ეს დაიწყო გომურში

130

რა საინტერესო სამეფო ოთახია. არსად ჩანს კედლებზე გაკრული გობელენები. არც ფარდებია ჩამოშვებული ფანჯრებზე. არც ხავერდის სამოსი აცვიათ მოსამსახურეებს. ოქროს სკიპტრის ნაცვლად კი მეფეს ზეთისხილის ხისგან გამოთლილი საჩხაკუნო უჭირავს ხელში.
საინტერესოა, რა ხმები ისმის სასახლეში: ძროხების ბღავილი, ჩლიქების ბაკუნი, ჩვილი ტირის, დედა აწყნარებს.
მეფის ამბავი შეიძლებოდა სხვა, ნებისმიერ ადგილას დაწყებულიყო, მაგრამ, რატომღაც, გომურში დაიწყო. შეაღე კარი, შეიჭვრიტე სარკმლიდან.

ის აქ არის!

მოსვლა

ხმაური და აურზაური ჩვეულებრივზე უფრო ადრე დაიწყო სოფელში. როგორც კი ინათა, ხალხი უკვე ქუჩაში გამოვიდა. მოვაჭრეები ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებში იკავებდნენ ადგილს. ისინი დახლებზე ალაგებდნენ გასაყიდ საქონელს. ბავშვებს აღვიძებდა ძაღლების ყეფა და ოთხთვალებში შებმული სახედრების ყროყინი. სასტუმროს მეპატრონეს ქალაქში ყველაზე ადრე გაეღვიძა. ბოლოს და ბოლოს, სასტუმრო სავსე იყო, ყველა საწოლი დაკავებული გახლდათ. მალე ყველა სტუმარს გაეღვიძებოდა და სასტუმროს მეპატრონეს ბევრი საქმის გაკეთება მოუწევდა. საინტერესოა, რის შესახებ საუბრობდნენ სასტუმროს მეპატრონე და მისი ოჯახი საუზმობისას. რომელიმემ მაინც ახსენა, რომ წინა ღამით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩამოვიდა? ვინმემ შეამჩნია, რომ ახალგაზრდა ქალი ორსულად იყო? რა ვიცი. შეიძლება. ალბათ, რომელიმემ კიდეც ახსენა ისინი, მაგრამ, თუ ახსენებდა, დარწმუნებული ვარ, რომ ამას დიდ ყურადღებას არავინ მიაქცევდა და საუბრის ღირს საგნად არც მიიჩნევდა. არაფრით გამოირჩეოდა ეს ცოლ-ქმარი. ისინი, ალბათ, იმ ოჯახებს შორის იყვნენ, რომლებიც უკან გაბრუნდნენ იმ ღამით.

გარდა ამისა, ვის ჰქონდა დრო მათზე სალაპარაკოდ, როცა ჰაერშიც კი იგრძნობოდა აღელვება და საქმიანი განწყობა? ავგუსტუსმა დიდი პატივი დასდო ბეთლემის ეკონომიკას, როცა მოსახლეობის აღწერის ბრძანება გამოსცა. ვის ახსოვდა სხვა რაღაცები, როცა სოფელს ვაჭრობის ასეთი შესაძლებლობა მიეცა?

არა, საეჭვოა, რომ ვინმეს ამ წყვილის ჩამოსვლა ეხსენებინოს ან ეფიქროს, რა მდგომარეობაში იყო ახალგაზრდა ქალი. ყველა მეტისმეტად დაკავებული იყო. დღე თენდებოდა. იმ დღის სარჩოსა და ლუკმაპურზე უნდა ეფიქრათ. ყოველდღიური ჩვეული სამუშაოსთვის უნდა მიეხედათ. იმდენი რამ იყო გასაკეთებელი, რომ სადღა იყო დრო იმის წარმოსადგენად, რომ რაღაც უჩვეულო, რაღაც შეუძლებელი შეიძლებოდა მომხდარიყო.
ღმერთი მოევლინა ქვეყნიერებას, ვითარცა ახალშობილი ყრმა.

და მაინც, იმ დილით ვინმეს რომ შემთხვევით გაევლო ბეთლემის შემოგარენში მდებარე გომურთან, საინტერესო და უცნაურ სანახაობას იხილავდა.

ამ გომურში ისეთივე ცუდი სუნი დგას, როგორც ყველა სხვა გომურში. გომურის მიწა მაგარია, თივით მოფენილი. აბლაბუდებია მოდებული ჭერზე და სადღაც თაგვი დარბის ჭუჭყიან იატაკზე.
წარმოუდგენელია ამაზე უარესი ადგილი ბავშვის დაბადებისათვის.

ერთ მხარეს ისხდნენ მწყემსები. მდუმარედ ისხდნენ ძირს, ალბათ, დაბნეულნი, ალბათ, მოწიწებით და ეჭვგარეშეა, დიდად განცვიფრებულნი. მათი ღამის მყუდროება ზეციურმა სინათლემ და ანგელოზთა გალობამ დაარღვია. ღმერთი მიდის მათთან, ვისაც აქვს დრო მისი სიტყვების მოსასმენად. ამრიგად, ამ უღრუბლო ღამით ის უბრალო მწყემსებთან მივიდა.

ახალგაზრდა დედის გვერდით ზის დაღლილი მამა. ის თვლემს. აღარც ახსოვს, როდის დაისვენა ბოლოს და ახლა, როცა ცოტა მიწყნარდა ყველაფერი, როცა მარიამი და ჩვილი მოხერხებულად არიან, ის გომურის კედელს ეყრდნობა და ქუთუთოები უმძიმდება. ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია ყველაფერი. ამ მოვლენის საიდუმლოება აბნევს მას, მაგრამ ძალა აღარ აქვს ამ საკითხზე საფიქრალად. მთავარი ისაა, რომ ახლა ჩვილი კარგადაა და მარიამიც უსაფრთხოდ არის. ძილი ერევა და მაინც გონებაში უტრიალებს სახელი, რომელიც ანგელოზმა უთხრა მას … იესო. „ჩვენ მას იესოს დავარქმევთ.“

მარიამი ფხიზლადაა. რული არ ეკარება მის თვალებს. რა ახალგაზრდაა იგი! თავი იოსების რბილ, ტყავის უნაგირზე მიუყრდნია. ტკივილი გაოცებამ ჩაანაცვლა. ის სახეში უყურებს ჩვილს. თავის ძეს. თავის უფალს. მის უდიდებულესობას. ისტორიის ამ მომენტში, მარიამია ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის, ვინ არის ღმერთი და რას აკეთებს ის ამ ჭუჭყიან გომურში ყმაწვილ ქალთან ერთად. მარიამი თვალს ვერ აშორებს ახალშობილს. შინაგანად აცნობიერებს, რომ მის ხელებში ღმერთია. ასეც არის. მას ახსენდება ანგელოზის სიტყვები, რომელმაც უთხრა: „მის მეფობას არ ექნება დასასრული.“

ახალშობილი მეფეს ნამდვილად არ ჰგავს. წითელი და დამანჭული სახე აქვს. მისი ტირილი, თუმცა ხმამაღალი და ჯანსაღი ბავშვის ტირილია, მაინც უმწეობასა და უსუსურობას გამოხატავს. ის მთლიანად მარიამზეა დამოკიდებული.

ზეციური, დიდებული მეფე ადამიანთა შორის, დედამიწაზე. სიწმინდე ცხვრის სადგომის სიბინძურეში. ღმერთი წუთისოფელს ევლინება გომურის იატაკზე ყმაწვილი ქალის მეშვეობით, დურგლის თანდასწრებით.
მარიამი ჩვილი ღმერთის სახეს ეხება. რა გრძელი იყო შენი გზა!

ეს ჩვილი სამყაროს შემოქმედია. ეს სახვევები, მას რომ ათბობს ახლა, მარადიული მეფის მოსასხამია. მან თავისი ოქროს ტახტი დატოვა ზეცაში და ცხვრის ჭუჭყიან სადგომში მოევლინა ქვეყანას. ანგელოზები ადიდებდნენ, ახლა კი კეთილი, მაგრამ შეცბუნებული მწყემსები სხედან მის გვერდით.

ამასობაში, სოფელში ჩვეული ხმაურია. ვაჭრებმა არ იციან, რომ ღმერთი მათ პლანეტას ესტუმრა. სასტუმროს მეპატრონე ვერასოდეს დაიჯერებდა, რომ ცოტა ხნის წინ ღმერთს უთხრა უარი და სიცივეში გაუშვა. ყველა მასხრად აიგდებდა მას, ვინც იტყოდა, რომ მესია ყმაწვილ ქალს ეჭირა ხელში მათი სოფლის გარეუბანში. ყველა მეტისმეტად დაკავებული იყო იმით, რომ მსგავს რამეზე ეფიქრა.

ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეამჩნიეს იმ ღამით მისი უდიდებულესობის მოსვლა ამქვეყნად, რაღაც ბოროტ საქმეთა გამო კი ვერ შეამჩნიეს, არამედ იმიტომ, რომ, უბრალოდ, დაკვირვებით არ იყურებოდნენ და ამის გამო ვერ ხედავდნენ.

არაფერი შეცვლილა ორი ათასი წლის განმავლობაში, არა?

მაქს ლუკადო.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...