მოდი და დასახლდი ჩემში სიმშვიდით

165

მოდი და დაიბადე ჩემს გულში სიმშვიდით,

უკვე აღარ ვიცი, როგორ გადავრჩე,

მოდი და დამიძახე, წამოგყვები,

ისედაც ძალიან დიდხანს ვიცდიდი.

მოდი და დასახლდი ჩემში სიმშვიდით,

სულში სისხლდენა შემიწყვიტე,

თითქოს სკალპელით მსერავს ტკივილი.

მოდი…

უკვე ათასჯერ მომკლეს ცოდვისთვის,

მთელი ცხოვრება ვალებს ვიხდიდი

ამ ნასესხები სიცოცხლისათვის.

ღმერთო, სული მეწვის ამდენი ტირილით,

თითქოს უნარკოზოდ მჭრიან სადღაც და

ვგრძნობ, ამ კოშმარში ბრალი მე მიმიძღვის.

მოდი და იშვი ჩემს გულში სიმშვიდით,

ცოდვის სანაგვეზე ვგდივარ ძველი ნივთივით.

საკუთარ თავსაც აღარ ვჭირდები,

მოდი და მიპოვე,

სიცოცხლე ჩამისხი ძარღვებში სისხლივით.

ღმერთო, შემომხედე!

ვარ აგონიაში,

სუნთქვებად ვიცლები,

მეწყება კონვულსია,

მოდი და დასახლდი შენი სიმშვიდით.

არ მინდა გამიწყდეს იმედი ფიქრივით,

არ მინდა გავქრე უკვალოდ ნისლივით,

მოდი და დამიძახე,

ხმამაღლა დამიძახე,

მე ახლა მესმის ჩემივე ყვირილი,

მაყრუებს ჩემივე ტკივილი.

რამდენჯერ, რამდენჯერ მომისროლეს უქმი ნივთივით…

სული გამითბე, ღმერთო,

მე ახლა ვეღარ ვგრძნობ ვერაფერს, გარდა სიცივის

მოდი და ჩამისხი ძარღვებში სიცოცხლე,

ქუჩის კუთხეში ვგდივარ და ვკვდები შიმშილით,

მგონია, ბევრჯერ ვიხილე პირისპირ სიკვდილი.

მოდი და დასახლდი ჩემში სიმშვიდით,

მოდი, მაპატიე,

ვიცი, რომ ბრალი მხოლოდ მე მიმიძღვის.

 

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...