“შობის დილა” (საშობაო მოთხრობა)

401

პავლეს მოულოდნელად გაეღვიძა და ძილი საერთოდ აღარ მიეკარა. ოთხი საათი იყო – ის დრო, როდესაც მამა ყოველთვის აღვიძებდა მას და სთხოვდა, ძროხების მოწველაში დახმარებოდა. უცნაურია, როგორ გახსენებს ხოლმე თავს ბავშვური ჩვევები!

ეს ხდებოდა ორმოცდაათი წლის წინ, უკვე ოცდაათი წელია, რაც მამა გარდაცვლილია, პავლე კი ისევ დილის ოთხ საათზე იღვიძებს. იგი მიეჩვია მეორე გვერდზე გადაბრუნებას და ძილის გაგრძელებას, მაგრამ დღეს მას არც უცდია დაძინება, რადგანაც შობის დილა იყო.

ფიქრებში იგი წარსულში დაბრუნდა (ბოლო დროს ადვილად ახერხებდა ამას), იმ დროში, როდესაც თხუთმეტი წლის იყო და მამასთან ერთად ცხოვრობდა ფერმაში. მას უყვარდა მამა, მაგრამ არ იცოდა, მამასაც თუ უყვარდა იგი, სანამ ერთხელ, შობამდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევით არ მოისმინა მისი საუბარი დედასთან.

„მე საშინლად არ მიყვარს პავლეს გაღვიძება დილაობით. იგი ისე სწრაფად იზრდება და კარგად გამოძინება სჭირდება. შენ რომ ხედავდე, როგორ სძინავს, როცა მის გასაღვიძებლად შევდივარ ხოლმე! ეჰ, მე რომ მარტოს შემეძლოს ამ სამუშაოსთან გამკლავება!“

„კი, მაგრამ სერგო, შენ ხომ არ შეგიძლია!“ – დედას ხმა დაეძაბა. – „თანაც, ის ხომ უკვე ბავშვი აღარ არის. დრო დადგა, რომ მანაც მიხედოს საქმეს.“

„დიახ,“ – თქვა მამამ, – „მაგრამ მაინც არ მიყვარს მისი გაღვიძება.“

პავლემ რომ ეს სიტყვები გაიგონა, რაღაც ძვრა მოხდა მასში: მამას ის არასოდეს უფიქრია. ამ მამაშვილობას იგი აღიქვამდა როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. არც დედას და არც მამას არასოდეს ულაპარაკიათ ბავშვებისადმი საკუთარი სიყვარულის შესახებ – უბრალოდ მათ ამისათვის დრო არ ჰქონდათ.

ფერმაში ყოველთვის უამრავი საქმე იყო.

პავლემ როცა გაიგო, რომ მამას უყვარდა, გადაწყვიტა დილაობით პირველივე დაძახებაზე ამდგარიყო ხოლმე. ახლა იგი დგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეძინებოდა,
იცვამდა ტანსაცმელს და მამასთან მიდიოდა, თუმცა კი ჯერ ისევ ეხუჭებოდა თვალები.
იმ წელს, როდესაც თხუთმეტის იყო, შობის წინა ღამეს, ცოტა ხანს საწოლში იწვა და მეორე დღეზე ფიქრობდა. ისინი ღარიბულად ცხოვრობდნენ და დღესასწაულის მთელი სიხარული შემოიფარგლებოდა მათ მიერვე გაზრდილი ინდაურით და დედის მიერ მომზადებული
ნამცხვრის მირთმევით. პავლეს დები საჩუქრებს კერავდნენ, დედა და მამა კი რაიმე საჭირო
ნივთს ყიდულობდნენ ხოლმე. აუცილებელი არ იყო, რომ ეს მაინცდამაინც თბილი ქურთუკი ყოფილიყო, სხვა რამეც შეიძლებოდა, წიგნი, მაგალითად. პავლეც აგროვებდა ცოტ-ცოტას და ყველას ყიდულობდა ხოლმე საჩუქრებს.

ამ შობადღეს მან გადაწყვიტა მამასთვის უკეთესი საჩუქარი მოემზადებინა. მაღაზიაში შევიდა, როგორც ყოველთვის, და მისთვის ჰალსტუხი იყიდა. აქამდე ეგონა, რომ ეს კარგი საჩუქარი იყო, სანამ შობის წინა საღამოს ამის შესახებ არ დაფიქრდა. მას უნდოდა მშობლების საუბარი უფრო ადრე მოესმინა, რომ უფრო ბევრი დრო ჰქონოდა ფულის მოგროვებისა და ჰალსტუხზე უკეთესი საჩუქრის შეძენისათვის.

წამოწოლილი იყო, ხელებზე თავი დაეყრდნო და თავისი ოთახის ფანჯრიდან იყურებოდა. ვარსკვლავები ისე კაშკაშებდა, რომ პავლეს არ ახსოვდა, აქამდე ენახა თუ არა ასეთი კაშკაშა ვარსკვლავები. ერთ-ერთი მათგანი ისეთი ნათელი იყო, რომ ბიჭმა გაიფიქრა, ნეტავ, ბეთლემის ვარსკვლავი ხომ არ არისო.

„მამა, რა არის გომური?“ – შეეკითხა მამას ერთხელ, როცა პატარა ბიჭი იყო.

„ეს უბრალოდ ბოსელია,“ – უპასუხა მაშინ მამამ, – „ისეთივე, როგორიც ჩვენ გვაქვს.“

რატომღაც ახლა გაახსენდა პავლეს ეს საუბარი. ესე იგი, გამოდის, რომ იესო ბოსელში დაიბადა და იქ მივიდნენ მწყემსები და ალბათ, მოგვებიც, და მიუტანეს საშობაო საჩუქრები!
უცებ რაღაც აზრმა გაუელვა თავში. ხომ შეიძლებოდა, რომ სწორედ ბოსელში დაეხვედრებინა განსაკუთრებული საჩუქარი მამისთვის?

მას შეეძლო, ადრე ამდგარიყო, ოთხ საათამდე, შესულიყო გომურში და მოეწველა ძროხები.
ყველაფერს თვითონ გააკეთებს, მოწველის, დაალაგებს და როცა მამა მოსაწველად მოვა, დაინახავს, რომ ყველაფერი უკვე გაკეთებულია, და ისიც ეცოდინება, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. სამს თხუთმეტი აკლდა, როცა პავლე ადგა და ჩაიცვა. ჩუმად ჩაიპარა დაბლა, ცდილობდა, არ აეჭრაჭუნებინა ძველი კიბე და გარეთ გავიდა. დიდი, ოქროსფერი ვარსკვლავი თითქოს უფრო ქვემოთ ეკიდა, ბოსლის სახურავს მაღლა. მძინარე ძროხები მას გაოცებით უცქერდნენ.

„აბა, ჩემო კარგო ძროხებო,“ – ჩაიჩურჩულა მან. ძროხებმა მისი მოსვლა მშვიდად მიიღეს. მან თივა ყველა მათგანს დაუყარა და შემდეგ სათლი და დიდი ჭურჭლები მოიტანა რძისთვის.

არასოდეს მოუწველია ძროხები მარტოს, მაგრამ ყველაფერი მარტივად ეჩვენებოდა. არ წყვეტდა იმაზე ფიქრს, რომ მამისთვის სიურპრიზი უნდა მოეწყო. მამა მას გააღვიძებს და ეტყვის, რომ საქმეს შეუდგება თავად, სანამ პავლე ტანზე ჩაიცვამდეს. იგი გამოაღებს ფარდულის კარს, შემდეგ რძის დიდი ჭურჭლების მოსატანად გაეშურება. ჭურჭლები კი იქ არ დახვდება და ძებნას დაიწყებს და როდესაც იპოვის, ცარიელი კი არ დახვდება, არამედ რძით სავსე.

სამუშაო უფრო ადვილად მიდიოდა, ვიდრე ოდესმე. პირველად გრძნობდა, რომ ძროხების მოწველა მძიმე სამუშაო არ იყო მისთვის. ეს კიდევ რაღაც იყო: ეს იყო საჩუქარი მამისთვის, რომელსაც უყვარდა თავისი ბიჭი. პავლემ საქმე რომ დაასრულა, რძის ორივე ჭურჭელი სავსე იყო. თავსახური დააფარა და დადგა. მან სკამიც ისევ კართან მიდგა და რძის ახალი სათლი ჩამოკიდა. შემდეგ ფარდულიდან გამოვიდა და კარი გამოიხურა.

ოთახში რომ დაბრუნდა, საათს დახედა. მხოლოდ ერთი წუთი ჰქონდა, რომ ბნელ ოთახში მოესწრო ტანსაცმლის გახდა და ლოგინში შეძვრომა.

მან უკვე გაიგონა, რომ მამამ გაიღვიძა. თავი საბანში ჩარგო, რათა არავის გაეგონა მისი გახშირებული სუნთქვა.

კარი გაიღო.  „პავლე,“ – დაუძახა მამამ. – „უნდა ავდგეთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შობაა.“

„ა-ა-ა-კაარგი,“ – თქვა მთქნარებით, ისევე, როგორც ადრე.

„მე წავალ, დავიწყებ,“ – თქვა მამამ. 

კარი დაიხურა, ის კი ჩუმად იწვა და ეღიმებოდა. რამდენიმე წუთში მამა ყველაფერს გაიგებს. აღელვებული გული გამალებით უძგერდა და ლამის საგულედან ამომხტარიყო.

წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა – ათი, თხუთმეტი, ოცი… არც იცოდა, რამდენი ხანი გავიდა. ბოლოს, მამის ნაბიჯების ხმა გაიგონა. კარი გაიღო, პავლე მშვიდად იწვა.

„პავლე!“

„დიახ, მამა.“

მამა იცინოდა.

„ეს ჩემთვის გააკეთე?“ – მამა მასთან მივიდა და საბანი გადახადა.

„შობას გილოცავ, მამა!“

მან შვილი გულში ჩაიკრა. ბიჭმა იგრძნო მამის ჩახუტება, თუმცა კი სიბნელის გამო ერთმანეთის სახეებს ვერ ხედავდნენ.

„გმადლობ, შვილო! არავის გაუკეთებია ჩემთვის ასეთი შესანიშნავი რამ…“

„მამა, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძალიან მინდა კარგი ბიჭი ვიყო!“

ეს სიტყვები თავისდა უნებურად თქვა.

არ იცოდა, რა ეთქვა. მისი გული სიყვარულით იყო სავსე.

„ასე რომ, ვფიქრობ, შემიძლია ცოტა კიდევ დავიძინო,“ – თქვა მამამ. – „არა! მიდი, შენი საჩუქარი მოძებნე. რა ხმაურია ეს? პატარებსაც გაუღვიძიათ.“

მალე მზე იმ ადგილას იდგა და ანათებდა, სადაც მანამდე ვარსკვლავი კაშკაშებდა. რა შესანიშნავი შობის დღე იყო! როგორ დაიმორცხვა და როგორ ამაყობდა პავლე, როცა მამამ ყველას უამბო, როგორ გაუმკლავდა პავლე მთელ სამუშაოს მარტოდმარტო.

„ეს ყველაზე მშვენიერი საჩუქარია, რაც კი ოდესმე შობის დღეს მიმიღია. ყოველ შობადღეს გავიხსენებ ამას, სანამ ცოცხალი ვიქნები.“

ორივეს ახსოვდა ეს. ახლა კი, როცა მამა გარდაიცვალა, თვითონ იხსენებს ხოლმე. იხსენებს იმ კურთხეულ დილას, როდესაც ფარდულში, მარტოდმარტომ, პირველად მიართვა მამას თავისი ნამდვილი სიყვარულის საჩუქარი.

პერლ ბაკი (Pearl Buck).

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...