერ და მარადიულ ღირებულებებზე ფიქრს, როგორიცაა უფლის სიყვარული, ადამიანის დანიშნულება, ცხოვრების მიზანი, მაგრამ საკმარისია გარკვეული ხნით შეჩერდნენ, დარჩნენ საკუთარ თავთან მარტო და მაშინ უფალი დააკაკუნებს მათი გულის კარზე.

„შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი!” (ფსალმუნი 45:11)

ჩატვირთვა...