მას, ვისაც არაფრის სწამდა….

123

რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ,
ძე მოგვეცა,
და უწოდებენ სახელად მრჩეველს,
საკვირველს,
მშვიდობის მთავარს…
ღმერთმა ბნელში მყოფ ხალხებს მოხედა…
იქნება ძალა მის მხრებზე,
იქნება იგი საუკუნო მამა.
რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ,
ძე მოგვეცა,
გამოსასყიდად მათდა,
ცოდვას ვინც ჰმონებდა.
ვხმობდი, ვეძიებდი იმას,
რისთვისაც ღირდა ცხოვრება,
ათას ბილიკზე გზადაბნეულს არაფრის მწამდა,
სული მოღრიალე ქარიშხლებში მწარედ გოდებდა.
წყვდიადი ბოგინობდა,
ჰორიზონტებზე არავინ ჩანდა…
რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ,
ძე მოგვეცა…
ცრემლებგამშრალი,
თვალებჩამქრალი,
დავეშვი მუხლებზე,
სულმა იფეთქა ლოცვებად…
ვერ შეგწვდებოდი, ღმერთო,
ვიცოდი,
შენ − ნათელს, ერთადერთს, მართალს…
გულიდან სინანულმა ნაკადად მოხეთქა…
უთენებ ღამეში მსურდა სინათლის ნახვა.
ისევ არაფერი ჩანდა…
რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ,
ძე მოგვეცა,
როცა აღარ ძალმიძდა სიცოცხლის მოთმენა.
უფალმა მომხედა
მას, ვისაც ამდენ ხანს უდაბნო კლავდა,
მას, ვისაც ამდენ ხანს არაფრის სწამდა…
რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ,
ძე მოგვეცა,
ათას ბილიკზე გზაარეულს ღმერთმა მომხედა…

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...