მე გაპატიე, შვილო, ცოდვები

118

ნუ გეშინია და ნუ მიფრთხები,
ნუღარ მისველებ კალთას ცრემლებით,
ცოდვების სასჯელს ნუღარ იხსენებ
და ნუღარ გოდებ: „მსჯავრი მომელის.“

მე გაპატიე, შვილო, ცოდვები,
წავშალე, როცა ჩემთან მოხვედი,
ნუთუ შემეძლო, არ განმეკურნა
შენი ტკივილი, ნაჭრილობევი.

ნუ გეშინია, არ გაგიხსენებ,
აღარ მოგკითხავ, მსჯავრს აღარ დაგდებ,
შენი ცრემლები – ჩემთვის ეკლები,
ისევ ხელახლა ჯვარს მე რომ მაცვამს,
მესობა გულში ძლიერად, მწარედ.

შეიშრე ცრემლი, შემიშრე კალთა,
ნუღარ ამწუხრებ შენს სულს დარდებით,
ნუ გეშინია, გეყოფა სევდა,
შენი მხსნელი ვარ, შენი მფარველი.

ახლა იხარე, მეც გავიხარებ,
ზეიმის ზარებს შემოვკრავ შენთვის,
რომ დამინახე და დამიძახე,
რომ შენს ყურს ესმა საქმენი ჩემნი.

ახლა გაგიწყობ დიდებულ სუფრას
და წაგიძღვები შენ წინ დიდებით,
რომ აღარ ჩაქრეს შენი ლამპარი
გასანათებლად ჩემი ბილიკის.

რუსუდან შატაკიშვილი

ჩატვირთვა...