და მოვა ის დღეც…

323

ლოცვად ქცეული ტკივილები მოსწყდება ბაგეს,
ქუჩის ხმაურში დაკარგული სიტყვები გათბობს…
მიდიხარ უგზოდ, სიმარტოვე აჩრდილად დაგდევს,
სიცარიელე სულში შავბნელ ლაბირინთს მოქსოვს…

მიდიხარ უგზოდ, უსასრულოდ და გტკივა, რომ ხარ,
უიმედობა ყელზე მოგხვევს გაყინულ თითებს,
ზიზღნარევ მზერით და დაცინვით გეწევა ბრბოს ხმა,
უემოციოდ, უგრძნობივით გაჰყვები ფიქრებს…

და როცა სულში სიმარტოვე ტკივილად მოთოვს,
შავეთის ველზე დაჩოქილი იხილავ ნათელს,
კისერთან გათბობს უხილავი იმედის სუნთქვა,
და ცდილობ, უფლის ნაფეხურებს ეკლებზეც გაჰყვე…

და მოვა ის დღე, დაცემული ადგები ფეხზე,
წარსულის სკივრში ამოქექილ ძონძებს გაიხდი,
უფლის იმედი შემოგახევს იმ გლოვის ძაძებს
და მოვა ის დღეც, გლოვის ველს რომ რწმენით გაივლი.

და მოვა ის დღეც… თავს რომ ასწევ ქუჩაში მაღლა,
პალმის რტოებზე გადაივლი, ბრბო რომ დაგიფენს…
ძარღვებს აავსებს საუკუნო სიცოცხლის ტალღა
და გული უფლის თანდასწრებას ვეღარ დაიტევს.

როცა იმედი შემოგახევს წარსულის ძაძებს,
როს ტკივილის და სიმარტოვის ძონძებს გაიხდი,
ხელი ჩასჭიდე იმ დღეს ქრისტეს ნალურსმევ ხელებს
და მოვა ის დღეც, გლოვის ველს რომ რწმენით გაივლი…

ნატალია ჩიქოვანი
ჩატვირთვა...