ის დაიბადა…

163

ვარსკვლავთ წვიმაში დაიბადა ზამთრის ცივ ღამეს
მთვარე სისავსით ანათებდა მოგვების სავალს,
ანგელოზები უგალობდნენ მეფეთა მეფეს,
მწყემსებს ამცნობდნენ სიხარულით
ამ ახალ ამბავს…

ის დაიბადა და სოფელმა ვერ იცნო იგი,
რადგან მიჯნაა კაცისა და უფლის გზებს შორის,
ხრწნადი გვირგვინი რად უნდოდა მეფეთა მეფეს?!
როცა ცა ხურავს საბურველად ღმერთს ყველა ტომის.

ვარსკვლავთ წვიმაში დაიბადა ზამთრის ცივ ღამეს,
იწვა ბაგაში, ვისაც ჰქონდა გვირგვინი ყველა,
უბრალოება გარს აკრავდა მის მცინარ სახეს,
დიდებულებას ზეცას მისი ღიმილი სძენდა…

ცხებული იშვა და სოფელმა ვერ იცნო იგი,
რადგან არ ეპყრა ხელში სკიპტრა,
თავზე გვირგვინი,
რადგან არ ეცვა აბრეშუმი და ძოწეული,
რადგან არ ჰგავდა წარმოსახულ ხატებას იგი…

მხსნელი იშვა და სოფელმა ვერ იცნო იგი,
რა პატარა და რა ბნელია კაცის საზომი,
უფლისგან შექმნილ პატივდებულ არარაობას,
სურს შემოქმედი მოაქციოს
თავის ჩარჩოში!!!…

ღმერთი მოვიდა, ჩვენთვის იშვა,
გამოჩნდა ხორცში…
ყველა ქმნილება ლაპარაკობს მის დიდებაზე,
ვარსკვლავნი, ცანი თავს უხრიან
მის წმინდა სახელს,
ხელმწიფება აქვს ქარიშხლის და წყლის დინებაზე…

მესია იშვა, მონობიდან დაგვიხსნის ყველას,
ჩაგრულთ იმედი და ოცნება ასე ასრულდა,
უფალი იშვა, გიხაროდეთ, დამთავრდა ძრწოლა…
ქრისტე მოვიდა და წერილიც ასე აღსრულდა!

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...