სულ რაღაც ერთი წუთი

326

ყველაფერი ერთ წუთში მოხდა, ყველაზე ღირსშესანიშნავ წუთში.

წუთები ერთმანეთს მისდევდა და ეს ერთი წუთი არაფრით განსხვავდებოდა სხვა წუთებისაგან. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, აგვეღო ეს ერთი წუთი დროის მდინარებიდან და შეგვემოწმებინა ის, სწორედ ისეთი იქნებოდა, როგორიც დანარჩენი წუთები, რომლებიც ამ სიტყვების კითხვისას გავიდა. ეს წუთი მოვიდა და წავიდა. მას წინ უძღოდნენ და შემდეგ მოჰყვებოდნენ მისივე მსგავსი წუთები. ეს იყო ერთ-ერთი იმ ურიცხვ წუთთაგან, რომლებიც დროს ითვლიდნენ მას შემდეგ, რაც დროის აღრიცხვა გახდა შესაძლებელი.

თუმცა, სინამდვილეში, ეს წუთი არც ერთ სხვა წუთს არ ჰგავდა, რამეთუ დროის ამ მონაკვეთში განსაკუთრებული რამ მოხდა. ღმერთი იქცა კაცად და მაშინ, როცა დედამიწის მცხოვრებნი ისე დააბიჯებდნენ ქვეყნად, რომ არ უწყოდნენ ამის შესახებ, ღმერთი ჩამოვიდა მიწად. ზეცა გაიხსნა და ყველაზე ძვირფასი, ვინც ჰყავდა ზეცას, ქალის წიაღში მოათავსა.

იყო წუთი, როცა ყოვლისშემძლე ღმერთი ადამიანურ სხეულში მოვიდა. ის, ვინც იყო სული, განსხეულდა მოკვდავ სხეულში. ის, ვინც სამყაროს აღემატებოდა, ქალის საშოში ჩანასახად იქცა. და მან, ვისი სიტყვითაც დგას ქვეყნიერება, ირჩია – დამოკიდებული ყოფილიყო ყმაწვილი გოგონას ზრუნვაზე.

ღმერთი, როგორც მუცლად მყოფი ჩვილი. სიწმინდე − ქალის წიაღში მოთავსებული. სიცოცხლის შემოქმედი, რომელიც ახლა თავად უნდა შობილიყო.
ღმერთი მოვიდა ახლოს.

ის მოვიდა. მოვიდა არა როგორც სინათლის გაელვება, ან მიუწვდომელ სიმაღლეზე მდგომი დამპყრობელი, არამედ ისე, რომ მისი პირველი ტირილი ერთმა გლეხის გოგონამ და დურგალმა იოსებმა გაიგონეს. ხელები, რომლებსაც ეჭირა ჩვილი ღმერთი, მოუვლელი და ნაჯაფარი ხელები იყო.
არ იყო აბრეშუმი, არსად ჩანდა სპილოს ძვლისგან დამზადებული ნივთები. არ იყო არც ხმაური, არც ზეიმი და წვეულება.

მწყემსები რომ არა, არც არავინ მივიდოდა მის სანახავად. და რომ არა მოგვები, რომლებიც ცნობისმოყვარედ შეჰყურებდნენ ზეცას, არც საჩუქრებს მუძღვნიდა მას ვინმე.
ანგელოზები უყურებდნენ, როგორ უვლიდა მარიამი ღმერთს. სამყარო ინტერესით ადევნებდა თვალს ყოვლისშემძლე ღმერთს, როცა ის ფეხს იდგამდა და სიარულს სწავლობდა. ბავშვები მასთან ერთად თამაშობდნენ ქუჩაში. ნაზარეთში სინაგოგის მთავარი ყურს უგდებდა მის ქადაგებებს…

იესო, ალბათ, ავადაც ხდებოდა. შესაძლოა, მუხლებიც ნატკენი ჰქონდა ქუჩაში თამაშის გამო. ერთი რამ უდავოა: ის იყო სრულყოფილი ღმერთი და ამავდროულად, სრულყოფილი ადამიანი.
ოცდაცამეტი წლის განმავლობაში ის ყველაფერს იგრძნობდა, რაც შენ და მე ოდესმე გვიგრძნია. ის თავს სუსტად გრძნობდა. იღლებოდა. მას ეშინოდა მარცხის. სციოდა, შიოდა. ფეხები ეღლებოდა სიარულით და თავიც სტკიოდა. გულის ტკენასაც განიცდიდა.

იესოს შესახებ ამგვარად ფიქრი, მისი ასე წარმოდგენა, ასე ვთქვათ, თითქოს მის მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს, ასე არ არის? ასეთნაირი ფიქრი არ მოგვწონს, უხერხულია. გაცილებით ადვილია, რომ იესო ადამიანური თვისებების გარეშე წარმოვიდგინოთ. თითქოს იმ გომურის ირგვლივ, სადაც ქრისტე დაიბადა, არ იყო ნაკელი. თითქოს ოფლი არ ჩამოსდიოდა თვალებზე დაღლილს. თითქოს არასოდეს ამთქნარებდა, ხელ-პირს არ იბანდა, ან თითში ჩაქუჩი არასოდეს ჩაურტყამს. გვირჩევნია ჩვენს წარმოდგენაში ის დავტოვოთ როგორც ღვთიური, მიუწვდომელი და შორეული.

ნუ მოიქცევით ასე. ღვთის გულისათვის, არ გინდათ ასე. დაე, იყოს ის ადამიანი, როგორც ამას თავად განიზრახავდა. დაე, წარმოიდგინეთ ის ჩვენი წუთისოფლის ტალახსა და მტვერში და მხოლოდ მაშინ შეძლებს ის ჩვენს წამოყენებას ამ ტალახიდან და მტვრიდან, თუ მას აქ შემოვუშვებთ.
მოუსმინეთ მას.

„გიყვარდეთ თქვენი მოყვასი“, – თქვა კაცმა, რომელსაც სწორედ მოყვასნი უპირებდნენ მოკვლას.
სახარების გულისათვის ოჯახის მიტოვებისკენ მოწოდება გამოაცხადა მან, ვინც თავად აკოცა დედას გამომშვიდობების ნიშნად კარის ზღურბლთან მდგარმა.

„ილოცეთ თქვენს მდევნელთათვის“, – წარმოთქვეს ბაგეებმა, რომლებიც მალე უფალს შეევედრებოდნენ პატიებას საკუთარ მკვლელთათვის.

„მე თქვენთან ვარ მუდამ“ − ეს სიტყვები იმ ღმერთს ეკუთვნის, რომელმაც ერთ წამში შეუძლებელი შეძლო, რათა ყველაფერი შესაძლებელი ყოფილიყო შენთვის და ჩემთვის.

ეს ყველაფერი წუთში მოხდა. ერთ წუთში… ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ წუთში. სიტყვა იქმნა ხორცი.
იქნება კიდევ სხვა წუთი. ქვეყნიერება იხილავს სხვა მყისიერ გარდაქმნას. ადამიანად ქცევით, ღმერთმა შესაძლებელი გახადა ადამიანთათვის თავისი ხილვა. როცა იესო შინ წავიდა, მან კარი ღია დატოვა. შედეგად, ჩვენ „შევიცვლებით ერთ წუთში, თვალის დახამხამებაში.“

გარდაქმნის პირველმა წუთმა შეუმჩნევლად ჩაიარა ქვეყნიერებისათვის, მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ მეორე ასეთი წუთი არ ჩაივლის შეუმჩნევლად. მაშინ, როცა იტყვით ფრაზას „სულ რაღაც ერთი წუთი“, გახსოვდეთ, რომ სულ ერთი წუთი დასჭირდება ამ ქვეყნიერების შეცვლას.

მაქს ლუკადო.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...