მარადიული წამი

125

ღამით ფიქრებმა გამახოხეს შავბნელ უფსკრულთან
და დემონებმა თმით მათრიეს სისხლიან გზაზე,
მივხვდი, შეხვედრა მომელოდა რქიან ურჩხულთან
და დავინახე შემომჯდარი ცეცხლოვან ტახტზე.

სულის დამხუთველი სუნი მახრჩობდა და
დამპალი გვამების კვნესა მაყრუებდა,
ირგვლივ მდუღარე ქარი დაქროდა და
ტანჯულ გვამებს ზედ ცეცხლს აპკურებდა…

ბნელეთის სამეფოში ამაყად დავდექი და
მივხვდი, მე შევძლებდი ყველაფრის ატანას,
ქვესკნელის მბრძანებლის წინაშე წარვდექი და
თვალებში ჩავხედე მე თვით სატანას…

თვალებმა გამაოცა, ეს იყო სარკე
და მასში ვხედავდი ჩემს ცოდვილ ბუნებას,
ვხედავდი: ვიდექი ღმერთისგან ცალკე
და ვეღარ ვუძლებდი დაცემის ცდუნებას.

სატანა იცინოდა და მისი ბაგიდან
ძვრებოდნენ მატლები, მკბენდნენ და მტანჯავდნენ,
შემდეგ ყველაფერს იწყებდა თავიდან,
მაშველებს ვეძებდი, თუმცა იქ არ ჩანდნენ.

ყოველი წამი, უღმერთოდ დაკარგული,
სისხლიან ეკლად გულში მესობოდა,
ვიდექი ჯოჯოხეთში ტანჯული, დაჩაგრული,
დაჩოქვას ვაპირებდი, თვალებზე მეტყობოდა.

რაღაც უცნაური დაქროდა გულში,
შიში მატირებდა, შიში განაჩენის,
მაგრამ იმედი კვლავ მქონდა სულში,
იმედი დახსნის, ჩემი გადარჩენის…

ამ დროს დავინახე ქრისტეს ჯვარცმის სცენა,
ლურსმნებს ასობდნენ, სტკენდნენ, აწამებდნენ,
უკვე აეტანა გინება, ცემა,
ეკლის გვირგვინით ჯვარზე აწვალებდნენ…

და ამ დროს მივხვდი, მე აღარ მტკიოდა,
სატანა სიბრაზისგან წიოდა, კიოდა,
ჩემი ტკივილები იესოს სტკიოდა,
ყველაფერს მივხვდი, ცრემლები მდიოდა…

მწყემსმა იპოვა თავისი ცხვარი,
ირგვლივ ვიხილე ღმერთის სინათლე,
ჩემი ცოდვების არ ჩანდა კვალი,
გული გავაღე, ვნახე სიმართლე.

გულზე დამეწვეთა ქრისტეს წმინდა სისხლი
და დავინახე, ჯვარზე კვდებოდა…
აღარ მომშორდა დახსნაზე ფიქრი,
მივხვდი, ეს ჯვარცმა ჩემთვის ხდებოდა…

მე სატანის წინ ვაპირებდი მუხლზე დაცემას,
არ გამიმეტე მძიმე წამისთვის,
არ მოერიდე შვილის გაცემას,
მადლობელი ვარ, ღმერთო, ამისთვის…

ავტორი: თეონა მენაბდიშვილი

ჩატვირთვა...