ნავიგაცია
ახალი ამბები
ჩემი ცოლი

ჩემი ცოლი

მივიდა ვაჟი მამასთან და ეუბნება:

– ჩემს ცოლს ვშორდები. მომბეზრდა!  დედა მართალია − ზარმაცი ცოლი მყავს. რამდენჯერ უნდა გამოვასწორო სიტუაცია მე.

– მაპატიე, შვილო, – მიუგო მამამ

– რისთვის?

– იმის გამო, რომ ყოველთვის კარგად არ ვექცეოდი დედაშენს. ჩემი ბრალია, რომ შენ განქორწინებაზე ფიქრობ…

– არ განვქორწინდე?

– არა. ამაზე არც კი იფიქრო.

– სიცოცხლის ბოლომდე უნდა ავიტანო?

– ატანა არ გჭირდება. შენ მას კი არა, მის მიმართ შენს ცუდ დამოკიდებულებას იტან და ითმენ. შენ თუ შეიცვლები, შენ გარშემო ყველაფერი შეიცვლება.

– როგორ?

– შენს ცოლს ისე შეხედე, როგორც უფალი გვასწავლის. ის ღვთის საჩუქარია. შენი სიხარულია, შენი დამხმარე, შენი შვილების დედა. ის უუძლურესი ჭურჭელია, რომელიც ღმერთმა ხელთ გადმოგცა, რათა ფრთხილად გეპყრას და იცავდე მას… სხვა ყველაფერი წვრილმანებია! რაიმე თუ არ იცის დღეს, ისწავლის. შენც არ იცი ყველაფერი, რის კეთებაც უნდა იცოდე. ის თუ რაიმეს ვერ ასწრებს, გადაფარე ეს სისუსტე შენი ძლიერებითა და სიყვარულით… რაიმე თუ არ იცის, ნაზად მოეხვიე მხრებზე და საღამოს ესაუბრე ჩაის სმის დროს… თქვენი გზა მხოლოდ თქვენია. თქვენი სიყვარული მხოლოდ თქვენია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც სიძულვილს გინერგავს, შენი ოჯახის მტერია, თუნდაც ეს დედაშენი, შენი ძმა, ან შენი საუკეთესო მეგობარი იყოს… არ განსაჯო ისინი ამისათვის. მიუტევე მათ და თითოეულ მათგანს აგრძნობინე, რომ შენი ცოლისთვის, შენი სიყვარულისთვის, თუ საჭირო იქნება, დაუფიქრებლად მოკვდები, მაგრამ არავის მისცემ უფლებას, თუნდაც სიტყვით მაინც შეეხოს შენს ოჯახს…

– შენი და დედაჩემის დაშორებაც უნდოდათ?

– ჩვენ „დამხმარეების“ გარეშეც ხშირად ვჩხუბობდით. ბრიყვები ვიყავით, ამაყები… თქვენ სხვა ცხოვრება გაქვთ. თქვენ ღმერთს არავინ გაშორებთ და ამიტომ მას სთხოვეთ სიბრძნე. დაუთმეთ ერთმანეთს… შეიბრალეთ და ანუგეშეთ ერთიმეორე. შეიძლება არ იცოდე, მაგრამ სიყვარული იზრდება. მთელ მის სიდიადეს, მის ფასეულობას შენ მხოლოდ ღრმა სიბერეში დაინახავ, როდესაც ისევ იმავე ცოლს საღამოს ნაზად მოეხვევი მხრებზე და როდესაც სიტყვებიც კი აღარ დაგჭირდებათ.

სერგეი მირნი (მსახური, ჟურნალისტი და მოხალისე) უკრაინა