ადამიანები ვარდებით…

0

ჯონ ბლენჩარდი ფეხზე წამოდგა, სამხედრო ფორმა შეისწორა და სადგურის ცენტრალურ ბაქანზე გამვლელ ხალხს დაჟინებით დაუწყო თვალიერება. ის გოგონას ელოდა, რომლის გულსაც ის კარგად იცნობდა, ხოლო მისი სახე არასოდეს ენახა. ის ელოდა გოგონას ვარდით.

ყველაფერი ცამეტი თვის წინ დაიწყო ფლორიდის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში. ახალგაზრდა კაცი ძალიან დაინტერესდა ერთი წიგნით, მაგრამ ის შინაარსმა როდი გაიტაცა, არამედ წიგნის კიდეებზე არსებულმა ჩანაწერებმა. ხელნაწერი მფლობელის ღრმა სულიერ სამყაროსა და გამჭრიახ გონებაზე მიუთითებდა.

ახალგაზრდა კაცმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ წიგნის უწინდელი მფლობელი მოეძებნა. მის ჰოლის მეინელი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. კაცმა მისწერა და სთხოვა ურთიერთობა წერილების მეშვეობით გაეგრძელებინათ.

მეორე დღეს ის ფრონტზე გაიწვიეს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. მომდევნო წლის განმავლობაში მათ კარგად გაიცნეს ერთმანეთი წერილების მეშვეობით. თითოეული წერილი მათ გულებში დათესილი მარცვლის მსგავსი იყო.

ახალგაზრდა კაცი ჰოლისს ფოტოს გადაღებას და გამოგზავნას სთხოვდა, მაგრამ ქალი უარობდა. ის ფიქრობდა, რომ თუ კაცის განზრახვა სერიოზული იყო ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით, მაშ, ქალის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მაშინ, როცა ევროპაში დაბრუნების დღე დადგა, მათ პირველი შეხვედრა დათქვეს. ისინი შვიდ საათზე ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

„პიჯაკზე წითელი ვარდი მექნება დამაგრებული. ამით მიცნობ“, მისწერა ქალმა კაცს.

ზუსტად შვიდ საათზე კაცი სადგურზე იყო და ელოდა გოგონას, რომლის გულიც მას ასე ძალიან უყვარდა და რომლის სახეც არასოდეს ენახა.

აი, რას წერდა შემდეგ ახალგაზრდა ჯარისკაცი:

„ჩემკენ მოდიოდა ახალგაზრდა ქალი. მასზე ლამაზი არავინ არასოდეს მენახა. მაღალი და ჩამოსხმული ტანი, გრძელი, ქერა თმა, რომელიც ხვეულებად ეფინებოდა მხრებზე… დიდი ლურჯი თვალები… თავის ღია მწვანე პიჯაკით ის გაზაფხულს მაგონებდა. გაოგნებული ვიყავი მისი სილამაზით… მისკენ ნაბიჯი გადავდგი და სრულიად დამავიწყდა დავკვირვებოდი, ეკეთა თუ არა ვარდი. მასთან ახლოს მისვლისას შევნიშნე, რომ დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

„გამატარეთ“, გავიგონე მისი ხმა.

და ამ დროს მის ზურგს უკან დავინახე მის ჰოლის მეინელი. მის პიჯაკზე სისხლისფრად ღვიოდა წითელი ვარდი. მწვანე პიჯაკით მოსილი ქალიშვილი კი ნელ-ნელა მშორდებოდა.

ვუყურებდი ჩემ წინ მდგომ ქალს, რომელიც ორმოც წელს დიდი ხნის გადაცილებული იქნებოდა. ის ძალიან ხორცსავსე ქალი იყო. ძველი, გახუნებული შლაპა ფარავდა ჭაღარა თმას. მწარე იმედგაცრუებამ ამივსო გული. ძალიან მინდოდა ზურგი შემექცია მისთვის და წავსულიყავი, გამოვკიდებოდი მწვანე პიჯაკით მოსილ ქალიშვილს, მაგრამ, ამავდროულად, ისეთ მიჯაჭვულობას და მადლიერებას ვგრძნობდი ამ ქალის მიმართ, რომლის წერილებიც ძალასა და მხნეობას მმატებდნენ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ დროს.

ქალი იდგა. გაფითრებულ სახეზე სიკეთე და გულწრფელობა აღბეჭდვოდა, ხოლო მისი ნაცრისფერი თვალები სითბოს ასხივებდა.

აღარ შევყოყმანებულვარ. ხელში მოვბღუჯე პატარ, ლურჯი წიგნი, რომლითაც მას უნდა ვეცნე.

„მე ლეიტენანტი ჯონ ბლენჩერი ვარ. თქვენ კი, ალბათ, მის ჰოლის მეინელი უნდა იყოთ? ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ, შევხვდით. შეიძლება, ვახშამზე დაგპატიჟოთ?“

ქალმა გაიღიმა.

„არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ, შვილო“, მიპასუხა ქალმა. „ამ ვარდის დაბნევა იმ ახალგაზრდა ქალმა მთხოვა, მწვანე პიჯაკი რომ ეცვა. მითხრა, რომ თუ თქვენ მოხვიდოდით და ვახშამზე მიმიწვევდით, მე უნდა მეთქვა, რომ ის თქვენ აქვე ახლოს რესტორანში დაგელოდებოდათ. მან ისიც მითხრა, რომ ეს ერთგვარი შემოწმება იყო.“

ჯონი და ჰოლისი დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ისტორია ამით არ დამთავრებულა, რადგან ეს ხომ თითოეული ჩვენგანის ისტორიაა, გარკვეულწილად. ყველა შევხვედრივართ ასეთ ადამიანებს, ადამიანებს ვარდით. დავიწყებულ და არცთუ მიმზიდველ ადამიანებს, უარყოფილთ და მიტოვებულთ.. მათ, რომლებთან მისვლა სულაც არ გვინდა, მათ, ვისაც გვერდს ვუვლით… მათ ადგილი არ აქვთ ჩვენს გულებში…

ჰოლისმა გამოცდა მოუწყო ჯონს, რათა მისი ხასიათის სიღრმე შეემოწმებინა. ჯონი რომ წასულიყო, თავისი ცხოვრების სიყვარულს დაკარგავდა, მაგრამ ეს ხომ სწორედ ისაა, რასაც ჩვენ ხშირად ვაკეთებთ, ხელს ვკრავთ და ზურგს ვაქცევთ ადამიანებს და ამით უარს ვამბობთ ღმერთს მრავალ კურთხევაზე, რომლებიც ადამიანთა გულებშია დაფარული.

შეჩერდით. დაფიქრდით. დაფიქრდით იმ ადამიანებზე, რომლებთანა, თითქოს, არაფერი გაკავშირებთ. გადით თქვენი თბილი ბინიდან და ქუჩაში მჯდარ მათხოვარს საკვები მიეცით… წადით მოხუცებულთა თავშესაფარში და გულიანად ესაუბრეთ იქ მყოფ რომელიმე მოხუცს… თუნდაც ჭამაში დაეხმარეთ…

წადით საავადმყოფოში და მედდას სთხოვეთ, ისეთ ავადმყოფთან მიგიყვანოთ, რომელიც დიდი ხანია არავის მოუნახულებია. დააკვირდით მიტოვებულ და უარყოფილ ადამიანებს. დაე, ეს იყოს თქვენთვის გამოცდა. გახსოვდეთ, რომ წუთისოფლის მიერ უარყოფილი ადამიანები ვარდებს ატარებენ.

წყარო: