თუნდაც…

208

თუნდაც დაინგრეს ყველაფერი, ქვა ქვას არ შერჩეს,
თუნდაც ქარიშხლებს არ უჩანდეს კვლავაც სასრული…
ნალოლიავებ ბოლო იმედს მე შენზე დავდებ,
რადგან შენა ხარ დასაწყისი და დასასრული….

თუნდაც დაიქცეს ჩემ გარშემო მთელი სამყარო,
თუნდაც დავეცე, ან ვიცოდე, არ გათენდება,
თუნდაც სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ვითვლიდე,
თუ შენ ჩემთან ხარ, არაფერი გამიჭირდება…

როცა წვიმა და ქარიშხალი ღვარცოფად მოვა…
როცა წამლეკავს განსაცდელთა უტყვი ლაშქარი,
როცა ცხოვრება შეეცდება ჩემს დაჩოქებას,
მეცოდინება, რომ უფალი ცეცხლშიც აქ არის…

თუნდაც დავეცე, გლოვის სუნთქვას სულ ახლოს ვგრძნობდე,
თუნდაც ჩურჩულით მაბრუებდეს უიმედობა…
ყოვლისშემძლე ხარ! ნანგრევებსაც სასახლედ აქცევ,
შენ ხარ უფალი, ჩემი სული შენ მოგენდობა…

თუნდაც დაინგრეს ყველაფერი, ქვა ქვას არ შერჩეს,
თუნდაც ქარიშხლებს არ უჩანდეს კვლავაც სასრული…
ნალოლიავებ ბოლო იმედს მე შენზე დავდებ,
რადგან შენა ხარ დასაწყისი და დასასრული….

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...