ვინა ვარ, ღმერთო…

102

ვინა ვარ, ღმერთო, მე შენ წინაშე,

არარაობა, მიწა და მტვერი,

რა უფლება მაქვს, შენი ტახტის წინ

ტაძარში ვიდგე…

რა უფლება მაქვს, თავი ავწიო გაბედულად,

მოგთხოვო რამე.

ვინა ვარ, ღმერთო,

ამაო არსება, უგულო, უტვინო,

სიცარიელე ავსებს ჩემს თვალებს…

ცოდვილი ფეხებით ვბილწავ საწმიდარს,

შესვლის შიში რომ ჰქონდათ მღვდელმთავართ ადრე.

ვინა ვარ, ღმერთო…

თიხის ნაგლეჯი…

დედამიწაზე მოსვლის წუთიდან მითვლიან წამებს…

ძვლებით და ხორცით შენივთული,

მტვრითა და მიწით მოზელილ ტალახს სიცოცხლეს მაძლევ…

რა უფლება მაქვს, შენს ტაძარში,

შენს ფერხთით ვიდგე…

მოჩვენებითად, თვალთმაქცურად ‘გადიდებდე,’

ხან ერთს, ხან მეორეს ვირგებდე ნიღბებს.

არარაობა, ამაო არსება,

სიცარიელე ავსებს ჩემს თვალებს.

რა უფლება მაქვს, ისე მოვიდე,

თითქოს მე შენგან ვიმსახურებდე რამეს.

თითქოს მოვალე იყო ჩემი,

თითქოს არ ვიყო ვალდებული,

რომ შენი მწამდეს.

ცოდვით შეურაცხგყოფ,

ყოველდღე გღალატობ,

ნელ-ნელა ვემსგავსები სულმდაბალ გამცემს.

ისევ ამაყენე,

ფეხზე დამაყენე…

ვინძლო ვიარო შენს ვიწრო გზაზე.

ვინა ვარ, ღმერთო,

რომ შემიბრალე,

რომ შემიყვარე,

მონანიების ცრემლი ავსებს ჩემს თვალებს.

 

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...