ნავიგაცია
ახალი ამბები
არ დაგივიწყებ

არ დაგივიწყებ

არ დაგივიწყებ და არ დაგაგდებ,
ჩემო ქმნილებავ, არ მიგატოვებ.
მე გამოგსახე, მევე გიტვირთავ,
მე გამოგძერწე და ხელით გზიდავ.

შენს სიბერემდე იგივე ვარ მე,
შენს ჭაღარამდე უცვლელი ღმერთი.
ვიდრე მუცელში გამოგსახავდი
გამოგარჩიე შენ მთელ მოდგმაში,
და როგორც დედა ანუგეშებს ბავშვს,
ისე გცემ ნუგეშს გაჭირვებაში.

განა ივიწყებს ქალი თავის ჩვილს
და არ იბრალებს მუცლის ნაშიერს?!
მაგრამ მათაც რომ ზურგი აქციონ,
იცოდე, მე არ დაგივიწყებ შენ!

ხელისგულებზე მყავხარ სახული,
შენი კედლები მუდამ ჩემ წინ არს.
ცეცხლში გაივლი?! – არ დაიწვები,
მდინარეებში?! – არ წაგლეკავენ.

მომიხმობ შენ და მე პასუხს გაგცემ,
შემომღაღადებ, გეტყვი: „აქა ვარ“ .

მე დაგიფარავ და მევე გიხსნი,
მოგიფრთხილდები და გადაგარჩენ.
შენთან ვიქნები გაჭირვების დღეს,
მე გამოგიხსნი, მე გასახელებ…
და მოგიმზადებ დიდებულ ადგილს,
რჩეულთა შორის დაგიდებ ბინას.

რუსუდან შატაკიშვილი