ქრისტეს და იუდას სახეები – ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა”

689

ერთ-ერთი მონასტრის სატრაპეზოში „საიდუმლო სერობის“ ფრესკის წერისას ლეონარდო და ვინჩი საათობით დაეხეტებოდა მილანის ქუჩებში და გამვლელთა სახეებს აკვირდებოდა.

ასე, ნატურიდან დაწერა ფერმწერმა ბართლომეს, იაკობის, ანდრიას, პეტრეს, იოანეს, თომას, ფილიპეს, მათეს, იაკობ ალფესის, თადეოზისა და სიმონ კანანელის სახეები, მაგრამ ვერაფრით პოულობდა ნატურებს ქრისტეს და იუდა ისკარიოტელის გამოსახულებებისთვის.

ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ლეონარდომ დაინახა ქრისტეს სრულყოფილი გამოხატულება საეკლესიო გუნდის ახალგაზრდა მგალობელში. მხატვარმა მგალობელი სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ესკიზი დახატა, რომლებზეც იესო თითქოს გაცოცხლებულიყო.

იუდას გამოსახულება კი ისევ დასახატი რჩებოდა.

სამი წლის განმავლობაში ეძებდა ლეონარდო შესაფერის ნატურას. აღარ მოიძებნებოდა მილანში ისეთი ადგილები, ჯურღმულები და მიტოვებული, მივარდნილი კუნჭულები, სადაც მხატვარი არ მისულა, თუმცა, ყოველივე უშედეგოდ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აჩქარებდნენ და ვინჩის, რათა დროულად დაესრულებინა ფრესკა.

ერთხელ მხატვარს ბედმა გაუღიმა. მან იპოვა ადამიანი, რომლის სახეც გამოდგებოდა იუდას სახის დასახატად. ბინძური და დაგლეჯილი ტანსაცმლით მთვრალი ეგდო არხში.

ლეონარდომ თავის დამხმარეებს სთხოვა, რომ ეს ადამიანი პირდაპირ მონასტერში მიეყვანათ, რადგან სახელოსნოში ეტიუდების დასახატად მას დრო აღარ ჰქონდა.

მხატვარი ფუნჯით ხატავდა ყველა მანკს, რომელიც ამ ახალგაზრდა, მაგრამ ნაადრევად დაბერებულ სახეს ეტყობოდა: საკუთარი თავის სიყვარულს, სიამაყეს, გაბოროტებას…

მაშინ, როდესაც ახალგაზრდა გამოფხიზლდა და გონს მოვიდა, დახედა ქრისტეს ფრესკას და ნაღვლიანი ხმით წარმოთქვა:

– მე ხომ ვიცი ეს სურათი!

– საიდან შეიძლება იცოდე ეს ნახატი? – ჰკითხა გაკვირვებულმა ლეონარდომ.

– სამი წლის წინ, როდესაც მე ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი ვიყავი და ცოდვა არ იყო ჩემს ცხოვრებაში, ერთი მხატვარი ჩემი სახის მიხედვით ქრისტეს გამოსახულებას ხატავდა…

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

წყარო:

ჩატვირთვა...