სიყვარულის ჯაჭვი

310

ერთ საღამოს კაცი სახლში ბრუნდებოდა. ამ პატარა ქალაქში ყველაფერი ისევე ნელა მიდიოდა, როგორც მისი მოძველებული “პონტიაკი”, თუმცა ის არ აპირებდა ამ მიდამოების დატოვებას და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას. საწარმოს დახურვის შემდეგ უმუშევრად იყო დარჩენილი.

ეს უდაბური გზა გახლდათ. ხალხი თითქმის არ დადიოდა. თითქმის ყველა მეგობარი წავიდ-წამოვიდა. მათ უნდა ერჩინათ თავიანთი ოჯახები, მიეღწიათ დასახული მიზნებისათვის… ის კი დარჩა.

ბოლოს და ბოლოს, ეს იყო ადგილი, სადაც მან თავისი დედ-მამა დაასაფლავა. ის აქ დაიბადა და კარგად იცნობდა ამ ქალაქს.

მას შეეძლო თვალდახუჭული დაშვებულიყო ამ გზაზე და ეთქვა, თუ რა მდებარეობდა გზის აქეთ-იქით. ბინდდებოდა, ციდან თოვლის ქათქათა ფანტელები ეშვებოდა.

უეცრად მან მოხუცი ქალბატონი შენიშნა, რომელიც გზის მეორე მხარეს იჯდა. მან მოახლოებული ბინდის მკრთალ სინათლეშიც კი შეამჩნია, რომ ქალს დახმარება სჭირდებოდა. კაცმა თავისი მანქანა ქალბატონის “მერსედესის” წინ გააჩერა და გადმოვიდა.

ქალი იღიმებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აშკარა იყო მისი შეშფოთება. უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში არავის გაუჩერებია მანქანა მის დასახმარებლად. რაიმე რომ დაეშავებინა ქალისთვის? მისი გარეგნობა ნდობას არ იწვევდა. ღარიბულად იყო ჩაცმული და დაღლილი მზერა ჰქონდა. ქალს შეეშინდა. კაცმა კი წარმოიდგინა, რას გრძნობდა ამ დროს მოხუცი ქალი და ჰკითხა:

„მე აქ იმისათვის ვარ, რომ დაგეხმაროთ, მემ. რატომ არ იცდით მანქანაში? იქ უფრო თბილად იქნებოდით. მე ჯოი მქვია.“

როგორც გაირკვა, მანქანის საბურავი დაშვებულიყო. ჯოიმ ხელები იტკინა, მაგრამ დასვრილი და დაშავებული ხელებითაც კი მაინც შეძლო საბურავის გამოცვლა. ქალმა უამბო ჯოის, რომ სხვა ქალაქში ცხოვრობდა და აქ მხოლოდ გავლით იყო. ის წარმოუდგენლად მადლიერი იყო ჯოის მიერ გაწეული დახმარებისთვის. მის სიტყვებზე პასუხად ჯოიმ გაუღიმა და საბარგული დახურა.

ქალბატონმა ჰკითხა, რამდენი უნდა გადაეხადა მისთვის. მზად იყო ნებისმიერი თანხის გადასახდელად, რადგან უკვე წარმოედგინა მთელი საშინელება, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა, ჯოი რომ არ გაჩერებულიყო მის დასახმარებლად. ჯოი არასოდეს დაფიქრებულა ფულზე ორჯერ. ის, რაც მან გააკეთა, სამუშაო არ იყო. უბრალოდ სხვა ადამიანს დაეხმარა, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა ეს.

რამდენ ადამიანს გაუწვდია მისთვის დახმარების ხელი წარსულში. ჯოი ყოველთვის ასეთი შეხედულებებით ცხოვრობდა და სხვაგვარად არასოდეს იქცეოდა.

შემდეგ კი ქალს უთხრა, რომ თუ მას მართლაც სურდა მისთვის მადლობის გადახდა, მომავალში დახმარებოდა ყველას, ვისაც დახმარება დასჭირდებოდა. ბოლოს კი დასძინა:    „…და გამიხსენეთ.“

ჯოიმ დაიცადა, ვიდრე ქალბატონი დაიძრა და წავიდა თავისი მანქანით. ის დღე საკმაოდ მძიმე იყო მისთვის, მაგრამ ახლა სახლისკენ მიემართებოდა და თავს კარგად გრძნობდა.

მას შემდეგ, რაც ქალბატონმა რამდენიმე კოლომეტრი გაიარა, პატარა კაფე შენიშნა. მანქანა გააჩერა და შევიდა, რომ სახლში მისვლამდე წაეხემსა და გამთბარიყო. დაწესებულება ბნელი და უღიმღამო იყო.

მიმტანმა გოგონამ ქალბატონს სუფთა პირსახოცი მიუტანა სველი თმის შესაშრობად. გოგონა ნაზად და სათნოდ იღიმებოდა. ქალბატონმა შენიშნა, რომ ის, დაახლოებით, რვა თვის ფეხმძიმე იქნებოდა, მაგრამ მაინც მონდომებით მუშაობდა. ქალბატონი გაოცდა, იფიქრა, ასეთი მცირე შემოსავლის მქონე ადამიანს როგორ შეეძლო ასეთ გულისხმიერების გამოჩენა უცხო ადამიანის მიმართ. შემდეგ კი ჯოი გაახსენდა.

მოხუცმა ქალმა ივახშმა და მიმტანს მსხვილი კუპიურა გაუწოდა და სანამ ახალგაზრდა ქალი ხურდას დაუბრუნებდა, სტუმარი შეუმჩნევლად გავიდა კარში. მიმტანმა ქალი ვეღარ იპოვა და მაგიდასთან დაბრუნებულმა ხელსაწმენდზე მოხუცი ქალის მიერ დატოვებული წარწერა შენიშნა.

„თქვენ ჩემი არაფერი გმართებთ. ერთხელ მეც მსგავს მდგომარეობაში ვიყავი და ერთი ადამიანი ძალიან დამეხმარა. ახლა ჩემი ჯერია, რომ დაგეხმაროთ, ხოლო თუ თქვენ მადლობის გადახდა გსურთ, აი, ეს გააკეთეთ: არ დაუშვათ, რომ გაწყდეს სიყვარულის ჯაჭვი.“

მიმტანს მაგიდები უნდა გაეწმინდა, შეევსო საშაქრეები, მაგრამ მან მეორე დღისთვის გადადო ეს ყველაფერი. წავიდა სახლში, დაწვა და ფიქრობდა ფულსა და ქალბატონის მიერ დატოვებულ ჩანაწერზე. საიდან იცოდა იმ ქალმა, როგორ სჭირდებოდა ფული ამ ახლად შექმნილ ოჯახს? ბავშვის დაბადების შემდეგ უფრო რთული იქნებოდა თავის გატანა. ახალგაზრდა ქალმა იცოდა, როგორ დარდობდა თავისი ქმარი, რომელსაც გვერდით ეძინა. ქალმა ნაზად აკოცა ქმარს და ალერსიანად წაიჩურჩულა:

„ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხარ, ჯოი.“

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

წყარო:

ჩატვირთვა...