ის კვლავ გადააგორებს ლოდს სამარხიდან

225

„და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა. სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი – სპეტაკი, როგორც თოვლი. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემსგავსნენ. მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: ‘მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა.’ დაუყოვნებლივ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.” ხოლო ისინი მსწრაფლ გამოვიდნენ სამარხიდან, შიშითა და დიდი სიხარულით მირბოდნენ, რათა ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის. და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: „გიხაროდეთ!” ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. მაშინ უთხრა მათ იესომ: „ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ.“ (მათე 28:2-10).

როგორ ჩანს, ისევ შეიძლება იოცნებო, როცა იმედგაცრუების პირისპირ აღმოჩნდები…

„მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ‘ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.’“ (მათე 28:5).
იცით, ხდება ისე, რომ კითხულობ რაღაც ნაცნობს, კითხულობ და უცებ ამჩნევ იმას, რაც მანამდე არასოდეს შეგინიშნავს, ან ხდება ისე, რომ ასჯერ წაკითხული, ასმეერთეჯერ საოცრად ახლებურად გადაიშლება შენ თვალწინ, რაც ისე გასაოცარია, რომ შენდა უნებურად ეკითხები საკუთარ თავს: „ნეტავ, ხომ არ მეძინა მთელი ამ დროის განმავლობაში?“ ახალი, ჩვეულებისამებრ, თვალში გხვდება, თუკი შუა ნაწილიდან კითხულობ და არა დასაწყისიდანვე, ან ის, ვინც ხმამაღლა კითხულობს, უცებ შეჩერდება არა იქ, სადაც თქვენ, ჩვეულებისამებრ, ჩერდებით. და აი, უცებ, ბრახ! გონება გაგინათდათ. ხელს სტაცებთ წიგნს და გინდათ თავად შეხედოთ, თითქოსდა, ვიღაც შეცდა და არასწორად წაიკითხა. კითხულობთ და ხედავთ, რომ ასეა. დღეს რაღაც მსგავსი შემემთხვა.

მხოლოდ ერთმა ღმერთმა იცის, რამდენჯერ წამიკითხავს ქრისტეს აღდგომის ისტორია, სულ მცირე, 25-ჯერ მაინც აღდგომის დღესასწაულზე და ორასჯერ − მათ შორის არსებული დროის განმავლობაში. ამ ისტორიას სხვებს განვუმარტავდი. ვკითხულობდი მის შესახებ. ვფიქრობდი მის შესახებ. ხაზს ვუსვამდი სტრიქონებს, მაგრამ ის, რაც დღეს გაიხსნა ჩემ წინ, მანამ არასოდეს დამინახავს.

მაინც რა დავინახე? უპირველეს ყოვლისა, სანამ მოვყვებოდე, ნება მომეცით, შეგახსენოთ, ის ისტორია. კვირაა. ჯერ არ გათენებულა და ცაც ბნელია ისევ. დამიჯერეთ, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს იოანეს სიტყვებია. „ჯერ ისევ ბნელოდა…“ (იოანე 20:1). ამგვარად, განთიადისპირა საათი კვირას, დილით. ბნელა პარასკევიდან. ბნელა − იესო უარყო პეტრემ. ბნელა − მიატოვეს იგი მოწაფეებმა. ბნელა − ლაჩრობა გამოიჩინა პილატემ.

ბნელა − იტანჯებოდა იესო. ბნელა − ზეიმობდა სატანა. მხოლოდ ოდნავშესამჩნევი სინათლე გამოდის რამდენიმე ქალისგან, რომლებიც ჯვრის მახლობლად დგანან, დგანან და უყურებენ. (მათე 27:55). მათ შორისაა ორი მარიამი, ერთი − იაკობისა და იოსების დედა, მეორე − მარიამ მაგდალინელი. რატომ არიან ისინი იქ? იმისათვის, რომ სახელით მიმართონ იესოს. იმისათვის, რომ მათი ხმები გაიგონოს იესომ უკანასკნელად, სიკვდილის წინ. იმისათვის, რომ მოემზადებინათ მისი სხეული დასამარხავად. ისინი იქ იმისათვის არიან, რომ განბანონ მისი დასახიჩრებული ფეხები. იმისათვის, რომ ჩამოჰბანონ სისხლი მისი წვერიდან. იმისათვის, რომ თვალები დაუხუჭონ. იმისათვის, რომ შეეხონ მის სახეს. ისინი იქ არიან. უკანასკნელნი, რომელნიც დატოვებენ გოლგოთას და პირველნი, რომელნიც მივლენ სამარხთან.

ამგვარად, კვირა დღეს, დილით, განთიადისპირა საათზე, დატოვეს ლოგინები და გამოდიან ქალები გზად, სადაც უფრო მეტად ბნელა გზაზე გადმოწოლილი ხეების ქვეშ. ისინი მიდიან საკუთარი მძიმე დავალების შესასრულებლად. დილა კი მხოლოდ ერთ შეხვედრას უქადის მათ, შეხვედრას მკვდარ უფალთან. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ არც ერთმა მარიამმა არ იცის, რომ ეს იქნება პირველი აღდგომა? მათ არ შეუძლიათ იმაზე მსჯელობა, რას იტყვიან, როცა იესოს იხილავენ. მათ ხომ მცირედი წარმოდგენაც არ აქვთ იმის შესახებ, რომ სამარხი ცარიელია და არც ეიმედებათ, რომ სამარხს ცარიელს ნახავენ.

ალბათ, მცირეოდენ კიდეც გაკრთა ეს იმედი მათ გულში, მაგრამ ახლა აღარ. მეტისმეტად გვიანია სასწაულთათვის. უმოძრაო ფეხები, რომლებიც, ერთ დროს, წყალზე დადიოდა, ოდესღაც მკურნალი ხელები, ახლა გაუნძრევლადაა. ვნების პარასკევი, მისი კეთილშობილი განზრახვანი ჯვარს მიალურსმეს! ორივე მარიამი მივიდა იქ იმისათვის, რომ „თბილი არომატები ეცხოთ“ ცივი სხეულისათვის და უკანასკნელად გამომშვიდობებოდნენ იმ ერთადერთს, ვინც მათ იმედებს აზრი მისცა, მაგრამ ახლა იმედი როდი ეწევა ქალებს კლდეში გამოკვეთილი სამარხისკენ. მოვალეობა, ან, უფრო მეტად, ერთგულება, რომელიც არაფერს მოითხოვს სანაცვლოდ. ან არადა, რის მოცემა შეუძლია იესოს ახლა? რის შემოთავაზებას შეძლებდა მკვდარი? ორი ქალი მთაზე ადის არა იმისათვის, რომ მიიღოს, არამედ იმისათვის, რომ გაიღოს და არ არსებობს ამაზე უფრო კეთილშობილი სურვილი. ესაა და ეს.

ჩვენთვისაც დგება ჟამი, როცა უპასუხოდ უნდა გვიყვარდეს. ჟამი, რომელიც მოითხოვს ფულის გაღებას, თანაც ისე, რომ არ მოველოდეთ მადლიერებას; ჟამი, რომელიც მოგვიწოდებს ვაპატიოთ მათ, ვინც ჩვენ არ გვპატიობს; ჟამი, რომელიც გვავალდებულებს, მივიდეთ დილით ადრე და დავრჩეთ გვიანობამდე, როცა სხვები არ მოვლენ. მსახურება, ნაკარნახევი მოვალეობის მიერ, ქრისტეს კვალდაკვალ სიარულის მოვალეობის მიერ. ორივე მარიამმა იცოდა, რომ საქმე უნდა გაკეთებულიყო − იესოს სხეული უნდა მომზადებულიყო დასამარხად. პეტრეს ვერ დაუძახებდნენ დასახმარებლად. ანდრიამაც არ გამოთქვა სურვილი. არც ცოდვამიტევებულნი, არც განკურნებულნი არსად ჩანდნენ და ამიტომაც გადაწყვიტა ორმა მარიამმა ყველაფრის თავად გაკეთება.

საინტერესოა, სამარხისკენ მიმავალ ქალებს შუა გზაზე რომ შეეცვალათ აზრი? რა იქნებოდა, ერთმანეთისთვის რომ შეეხედათ, მხრები აეჩეჩათ და ეთქვათ: „რისთვისაა ეს საჭირო?“ რა იქნებოდა, ყველაფერი რომ მიეტოვებინათ, ერთ-ერთი კი ხელების მტვრევას მოჰყოლოდა და აქვითინებულიყო: „მე რატომ უნდა მეხებოდეს ყველა საქმის გაკეთება, მე ხომ ასე ძალიან დავიღალე. დაე, ანდრიამ გააკეთოს თუნდაც მცირედი, მრავალფეროვნებისთვის მაინც. დაე, ნათანაელმა იმოქმედოს.“ იდგნენ თუ არა ისინი ასეთ ცდუნებათა წინაშე, არ ვიცი, მაგრამ მე მიხარია, რომ ისინი არ შეჩერდნენ.

სხვანაირად ყველაფერი ტრაგიკულად იქნებოდა. იცით, ჩვენ ვიცით ის, რაც მათთვის მაშინ უცნობი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ზეციერი მამა აკვირდებოდა მათ. ორივე ფიქრობდა, რომ ისინი მარტონი იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ იყო. ისინი ვარაუდობდნენ, რომ სამარხთან მათი მისვლა შეუმჩნეველი დარჩებოდა. ისინი ცდებოდნენ. უფალმა იცოდა. ის ხედავდა, როგორ მიდიოდნენ ისინი მთაში. ის ზომავდა მათ ყოველ ნაბიჯს. მათ გულში არსებული შიში ღიმილს ჰგვრიდა ღმერთს, ხოლო მათი ერთგულებით გულაჩუყებული გახლდათ. უფალი ელოდა მათ და სიურპრიზიც მოუმზადა.

(ახლა ყურადღებით წაიკითხეთ. დღეს მე პირველად მივაქციე ყურადღება სწორედ ამას).
„ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და მეორე მარიამიც, სამარხის სანახავად. და აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა. სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი – სპეტაკი, როგორც თოვლი. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემსგავსნენ.“

რატომ გადააგორა ანგელოზმა ლოდი? ვისთვის გააკეთა მან ეს? იესოსთვის? მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი და საშინლად მიხაროდა, რომ ანგელოზმა გადააგორა ლოდი, რათა იესოს შესძლებოდა გამოსვლა, მაგრამ განა იესოსთვის ლოდის გადაგორება საჭირო იყო? განა ღმერთს დახმარება სჭირდება? განა სიკვდილზე გამარჯვებული იმდენად სუსტია, რომ ლოდის გადაგორება არ ძალუძს? („ეი, მანდ ვინ ხართ, მომეხმარეთ ლოდის გადაგორებაში?“). სულაც არა. ტექსტის მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იესო სამარხში უკვე აღარ იყო, როცა ლოდი გადააგორეს. სახარებებში არსად წერია, რომ ანგელოზმა ლოდი იესოსთვის გადააგორა. მაშ, ვისთვის იყო ეს?

ყური დაუგდეთ, რას ამბობს ანგელოზი: „მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა.“ (მუხლი მე-6). ლოდი იესოსთვის კი არ გადააგორა ანგელოზმა, არამედ ქალებისთვის; არა იმისათვის, რომ იესო გამოსულიყო, არამედ იმისათვის, რომ ქალები შესულიყვნენ შიგნით! მაშინ ერთი მარიამი უყურებს მეორე მარიამს და მის სახეზე იგივე ღიმილი ჩნდება, როგორიც მაშინ, როცა კალათებიდან იღებდნენ და იღებდნენ პურსა და თევზს. უწინდელი სიყვარული ცოცხლდება. უცებ აღმოჩნდება, რომ ისევ შეიძლება ოცნება.

„დაუყოვნებლივ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას.“ (მუხლი მე-7). ორჯერ თქმა მათთვის არ არის საჭირო. ისინი ტრიალდებიან და სირბილით მიეშურებიან ქალაქისკენ. სიბნელე განქარდა. მზე ამოვიდა. ღვთის ძე სამარხში აღარ არის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მათ კიდევ ერთი მოულოდნელობა ელით.

„და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: ‘გიხაროდეთ!’ ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. მაშინ უთხრა მათ იესომ: ‘ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ.’“ (მუხლი 9,10). მოულოდნელობათა ოსტატი კიდევ ერთხელ იძლევა გაოცების მიზეზს. ის თითქოს ამბობს: „არ შემიძლია მეტის მოცდა. მათ იმდენი გაიარეს გალილეამდე, რომ მე ვეხილე; აუცილებლად, შევხვდები.“

ასეთ სასწაულებს ახდენს უფალი მათთვის, ვინც რწმენითაა აღსავსე. სარასავით მოხუციც კი შეძლებს ბავშვის შობას. დავითს აპატიებენ მაშინაც კი, როცა მისი დანაშაული მეტისმეტად აღემატება პატიებას და თუ ორივე მარიამისთვის გზა მეტისმეტად ბნელია, გამოჩნდება სპეტაკი სამოსელით შემოსილი ანგელოზი და მათ წინაშე წარდგება მხსნელი და ქალებიც უკვე აღარ იქნებიან ისეთნი, როგორნიც იყვნენ უწინ.

რა არის მეცნიერება? სულ რაღაც სამ სიტყვაში. ნუ ჩამოუშვებთ ხელებს. ცხოვრება შავ-ბნელია? ნუ დანებდებით. გზა გრძელია? განაგრძეთ სვლა. ღამე ბნელია? ნუ შეგეშინდებათ. უფალი თვალს გადევნებთ. საიდან უნდა იცოდეთ, რომ სწორედ ამ დროს ის თავის ანგელოზს უბრძანებს ლოდის გადაგორებას სამარხიდან. საიდან უნდა იცოდეთ, რომ, შესაძლოა, დახმარება უკვე გზაშია. შესაძლოა, ის, ვინც გული გატკინათ, უკვე მზადაა პატიების სათხოვნელად. შესაძლოა, უკვე არის სამუშაო თქვენთვის. ნუ დანებდებით, სხვაგვარად, ლოცვა შეიძლება უპასუხოდ დარჩეს.

უფალი დღესაც გზავნის ანგელოზს და ის კვლავ გადააგორებს ლოდს სამარხიდან.

მაქს ლუკადო (Max Lucado)

ჩატვირთვა...