ნავიგაცია
ახალი ამბები
სწყუროდა ჯვარცმულ ქრისტეს…

სწყუროდა ჯვარცმულ ქრისტეს…

თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრულს გვესმის მწყურვალე კაცის ხმა. წყურვილისა და ნაგემები ძმრის მეშვეობით ის გეუბნება:

„შეგიძლია მენდო.“

იესო. დახეთქილი ბაგეები და გამშრალი პირი. გამომშრალი ყელი, ყლაპვაც რომ არ შეუძლია. ხმა, ისე ჩახლეჩილი, რომ ძლივსღა წარმოთქვამს სიტყვებს. მას სწყურია. ბოლოს სითხე ამ ბაგეებს მაშინ შეეხო, როცა ზემოთვალში მოწაფეებთან ერთად ჭამდა პასექს. მას შემდეგ იესო სცემეს, აფურთხეს, გაამათრახეს და დაამცირეს. მან ჯვარი და ცოდვები ზიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში წვეთი სითხე არ მიჰკარებია მის ბაგეთ და ყელს. მას სწყურია.

რატომ არაფერი მოიმოქმედა მან, რადგან სწყუროდა? არ შეეძლო? განა მან არ აქცია წყალი ღვინოდ? განა მან არ გაყო მდინარე იორდანე და მეწამული ზღვა ორად არ გააპო? განა მან, ერთი სიტყვით არ დააწყნარა ქარიშხალი? განა წმინდა წერილი არ ამბობს, რომ ის „გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად“ (ფსალმუნი 106:35) და „კაჟს წყაროს წყლად“ (ფსალმუნი 113:8)?

თუ ასეა, რატომ იტანდა იესო წყურვილს?

ამ კითხვასთან ერთად სხვა კითხვებიც დავსვათ. რატომ დაიღალა ის სამარიაში (იოანე 2:15), რატომ შეშფოთდა ნაზარეთში ყოფნისას (მარკოზი 6:6) და რატომ გაბრაზდა ტაძარში (იოანე 2:15)? რატომ ჩაეძინა ნავში გალილეის ზღვის გადაცურვისას (მარკოზი 4:38), რატომ დამწუხრდა ლაზარეს სამარხთან მისული (იოანე 11:35) და რატომ მოშივდა უდაბნოში (მათე 4:2)?

რატომ? რატომ მოსწყურდა მას ჯვარზე?

ის არ იყო ვალდებული, რომ წყურვილი აეტანა. ყოველ შემთხვევაში, ასე მაინც არ უნდა დატანჯულიყო წყურვილით. ექვსი საათით ადრე მას შესთავაზეს დაელია, მაგრამ უარი თქვა.

მათ იესო მიიყვანეს ადგილზე, რომელსაც გოლგოთა ეწოდებოდა (რაც „თხემის ადგილს“ ნიშნავს). შემდეგ კი მურნარევი ღვინო მიაწოდეს, მაგრამ მან არ დალია. შემდეგ ჯვარს აცვეს. წილისყრით გაიყვეს მისი სამოსელი (მარკოზი 15:22–24).

სანამ ჯვარს მიალურსმებდნენ, მას ღვინო შესთავაზეს. მარკოზი ამბობს, რომ ეს იყო მურნარევი ღვინო, მათე კი ნაღველნარევი ღვინის შესახებ გვეუბნება. მურიც და ნაღველიც შეიცავს დამამშვიდებელ საშუალებას, რაც ახშობს გრძნობებს, მაგრამ იესომ უარი თქვა. მან უარი თქვა იმაზე, რომ გაბრუებულიყო ამ საშუალებით და ნაცვლად ამისა არჩია, რომ სრულად შეეგრძნო ტანჯვის მთელი სიმძაფრე.

რატომ? რატომ აიტანა მან ყველა მტკივნეული შეგრძნება? იმიტომ, რომ მან იცოდა, შენც მოგიწევდა ტანჯვისა და ტკივილის ატანა.

მან იცოდა, რომ დაიღლებოდი, შეშფოთდებოდი და გაბრაზდებოდი. იცოდა, რომ შენც მოგერეოდა ძილი, დამწუხრდებოდი, შენც მოგშივდებოდა. მან იცოდა, რომ იგრძნობდი ტკივილს. ხორციელ ტკივილს თუ არა, სულიერ ტკივილს მაინც. ტკივილს, რომელსაც ვერავითარი ნარკოტიკი და გამაბრუებელი საშუალება ვერ ჩაახშობდა. მან იცოდა, რომ შენც მოგწყურდებოდა. წყალი თუ არა, ჭეშმარიტება მაინც და ჭეშმარიტებას კი მწყურვალე ქრისტეს მეშვეობით დავინახავთ. მას ესმის შენი.

და რადგანაც მას ესმის, შეგვიძლია მივიდეთ მასთან…

მაქს ლუკადო

წყარო